პრეზიდენტმა რუს ჟურნალისტს, ქსენია სოკოლოვას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანხებით უმასპინძლა. დეპუტატ ირინა იმერლიშვილის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით, პრეზიდენტმა ქსენია სოკოლოვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანხებით შეძენილი ოქროს სამკაულითაც დაასაჩუქრა.
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს სოკოლოვას საჩუქრები - ყელსაბამი 2765 ლარი, ხოლო პატარა ლომი 69 ლარი დაუჯდა. ოქროს ნივთები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ 2010 წლის ოქტომბერში "ზარაფხანაშია" შეძენილი.
დოკუმენტაციაში ასევე აღნიშნულია ქსენია სოკოლოვას საქართველოში ვიზიტისას სასტუმროს ხარჯებიც. 2010 წლის 27 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა ქსენია სოკოლოვას სასტუმრო "რედისონში" ცხოვრების ხარჯებიც 9 598 ლარი აანაზღაურა.
როგორც იმერლიშვილი განმარტავს, ყველა ასეთი არამიზნობრივი ხარჯი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფარულ ხარჯებშია გატარებული და მას აქამდე გრიფი "საიდუმლო" ედო.