წელს "ახალი ტალღის" კონკურსზე საქართველოს სალომე ქათამაძე წარადგენს, თუმცა პრესაში არ გავრცელებულა დაწვრილებითი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა ნინი ცნობილაძე, გახდეს მეორე მონაწილე საქართველოდან. ეს კი აპრილის ბოლოს გადაწყდება და თუკი ასე მოხდა, ეს იქნება მესამე შემთხვევა, როდესაც ნინი და სალომე ერთმანეთის კონკურენტები გახდებიან. პირველად ისინი "ახალი ქართული ხმის" ფარგლებში გახდნენ მეტოქეები, შემდეგ- იურმალის შესარჩევ კონკურსზე, როცა კიევში ორივე გაემგზავრა და ჟიურიმ სალომე აარჩია, მესამე შემთხვევა კი ახლა იქნება, თუკი ჟიური გადაწყვეტს, რომ ნინი ცნობილაძის მსგავსი ხმა აუცილებლად უნდა გაისმას "ძინტარის" საკონცერტო დარბაზში.
ნინი ცნობილაძესთან უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს ცნობილი პროდიუსერი ნატო დუმბაძე, რომელიც იურმალის შესარჩევი ტურების კულუარებზე გვესაუბრა. სწორედ მისგან შევიტყვეთ, რომ ნინი კონკურსს ჯერ არ გამოთიშვია.
- მე და ნინი "ვოისამდეც" ვიცნობდით ერთმანეთს და ვთანამშრომლობდით, თუმცა არ ვახმაურებდით (იღიმება). ნინი ძალიან მოეწონათ როგორც თბილისის, ასევე კიევის შესარჩევ ტურებზე. შესაბამისად, არის ლაპარაკი იმაზე, რომ ის იქნება მეორე კონკურსანტი, რომელიც წლევანდელ "ახალ ტალღაზე" საქართველოს სახელით გამოვა. შეიძლება ასეთი რამ ადრეც მომხდარა, უკრაინისა და რუსეთის შემთხვევაში, საქართველოსთვის კი ეს პირველი პრეცედენტი იქნება. სალომე და ნინი რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ნინი ძალიან ინდივიდუალური მომღერალია და "ახალი ტალღის" ორგანიზატორებისთვისაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, რადგან თავად თქვეს, რომ ნინი ახალი სიტყვაა. პირველ ტურზე გვითხრეს, რომ ორივე იყო გადასული მეორე ტურში. იქვე აღნიშნეს, რომ უნდათ საქართველოდან ორი კონკურსანტი ჰყავდეთ, მაგრამ არის დარჩენილი შესარჩევი ტურები სხვა ქვეყნებისთვისაც, ეს პროცესი 20 აპრილამდე უნდა დასრულდეს. უნდა მოისმინონ სხვა ქვეყნის კონკურსანტები, დარჩათ სამი ქვეყანა, რუსეთი, ყაზახეთი და ლატვია, ამიტომაც უნდა დაველოდოთ ამ მოსმენების შედეგებს. ვინაიდან ნინი სპეციფიკურ ხმას ფლობს, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, ჯერ დარჩენილი ქვეყნების კონკურსანტებსაც მოუსმინონ, რათა არ აღმოჩნდეს მათ შორის ისეთი, ვინც ნინის ვოკალით ჰგავს. ასეთ შემთხვევაში ნინის აღარ დაუძახებენ, რადგან ორი ერთნაირი არ უნდათ. იმედი გამოთქვეს, რომ ასე არავინ არ მღერის (იღიმება).
- საქართველოში თავიდან გავრცელდა ხმა, რომ სალომე გავიდა, ნინი კი კონკურსს გამოეთიშა.
- არ ვიცი, ასე რატომ მოხდა. ალბათ ვიღაცას უნდა, ასე თქვას. ვინც ამას ამბობს, თავისუფლად შეუძლია ამის გადამოწმება, რადგან არსებობს ვიდეომასალა. დიდი ხანია შოუბიზნესში ვარ და ასეთი რაღაცები უკვე აღარ მიკვირს (იღიმის).
