"ელიტური ჭორების ეპიცენტრში ყოფნა უყვარს. მასში ღრმად არის გამჯდარი მაღალი წრის საზოგადოების სიყვარული და შეიძლება ითქვას, რომ რაღაც დოზით სნობიც არის. ყოველთვის იცის, რა უნდა, როგორი გზით მოიპოვოს მისთვის სასურველი რამ - თანამდებობა იქნება ეს თუ - ადამიანი", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები კურდღლის (კატის) წელში დაბადებულ ტყუპს, ეს კი მსახიობისა და ტელეწამყვანის, ეკა ამირეჯიბის ზოდიაქოს ნიშანია.
- პირადი ჰოროსკოპი არასდროს შემიდგენია. არც ასტროლოგთა ყოველდღიურ რჩევებს ვითვალისწინებ, მაგრამ ჩემი ნიშნის დახასიათება წაკითხული მაქვს და თამამად შემიძლია გითხრა, რომ ჩემს ხასიათს ბევრი რამ ემთხვევა: გადაწყვეტილების მიღების დროს ბევრი ფიქრი, ორჭოფობა მახასიათებს, ხასიათი დღეში რამდენჯერმე მეცვლება...
- ასტროლოგები კურდღლის (კატის) წელში დაბადებულ ადამიანებზე ამბობენ, - ქუდბედიანები არიანო.
- მართლა? ბედს ნამდვილად არ ვუჩივი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებით იღბლიანი ვარ. ცხოვრებაში მარტივად არაფრისთვის მიმიღწევია.
- "ის ყოველთვის თათებზე ეცემა".
- ვცდილობ, ეს დაცემა უმტკივნეულო იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ემოციური ვარ, რაც უნდა მტკიოდეს, ტრაგედიას არ ვქმნი.
- "თანდაყოლილი სიფრთხილე, ფინანსური ალღო და კომფორტის დიდი სიყვარული ახასიათებს".
- ზომიერად ფრთხილი ვარ. კომფორტი და კარგი ცხოვრება, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს. ჩემი აზრით, ადამიანის ხასიათზე მეტყველებს სახლი, რომელშიც ის ცხოვრობს. შეიძლება მდიდრულად ვერ მოაწყო, მაგრამ გემოვნება დეტალებში იგრძნობა. რაც შეეხება ფინანსურ ალღოს - ვფიქრობ, ჩემში ეს თვისებაც ზომიერად არის.
- "მატერიალისტია. სიღრმეებში ჩაძიება არ ახასიათებს, მშვიდად და მარტივად ცხოვრება ურჩევნია".
- მატერიალისტი ვარ თუ არა? - მეტ-ნაკლებად. მშვიდი ცხოვრება ნამდვილად არ მაქვს, ჩემი დღის რეჟიმი ქაოსურია. განტვირთვის საუკეთესო საშუალება კარგი მუსიკაა. ბოლო დროს ხმაურიან ადგილებს ვერიდები, კლუბებში იშვიათად დავდივარ. თავისუფალ დროს მირჩევნია, მეგობრების წრეში ან ქალაქგარეთ დავისვენო.
- "ელიტური ჭორების ეპიცენტრში ყოფნა უყვარს".
- ეს ტყუილია! სიმართლე გითხრა, არც ინტერვიუების მიცემა მიყვარს. შენამდე ბევრმა ჟურნალისტმა დამირეკა და ყველას უარი ვუთხარი. ამ ინტერვიუს რომ ნახავენ, გამინაწყენდებიან.
- "როცა სხვებზე ლაპარაკობს, ძალზე დახვეწილი და ფრთხილია".
- ადამიანების პირად ცხოვრებაზე არასდროს ვლაპარაკობ; ამით არც ვინტერესდები და ვერც ვიმახსოვრებ. ჭორაობა არ მიყვარს.
- "უყვარს სტუმრების გამასპინძლება, ლამაზი საღამოების ორგანიზება".
- სუფრების გაშლა და ალაგება ნამდვილად არ მიყვარს, მაგრამ ვიწრო წრეში, სასიამოვნო გარემოში საყვარელი ადამიანების მასპინძლობაზე უარი რატომ უნდა ვთქვა? ვერ ვიტან, როცა აქცენტი სმა-ჭამაზე კეთდება. შეიძლება საღამოში ისეთი შტრიხი შეიტანო, რაც ამ "პონტს" აზრს მისცემს. მაგალითად, მუსიკალურ ფონი.
