გაჭირვებულ ნაციონალს აღმართში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) ხარჯების გასაჯაროება წამოეწევაო, - ნათქვამია. თუმცა აღმართში ეს დოკუმენტი თქვენს მონა-მორჩილსაც წამოეწია.
კერძოდ, დიდი სულიერი ბრძოლის შემდეგ გადავწყვიტე დიეტის დაცვა. ახლობლებმა ლეგენდალური "უგულავას დიეტა" მირჩიეს - შედარებით უმტკივნეულოაო. თუმცა გეგმები ჩამეშალა - რა ვქნა, არ მაფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტი 115 ათასი ლარით, რომ ავსტრიაში გადავფრინდე და გახდომის პროცედურები ჩავიტარო, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილმა და გიგი უგულავამ გააკეთეს 2010 წელს (იხ. ზემოხსენებული ანგარიში).
მოკლედ, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხარჯების გასაჯაროებამ "უგულავას დიეტასთან" ერთად სხვა ამბებსაც ახადა საიდუმლოების ფარდა. თუმცა ზოგიერთი დეტალი დაუზუსტებელი დარჩა. მაგალითად, ის, თუ ვინ იყო იუშენკო, რომელმაც 2011 წლის აპრილში თბილისში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე იბანავა. გასაჯაროებული დოკუმენტის მიხედვით, თბილისში იდუმალი იუშენკოს ბანაობა 591 ლარი დაჯდა თავისი თაფლის მასაჟით, სამი ჩაიდანი მურაბიანი ჩაით და შვიდი წყვილი ჩუსტებით.
სიმართლე გითხრათ, ვერ გავიხსენე, იყო თუ არა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო თბილისში 2011 წლის აპრილში. ვერც "გუგლმა" გაიხსენა. ორი წლის წინანდელი აპრილის ამბებიდან ამ საძიებო სისტემამ მხოლოდ ის "ამოაგდო", რომ კახეთში ვინმე უშანგი იუშენკო დააკავეს ნარკოტიკების შენახვისთვის. ფაქტია, რომ უშანგი ასე პომპეზურად ვერ დაიბანდა. რა გამოდის, ვიქტორმა იბანავა საქართველოში ფარულად?
აბანოდან გადავინაცვლოთ სამზარეულოში. გასაჯაროებული დოკუმენტების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის ესპანელი პირადი მზარეულის შენახვა ბიუჯეტს ნახევარი მილიონი ლარი დაუჯდა. ეტყობა, ამ ინფორმაციას ფლობდა ვანო მერაბიშვილი, როდესაც ბოლო პერიოდში დაჟინებით პროგნოზირებდა საბიუჯეტო კრიზისს.
მზარეულებს თავი დავანებოთ და ვთქვათ ის, რომ მალე, სავარაუდოდ, საქართველოში მამაკაცები სდსს-ზე დაიწყებენ ეჭვიანობას.
"დიდი სიყვარულით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისგან", - ალბათ, ასეთ წარწერას აღმოაჩენდა პიანისტი ხატია ბუნიათაშვილი ბიუჯეტის ხარჯზე შეძენილ 140-ლარიან თაიგულში. თუმცა საქართველოში ხელოვანებს არ აფასებენ. მაგალითად, პიანისტს თაიგული და დეპუტატ თინათინ ბოკუჩავას 1599-ლარიანი მობილური?! სამხედროებს განსაკუთრებული დამსახურებისთვის იარაღს ჩუქნიან ხოლმე, ეტყობა, ბოკუჩავამაც რაღაც გმირობა ჩაიდინა და შესაბამისი ჯილდო მიიღო. რომელ ფრონტზე გამოიჩინა თავი, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
დაცვის სამსახური მანდილოსნებს მარტო ტელეფონებს არ ჩუქნიდა. საიუველირო განხრითაც კარგი გემოვნება ჰქონდა. მაგალითად, დოკუმენტების მიხედვით, სდსს-მ მარიამ საჯაიას 3500-ლარიანი სამკაული აჩუქა. ისე, საჯაიამ ფეხი უკრა "საჩუქარზე" - არაფერი მიმიღიაო. ასე რომ, სდსს-ს ვურჩევთ - ოქრო მთავარი არ არის, მთავარია სულიერი სილამაზე.
გალია და ტანია მარტო ჩვენში კი არა, თურმე სდსს-შიც იწვევს სიმპათიას. უფრო ზუსტად ქსენია. მაგალითად, ჟურნალისტი ქსენია სოკოლოვა საქართველოში ჩამოვიდა სააკაშვილთან ინტერვიუსთვის და უკან 2765-ლარიანი ყელსაბამით დაბრუნდა. ისე თუ კარგად მახსოვს, მაშინ მეორე ქსენიაც იყო ჩამოსული - სობჩაკი. სააკაშვილმა მათ პირადად უმასპინძლა და ღამის ბათუმიც დაათვალიერებინა. საინტერესოა, სობჩაკმა რა დააშავა?! ვითომ ღამის ბათუმში ინტერვიუსას უფრო ღრმად ჩაეძია სააკაშვილს სოკოლოვა? არადა, ამ მხრივ სობჩაკსაც მდიდარი გამოცდილება აქვს.
კიდევ ერთ უსამართლობაზე მინდა მოგახსენოთ - გარეულ რუსს 2765-ლარიანი სამკაული და შინაურ უკრაინელს მხოლოდ 982 ლარიანი? იოანა მელაის ალბათ, საბოლოოდ აუცრუვდებოდა გული "მექალთანე" სდსს-ზე.
სდსს-ს გასაჯაროებულ ანგარიშში კიდევ ერთი დეტალი საჭიროებს დაზუსტებას. კერძოდ, ის ამბავი, რომ 44 ცხვარში 6 600 ლარი გადაიხადეს. ალბათ, არგონავტების მიერ კოლხეთიდან წაღებული ოქროს საწმისი გამოისყიდეს და უნდათ, ეს 19 აპრილის აქციაზე გვახარონ.
ისე, ცხვრებიც კი გაცხარდებოდნენ, როდესაც წაიკითხავდნენ, რომ პრეზიდენტთან ერთად დუბაიში კობა ხაბაზის, ალანა გაგლოევას, ზურაბ ჭიაბერაშვილის, გოგა ხაჩიძის, დავით საყვარელიძის, მარიამ საჯაიას, გიორგი ღვინიაშვილის, ნუგზარ წიკლაურის, სერგო რატიანისა და დავით დარჩიაშვილის დასვენება 240 ათასი ლარი დაჯდა. ენერგიას აღდგენას ცდილობდენ, რომ შემდეგ უფრო ხმამაღლა ეყვირათ - რა მაღალ პრემიებს იღებენ ახალი ხელისუფლების წევრები.
სდსს-ს ხარჯების ყველა ეპიზოდზე აღარ შევჩერდებით, თუმცა ერთს ვიტყვით - ასე იწყებდა თურქმენბაში და 1-ელ ოქტომბერს "ნაციონალები" დროზე "დაამუხრუჭეს", რადგან სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შეძენილი ოქროს სამკაულებიდან ოქროს უნიტაზებამდე ერთი ნაბიჯია.
გიორგი კვიტაშვილი