მაკა ზამბახიძე "ევროვიზიასთან" დაკავშირებით ოპტიმისტურ პროგნოზს ვერ აკეთებს

მაკა ზამბახიძე "ევროვიზიასთან" დაკავშირებით ოპტიმისტურ პროგნოზს ვერ აკეთებს

2006 წლის იურმალის კონკურსის გამარჯვებულ დუეტ "ჯორჯიაზე" ბევრჯერ უთქვამთ, დაიშალაო, თუმცა ჭორი ჭორად რჩება და მომღერლები კვლავ ერთად აგრძელებენ სიმღერას. რატი დურგლიშვილმა და მაკა ზამბახიძემ ბოლო დროს საკუთარი სტუდიაც გახსნეს. მაკა ზამბახიძის აზრით, დუეტის დაშლის შესახებ ჭორებს ისინი ავრცელებენ, ვისაც მათთვის ცუდი უნდა. თუმცა მაკა არც იმას უარყოფს, რომ უკვე დიდი ხანია, "ჯორჯიას" ახალი სიმღერა არ ჩაუწერია და შეიძლება, ესეც გახდა იმის მიზეზი, რომ მათ დაშლაზე ჭორები გავრცელდა.

- მაკა, ახალი საქმიანობით კმაყოფილი ხარ?

- მე და რატიმ დუეტ "ჯორჯიას" სახელობის საბავშვო სტუდია გავხსენით. 3-დან 14 წლამდე ბავშვები გვყავს. ძალიან კარგი თაობა მოდის. ბევრი მღერის კარგად. გვინდა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მომავლის საქმეში და ჩვენი ხელი დაეტყოთ პატარა ბავშვებს.

- შენ და რატიც ასწავლით ბავშვებს?

- გვყავს ძალიან კარგი პედაგოგები. ჩვენ ვამოწმებთ მათ ნამუშევრებს და კონცერტისთვის ვამზადებთ ბავშვებს.

- რთულია სტუდიის მართვა?

- რა თქმა უნდა, რთულია. ბავშვებთან მუშაობა რამდენადაც სახალისოა, იმდენად საპასუხისმგებლოა. მათ ძალიან უნდა გაუფრთხილდე და უნდა მიიჩვიო. ბევრს ვწვალობთ, რომ ბავშვებს უხაროდეთ ჩვენთან მოსვლა.

- ამ ბიზნესის გამო თქვენი კარიერა ხომ არ დაივიწყეთ?

- არა, თუმცა ბოლო დროს დიდი შემოქმედებითი პაუზა გამოგვივიდა და მსმენელი და მაყურებელი აღარ გვაპატიებს. სულ გვეკითხებიან, ახალ სიმღერას რატომ არ აკეთებთო. დრო ძალიან ცოტა გვაქვს და ყველაფერს ვერ ვასწრებთ. მალე ჩავერთვებით ისევ ქართულ შოუბიზნესში და საზაფხულოდ ახალ სიმღერას აუცილებლად შევთავაზებთ მსმენელს.

- საინტერესოა შენი აზრი დუეტზე, რომელმაც საქართველო უნდა წარადგინოს "ევროვიზიაზე". ამბო­ბენ და ალბათ შენც მოგისმენია აზ­რი, რომ ჯობდა, ისეთი კარგი, შემდგარი დუეტი წასულიყო კონკურსზე, როგორიც შენ და რატი ხართ.

- ეს ჩვენთვისაც უთქვამთ. ნოდიკო ტატიშვილიც და სოფო გელოვანიც ჩვენი მეგობრები არიან და ორივე, როგორც ვიცით, სოლომომღერალია. დუეტთან დაკავშირებით მე ცოტა სხვა მოსაზრება მაქვს. მე და რატი უკვე ძალიან ბევრი წელია, ერთად ვმღერით, ფაქტობრივად, ერთ ენაზე ვმღერით. ხან მომწონს ჩვენი ნამღერი, ხან - არა. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, ამ შემთხვევაში დუეტი შედგება თუ არა, თორემ ორივე მათგანი რომ შემდგარი და კარგი მომღერალია, ორი აზრი არ არსებობს. უბრალოდ, ეს არის ახალი პროექტი. ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, ეს დუეტი შედგება თუ არა. ჩვენ, რასაკვირველია, მათ ვუგულშემატკივრებთ.