- მეგობრები რით გაგიოცებია?
- ბოლო დროს მათთან ურთიერთობის დეფიციტი მაქვს. მგონი, მათ გასაოცებლად ჩემი დანახვაც საკმარისი იქნება (იცინის).
- "მასში ღრმად არის გამჯდარი მაღალი წრის საზოგადოების სიყვარული. შეიძლება ითქვას, რაღაც დოზით სნობიც არის".
- ტყუილია! გააჩნია, ვისთვის როგორია მაღალი წრის საზოგადოება. ჩემთვის "მაღალი წრე" არის კარგი ადამიანი, საინტერესოდ მოლაპარაკე, რომელიც უკმაყოფილო სახით არ დადის და რომელთან ერთადაც ცხოვრება ხალისიანია. კარგია, თუ ამ ყველაფერს ინტელექტიც ერთვის და შეგიძლია, მისგან რაღაც ისწავლო. სიმდიდრით, ბრენდული სამოსითა და სამკაულით ადამიანებს არასდროს ვაფასებ.
- "იშვიათად კარგავს წონასწორობას".
- სახლის გარეთ უფრო დაბალანსებული ვარ, შინ - ცოტათი უხასიათო. ბოლო დროს სულ მეძინება, ლაპარაკი მეზარება. არ მსიამოვნებს, როცა დედა რაიმეს მეკითხება. სამსახურში ისედაც ბევრი ლაპარაკი მიწევს და შინ ჩუმად ყოფნა მირჩევნია.
- "მას არ ახასიათებს აფექტური ქმედებები".
- ჯერ ისე არ გავგიჟებულვარ, რამე დამელეწოს. რაღაც მომენტში შეიძლება, ემოცია გამოვხატო, მაგრამ სკანდალი და ხმაურიანი გარჩევები არ მიყვარს.
- "ტყუპის ნიშნით დაბადებული კურდღელი (კატა) ყველაზე გაწონასწორებული ნიშანია კატისებრთა ოჯახიდან. მან ყოველთვის იცის, რა უნდა, როგორი გზით მოიპოვოს მისთვის სასურველი რამ - თანამდებობა იქნება ეს თუ ადამიანი".
- საწუწუნო არაფერი მაქვს, თუმცა თანამდებობაზე არასდროს მიმუშავია. რაც შეეხება "ადამიანის მოპოვებას", არც ეს გამჭირვებია. ისე კი, არ ვიცი, მე მოვიპოვე თუ მან მომიპოვა (იცინის), ეს ხომ რაღაცნაირად ხდება, ურთიერთობაში უხილავი ძაფები იბმება. რაც ბავშვობიდან მინდოდა, ყველაფერი მაქვს. მსახიობობაზე ვოცნებობდი და შესაბამის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ვითამაშე ფილმებში, ახლა სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" ვმონაწილეობ, რომლის გარეშე ცხოვრება ვეღარც წარმომიდგენია. ყველა ადამიანი, ვინც ამ სერიალზე მუშაობს: გამნათებლები, სცენარისტები, ვისაჟისტი, მსახიობები - ყველანი მიყვარს. პატარ-პატარა ოცნებები კიდევ მაქვს და იმედია, მომავალში ფრთები მათაც შეესხმება.
- სერიალში და რომ გამოგიცვალეს...
- (მაწყვეტინებს) არა მგონია, ეს ვინმესთვის სასიამოვნო ყოფილიყო. მეც და ნინო გაჩეჩილაძესაც რეალურ ცხოვრებაშიც გვყავს დები. ჩვენ ერთმანეთთან გაცილებით მეტ დროს ვატარებდით, ვიდრე საკუთარ დედმამიშვილებთან და ერთურთს მივეჩვიეთ კიდეც, მაგრამ რას ვიზამთ?.. კარგი იქნებოდა, კატოს როლის შემსრულებელი არ გამოეცვალათ.
- ლელა მებურიშვილი როგორი დაა?
- ჯერ მშვენივრად იქცევა და მერე ვნახოთ, რას იზამს. ისე, მე უფრო მეტად ვაბრაზებ - ამას მაყურებელი შემდეგ სერიებში ნახავს.
