საოცარი გარეგნობა, ტრაგიკული ბიოგრაფია, გამუდმებული ბრძოლა საკუთარ თავთან და სურვილი, გამხდარიყო უფრო უკეთესი და კაშკაშა - ამ ყველაფერმა სუპერმოდელი ვერუშკა მსოფლიო მოდის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად აქცია.
წიგნი, რომელშიც იგი თავის თავზე მოუთხრობს საზოგადოებას, ორიოდე კვირის წინ გამოვიდა შეზღუდული ტირაჟით.
ვერა ფონ ლენდორფი - ძველი გერმანელი გრაფების შთამომავალი, გერმანელი ოფიცრის ქალიშვილი იყო, რომელიც ჰიტლერის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობის გამო ჩამოახრჩეს. დედამისი კი გრაფინია გოტლიფ ფონ კალნაინი გახლდათ. 1960-იან წლებში ვერა გახდა სუპერმოდელი, გოგონა, რომელმაც საკუთარი თავი თავად შექმნა: მოიგონა ლაპარაკის მანერა, მოძრაობის განსაკუთრებული მანერა, იცვამდა გამორჩეულად და ცდილობდა, საზოგადოებისგან მხოლოდ სიმაღლით არ ყოფილიყო გამორჩეული (მისი სიმაღლე 190 სანტიმეტრია). ფსევდონიმიც გამორჩეული მოიფიქრა - ვერუშკა.
"მოდა ბურჟუაზიული და მოსაწყენია. და ვინც იქ მუშაობს, ადრე თუ გვიან ინდივიდუალურობას კარგავს, - ამბობს გრაფინია, - სახელიც განსხვავებული ავირჩიე. ვერუშკა ხომ რუსულად "პატარა ვერას" ნიშნავს. გადავწყვიტე, რომ ეს სასაცილო იქნებოდა - იყო ასეთი გრძელი და გერქვას "პატარა".
პირველად მსოფლიო მის შესახებ 1966 წელს ალაპარაკდა - კულტურული და სექსუალური რევოლუციის დროს. მიქელანჯელო ანტონიონიმ გამოუშვა ფილმი "ფოტოგადიდება", ფოტოგრაფ ტომასის ერთი დღის შესახებ. ხუთწუთიანმა სცენამ, რომელშიც ვერას გმირი პრაქტიკულად კამერასთან ჟიმაობს, მთელი სამყარო გააოგნა. ფილმიდან კადრები მისი მონაწილეობით აფიშებად იქცა - მთელი ამერიკის მასშტაბით აკრავდნენ ამ აფიშებს.
ვერას ყველაფერი ჰქონდა: პოპულარობა, ფული, თაყვანისმცემლები, თუმცა არ ჰქონდა ის, რაც ყველაზე მეტად სურდა - უნდოდა, მოდის სფეროს გარეთ ეპოვა აღიარება.
1970-იანი წლების შუალედში "ვოგის" რედაქტორს წაეჩხუბა და მოდის სამყარო დატოვა. მას მერე გრაფინია იყო სალვადორ დალის მუზა, თამაშობდა კინოსა და თეატრში, პოზირებდა საკუთარი თავისთვის და ბოლოს, ბოდი-არტის პოპულარიზაციით იყო დაკავებული. მოდელი ოსტატურად ერწყმოდა გარემოს - ჟანგიან მილებს, ბინძურ ასფალტს და ა.შ. დღესდღეობით მონაწილეობს მოდურ ჩვენებებში მეგობარი დიზაინერების მიწვევით და თავისი წიგნის პიარით არის დაკავებული.
(გამოდის ორშაბათობით)