- კიევში შესარჩევს ესწრებოდი? როგორ მოხდა, რომ სალომე ძირითად წარმომადგენლად ამოარჩიეს და ნინის ბედი 25 აპრილამდე უნდა გადაწყდეს?
- კი, ვესწრებოდი. შესარჩევი ტური იყო "ბერიკონის" ტიპის კლუბში, რომელსაც ერქვა Freedom. იქ ვნახეთ ქრისტინე იმედაძე და ბიჭოლა. ყველას ჰქონდა დასწრების საშუალება, რადგან შესარჩევი ტური კონცერტივით იმართება. მოვუსმინეთ უკრაინელ კონკურსანტებს და შემდეგ იმღერეს ქართველმა ბავშვებმა. ორივე ძალიან ნერვიულობდა. სხვათა შორის ვამბობდი, იურმალაში სხვა ტიპის კონკურსი ტარდება და რადგან თქვეს, რომ შესაძლებელია ორივე შეერჩიათ, ეს ასეც მოხდებოდა. მე და ჩემი მომღერალი პირველი რომ არ გამოგვაცხადეს, ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ჩვენ ძალიან კარგ ხასიათზე ვართ, რადგან დაწყებული იგორ კრუტოით და ყველა სხვა დანარჩენით დამთავრებული, აბსოლუტურად ყველა აღფრთოვანებული იყო ნინითი. მათ თქვეს, რომ არ მოუსმენიათ ასეთი განსხვავებული ვოკალი და დიდი ხანია, არ უნახავთ ვოკალთან შერწყმული გარეგნობა და გემოვნება. იგორ კრუტოიმ დაუძახა ნინის და ეს ყველაფერი უთხრა. ისეთი მუხტი მივიღეთ, რომ იმედი გვაქვს, აპრილის ბოლოს ეს ამბავი დადებითად გადაწყდება. თავად დარბაზში ძალიან გულშემატკივრობდნენ ნინის მისი განსხვავებული ხმის გამო.
- ნინი სალომეს კონკურენტია უკვე მეორედ. ხომ არ დასწყდა გული?
- ვერ გეტყვი, რომ გულდაწყვეტილია. მომღერალს უფრო მეტის გაკეთების სურვილი უჩნდება, ეს ჯანსაღი კონკურენციაა. რევზინმა თქვა, რომ საქართველოში შესარჩევზე ყველა ერთსა და იმავე სიმღერებს მღეროდა, ნინი კი მათ შორის მართლაც გამორჩეული იყო. როდესაც იქაური ჟიურის წევრებისგან ასეთ კომპლიმენტებს მიიღებ, ეს დიდი ნახტომია შოუბიზნესის სფეროში. მსოფლიო ვარსკვლავს ეძახდნენ და მასთან სურათებს იღებდნენ. როდესაც ასეთი დიდი გამოცდილების ადამიანები ვარსკვლავობას გიწინასწარმეტყველებენ, ეს უბრალო რამ არ არის. ეს ჩემთვისაც არ იყო ტესტი, რადგან როდესაც მომღერალს ხელს ვკიდებ, ზუსტად ვიცი, ამას რატომ ვაკეთებ. ჩემთვისაც, როგორც პროდიუსერისთვის, ეს ძალიან დიდი სიხარული იყო, სულ რომ კონკურსზე არ გავიდეთ, მაინც წარმატებაა. ბევრი ჩემი მომღერალი კონკურსზე საერთოდ არ გასულა. კონკურსი პიარის ერთ-ერთი სახეობაა და მას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. იურმალის კონკურსზე მომღერლისთვის უბრალოდ მოხვედრაც კი ღირს, რადგან 12 დღის განმავლობაში საშა რევზინი ისე მუშაობს თითოეულთან და ისეთ მასტერკლასს უტარებს, რომ ეს უდიდესი გამოცდილებაა.