- საუბრის დასაწყისში მითხარი: ისეთი გაორებული ვარ, რომ მეცოდება ყველა ის ადამიანი, ვინც ჩემ გარშემო არისო.
- (იცინის) ხასიათი სწრაფად მეცვლება. ხშირად, ეს უმიზეზოდაც ხდება. ჰოდა, ახლობლებსაც სხვა რა გზა აქვთ? - მიტანენ! როგორც წესი, ჯოხი ყველაზე ახლობელ ადამიანებზე ტყდება; როცა იცი, რომ დედა ყოველთვის გაგიგებს, მასთან ძალიან პრეტენზიული და თავნება ხარ.
- "ტყუილების ლაპარაკი უყვარს".
- ზოგჯერ ძალიან მინდა და მჭირდება, ტყუილი ვთქვა, მაგრამ ვერ ვამბობ, ეს არ მეხერხება.
- "მასში ყოველთვის 2 ადამიანი ცხოვრობს. ხშირად იცვლის სამსახურს, გადაწყვეტილებებს, საცხოვრებელ ადგილსა და სანაცნობო წრესაც კი..."
- საცხოვრებელი ადგილი ორჯერ გამოვიცვალე, სანაცნობო წრეს კი ხშირად ნამდვილად არ ვიცვლი. საერთოდ, ადამიანებს ჩემამდე მარტივად არ ვუშვებ. ყველა თანამშრომელთან ვერ დავჯდები და ჩემს პრობლემებზე ვერ მოვუყვები.
- "მისი გადარწმუნება შეუძლებელია".
- შეიძლება ითქვას, რომ ასეა. პრინციპებს არასდროს ვღალატობ, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა გადაწყვეტილება შემიცვლია.
- ცინიკოსი ხარ?
- დილაობით (იცინის), მაგრამ ბოროტი ცინიზმი არ მახასიათებს.
- "სხვა ადამიანებში ბევრ უარყოფით თვისებას პოულობს და მათ ამას არ პატიობს".
- ჩემს შემთხვევაში პირიქით ხდება - ადამიანებში ყოველთვის დადებით თვისებებს ვეძებ. ამ თვისების გამო, ცხვირიც წამიტეხავს.
- "ცხვირის წატეხაში" იმედგაცრუებას გულისხმობ?
- რა თქმა უნდა!
- "ყველგან აგვიანებს, პუნქტუალურობისგან ძალიან შორს არის".
- რა ვქნა, სულ გადარბენაზე ვარ, გამუდმებით სადღაც მეჩქარება და დრო არ მყოფნის. ერთ კონკრეტულ საქმეს რომ ვაკეთებდე, ალბათ არსად დავიგვიანებდი.
- "ფულის განიავებაზე გიჟდება; საოცრად მფლანგველია".
- თანხას ხელფასიდან ხელფასამდე ვანაწილებ. როცა ვიცი, დარჩენილი თანხა ხელფასამდე არ მეყოფა, ძვირად ღირებულ ნივთს არ ვიყიდი. მიყვარს და მომწონს, როცა ფულს სწორად ვანაწილებ, მიუხედავად იმისა, რომ შოპინგი ჩემი სუსტი წერტილია.
- "ფული, სიმდიდრე, სიყვარული მას არ აკმაყოფილებს, რაღაც უხილავი ხიბლავს"...
- შეიძლება ითქვას, რომ ასეა. თუმცა, არც იმის მოთხოვნილება მაქვს, რომ ძალიან ბევრი ფული მქონდეს.
- "რომანტიკოსი შეყვარებულია".
- ზომიერად. ღრუბლებში არ დავფრინავ, რეალობას მოწყვეტილი და დაბრმავებული არ ვარ.
- "ტყუპის ბუნებაში არსებობს ბუნებრივი სიცივე. ის არც ისეთი ემოციურია, როგორიც გვეჩვენება".
- პირიქით, სულ მინდა, რომ რაღაცების "გატარება", თავის დაზოგვა ვისწავლო, მაგრამ ემოციური ბუნებიდან გამომდინარე, ეს ყოველთვის არ გამომდის. შინაგანი სიცივე ადამიანთა გარკვეული კატეგორიის მიმართ მაქვს; მათ ვერ მივეფერები და ვერ ვეტყვი: "გაკოცეეე". ეს სიტყვა რომ ვთქვა, ის გულიდან უნდა მოდიოდეს.
თამუნა კვინიკაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)