დღესაც ვთვლი და მაშინაც ვთვლიდი, რომ ვანო მერაბიშვილის გვერდით დგომა დანაშაული იყო, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" უკვე ყოფილმა წევრმა, დეპუტატმა მარიკა ვერულაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
მისი თქმით, პარტია დატოვა იმის გამო, რომ არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" კრახის შემდეგ ვანო მერაბიშვილი კვლავ დარჩა გენერალური მდივნის თანამდებობაზე.
ამასთან, ვერულაშვილის თქმით, დათა ახალაიას განცხადებები არ არის დაკავშირებული 19 აპრილის აქციასთან.
"მე მიმაჩნია და დარწმუნებული ვარ, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის მიჩვეული სიმართლის თქმას, თუმცა უნდა გითხრათ, რომ მას ამის მოსმენა ძალიან ხშირად მოუწევს უახლოეს მომავალში. უახლოეს მომავალში ის ძალიან ბევრ არასასიამოვნო სიურპრიზს უნდა ელოდოს. მე ამ დრომდე არ გამიკეთებია განცხადება პარტიის დატოვების მიზეზებზე. "ნაციონალური მოძრაობის" და ჩემი პარტიის კრახი საპარლამენტო არჩევნებში არის სწორედ მისი დამსახურება და მიმაჩნია, რომ ეს ადამიანი ამის შემდეგ აღარ უნდა ყოფილიყო გენერალური მდივანი ამ პარტიის. რადგან ეს მაინც ასე მოხდა, მე გადავწყვიტე, რომ ჩემი ადგილი აღარ იყო ამ პარტიაში. ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა, რადგან მე დღიდან დაარსებისა ამ პარტიის წევრი ვარ", - განაცხადა მარიკა ვერულაშვილმა.
რაც შეეხება გავრცელებულ ცნობას, რომ როლანდ ახალაიაც აპირებს "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას, მარიკა ვერულაშვილის განცხადებით, მისი ცნობით, ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება.
ეს განცხადებები მარიკა ვერულაშვილმა ბაჩო ახალაიას პროცესის დაწყებამდე გააკეთა.