- როგორც საშა რევზინმა თქვა, საქართველოში ყველა უიტნი ჰიუსტონის სიმღერებს მღერის.
- მე ამ ტენდენციას მივაწერ პედაგოგებს, რადგან ჰგონიათ, რაც უფრო უიტნივით იმღერებ, უფრო მეტად გამოაჩენ ვოკალს. ხდება კოპირება, რაც მე, როგორც მსმენელს, არაფერს მაძლევს. დამთავრდა ეს ეპოქა და ახალი დავიწყოთ!.. არ შეიძლება, მუდმივად ჰბაძავდე ქალს, რომელსაც ბადალი არ ჰყავს. იგივე შეიძლება ითქვას ბიონსეზე და სხვა მომღერლებზე, ეს ტალღები მუდმივად მოდის. თუკი შენ არც შენს ტექნიკას აჩვენებ, არც ინდივიდუალიზმს და ვინმეს ჰბაძავ, ეს სასაცილოა.
მე საქართველოს შესარჩევ ტურზე არა მხოლოდ ნინი მყავდა, არამედ ანა ხანჩალიანიც. ჟიურის წევრებს ჰქონდათ ხანჩალიანზე საუბარი, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტეს, რომ მას წელიწად-ნახევარი კიდევ სჭირდება, სანამ ასეთ დიდ კონკურსზე გამოვა. იმ 5-6 კონკურსანტიდან, რომლებიც ჟიურის წევრებმა გამოყვეს, ორი ჩემი მომღერალი გახლდათ (იღიმის).
- მუსიკალურ კონკურსებზე მინდა გკითხო. სულ იყო საუბარი, რომ უპირატესობა ენიჭებოდათ იმ მომღერლებს, რომლებიც მაღალ ნოტს იღებდნენ.
- გეთანხმები!.. როდესაც "ახალ ქართულ ხმას" ვუყურებდი, რინგისგან სიამოვნება ვერ მივიღე, თუმცა მთლიანობაში ამ პროექტს მაინც ვაფასებ. ჩემთვის დუეტი არის "ჯორჯია". იქ არის სითბო, სიტკბო, ხმების შერწყმა. გასაგებია, რომ ეს რინგია, მაგრამ ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ მან გაიმარჯვოს, ვინც უფრო მაღალ ნოტს აიღებს. მე არ მივიჩნევ, რომ ასეთი მომღერალი რომელიმე პროდიუსერისთვის საინტერესო იქნება. კარგია, თუ ამას შემდგომი პროექტებისთვის გაითვალისწინებენ.
- ნატო, "ახალი ტალღის" გარშემო სულ ვნებათაღელვაა. რატომ უნდა წავიდეს საქართველოს წარმომადგენელი ამ კონკურსზე?
- შორს პოლიტიკა ხელოვნებისგან!.. საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და მომღერალს განვითარების საშუალება არ აქვს. ამ კონკურსის დამფუძნებლები რაიმონდ პაულსი და იგორ კრუტოი პოლიტიკისგან ძალიან შორს არიან და იმაზე ფიქრობენ, როგორ წარმოაჩინონ მომღერლები სხვადასხვა ქვეყნიდან საუკეთესოდ. საქართველოში თუ რომელიმე კომპანიის დირექტორი რუსია, რას აშავებს მომღერალი, რომელსაც უნდა "ახალი ტალღის" კონკურსზე გამოსვლა?!. "საქართველო, ბრავო!"- ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში თქვეს. "ახალი ტალღის" ჟიურის წევრები მუსიკალურად ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ.
- ვალერი მელაძემ განაცხადა, რომ ვინც უნდა აირჩიონ საქართველოდან, იცის, რომ მაინც ილაპარაკებენ, ჩაწყობებიაო.
- სამი წელია, ამ კონკურსზე მომღერლები დამყავს. შეიძლება ასე პირდაპირ დავწეროთ, რომ ამ კონკურსზე ჩაწყობა "არ მოსულა". მე მყავდა წაყვანილი ანრი ჯოხაძე და სალომე გასვიანი. მოდი ვაღიაროთ, რომ მათი ვოკალი ეჭვქვეშ არ დგას. მაშინ მათზე მითხრეს, რომ უკვე შემდგარი მომღერლები იყვნენ, ისინი კი ამ კონკურსისთვის ახალ სახეებს ეძებდნენ. ჟიურის ექვსი სხვადასხვა წევრია, ყველას თავისი გემოვნება აქვს, მაგრამ ყველაფერს საბოლოოდ იგორ კრუტოი წყვეტს. დამარცხებაა, როცა მას შეაწუხებ, რადგან იქ დიდი მინუსი გეწერება. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ უყვარს, როცა მასთან მომღერალი პროტექციით მიდის.
- მაინც რა არის მთავარი კრიტერიუმი, რითაც "ახალი ტალღის" კონკურსანტებს არჩევენ?
- ინდივიდუალიზმი მნიშვნელოვანია. ჩაუტარებიათ გამოკითხვა, ვინ დაამახსოვრდა მაყურებელს ყველაზე მეტად "ახალი ტალღის" კონკურსანტებიდან. ესენი იყვნენ უკრაინელი ჯამალა და დუეტი "ჯორჯია". სტატისტიკა ბოლო 10 წელს მოიცავს. რატომ მოხდა ასე? ჯამალა იყო ინდივიდუალიზმის პიკი. დუეტი "ჯორჯია" რომ მოხვდა ამ გამოკითხვაში, არც გამკვირვებია, რადგან მართლა ძალიან კარგები არიან.
- ნატო, ისევ ქართულ შესარჩევს დავუბრუნდეთ და ნინის რეპერტუარი შენ შეურჩიე?
- მცირე დრო გვქონდა მოსამზადებლად, რადგან არ ვიცოდით, აქ ტარდებოდა შესარჩევი ტური თუ მოსკოვში. როცა თარიღი გადაწყდა, ავიღეთ ერთი უცხოური სიმღერა და ასევე "სულიკო", "არსის" დამზადებული ფონოგრამა გამოვიყენეთ, რომელიც ელეონორასთვის იყო შექმნილი. ასევე გვქონდა კიდევ რამდენიმე უცხოური სიმღერა ყოველი შემთხვევისთვის. ნინის აქვს საკმაოდ დამახასიათებელი ტემბრი, მისთვის ქართული სიმღერის მორგება ძალიან რთულია და ამაში თავადაც დამეთანხმა. "სულიკოს" თავისი იმპროვიზაციით მღერის, მოისმინეს და მოეწონათ. სხვა სიმღერის შერჩევა ძალიან გაგვიჭირდა. ასევე გავაკეთეთ ვაჟა აზარაშვილის "სენტიმენტალური ტანგო", რომელიც ნინის ხმას ძალიან მოუხდა და კიევის ტურზე შეასრულა.
- ნინისთან მომავალი თანამშრომლობა როგორ წარმოგიდგენია?
- საქართველოში ნინის კარიერა უკვე დაწყებულია, თუმცა მხოლოდ საქართველოთი არ შემოვიფარგლებით. იმდენად გაამართლა მისმა არჩევამ ჩემი მხრიდან, რომ ვაპირებთ, საქართველოს გარეთაც მოვსინჯოთ ძალები. მისი მონაცემები პროდიუსერისთვის "შესაფუთად" ძალიან კომფორტულია.
ნინო მურღულია
(გამოდის ორშაბათობით)
ასევე იხილეთ:
ნინი ცნობილაძეს "ახალი ტალღის" შესარჩევ ტურზე სამი სიმღერა ამღერეს