- ამბობენ, დუეტმა რომ კარგად შეასრულოს სიმღერა, მათ წლების განმავლობაში ერთად უნდა ჰქონდეთ ნამუშევარი...

- დუეტი რთული თემაა. შეიძლება რაღაც პროექტი უცბად გააკეთო და გაჰიტდეს. საზღვარგარეთ ცნობილი მომღერლები ერთად ქმნიან ახალ პროექტს და დუეტს წერენ, მაგრამ ისინი სხვა კლასის პროფესიონალები არიან და იციან, კუპლეტი როგორ უნდა იყოს მათზე მორგებული. ამიტომ ვერ ვიტყვი, ის სიმღერა, რომლითაც მომღერლები საქართველოს წარადგენენ, რამდენად "მათია". არ ვიცი, რა იქნება სცენაზე. ეს ძალიან საპასუხისმგებლოა. ვფიქრობ, თავს გაართმევენ, რადგან ორივე პროფესიონალია, მაგრამ ისევ იმ თემას ვუბრუნდები, რომ დუეტს სხვა დატვირთვა აქვს. ამაზე ძალიან ბევრი უნდა იმუშაო და ალბათ მუშაობენ კიდეც.

- მართალია, "ევროვიზიასთან" დაკავშირებით ძნელია რაიმე პროგნოზის გაკეთება, მაგრამ რაც უკვე მოვისმინეთ, როგორ ფიქრობ, რა შანსები აქვს წელს საქართველოს?

- მე მოვისმინე ჩანაწერი, სტანდარტული სიმღერაა. არ ვიცი, ევროვიზიის ფორმატს თუ ესადაგება ეს სიმღერა. ამ კონკურსზე ყოველთვის განსხვავებული სიმღერები იმარჯვებს.

- როგორც ვიცი, შენ და რატი "ახალი ტალღის" კონკურსში ხართ ჩართული...

- რადგან მე, რატი და სოფო ხალვაში ამ კონკურსის მონაწილეები ვიყავით, რევზინი პირველად ჩვენ გვეკითხებოდა ყველა კონკურსანტზე აზრს. თავიდან ცოტა დავიბენი კიდეც. არ ვიცოდი, რა მეპასუხა. სალომე ქათამაძე ჩვენი მეგობარია. ჩვენ მას დიდი ხანია, ვგულშემატკივრობთ და ძალიან გამიხარდა, რომ არჩევანი საბოლოოდ მასზე გაკეთდა, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს იმ რეპერტუარს, რომლითაც სალომე წარდგება.

- დუეტი "ჯორჯია" 2008 წლის "ახალი ტალღის" გამარჯვებულია. წელს რადგან საქართველო დაბრუნდა ამ კონკურზე, თქვენ თუ მიგიწვიეს?

- "ახალ ტალღაზე" ყოველ წელს ჟიურის სხვადასხვა წევრის კონცერტი იმართება. წელს ლეონიდ აგუტინის საღამო იქნება და ჩვენ ამ საღამოზე ვართ მიწვეული. ეს ამბავი არც ვიცოდით. აგუტინი რომ ჩამოვიდა საქართველოში, თავად უთქვამს, რამდენიმე ქართველი იმღერებს ჩემს საღამოზე და მათ შორის იქნება დუეტი "ჯორჯიაო".

- ძალიან ბევრჯერ გავრცელდა ჭორი, რომ თქვენი დუეტი დაიშალა. ცოტა ხნის რატი ამერიკაში მიდიოდა და შენ კლუბებში მარტო მღეროდი. რა მოხდა რეალურად, რატომ მიდის რატი ამერიკაში და შენ მარტო რატომ მღერი? ეს ნიშნავს, რომ დუეტი "ჯორჯია" დაიშალა, თუ ესეც მორიგი ჭორია "ჯორჯიას" დაშლის შესახებ?

- ამ საკითხზე საუბარს იქიდან დავიწყებ, რომ დუეტ "ჯორჯიას" დაშლა არ შეიძლება.

- რატომ?

- "ჯორჯია" არის პროექტი, რომელიც ხალხს ძალიან უყვარს. ამ პროექტმა ბევრი ახალი პროდუქტი შექმნა. აქედან გამომდინარე, არ ვიქნებით მართალი მსმენელის წინაშე, რომ დუეტი დავშალოთ. გარკვეული დროის განმავლობაში საქართველოში ჩვენს სფეროში ჩავარდნა იყო. აქედან გამომდინარე, შეიძლება ადამიანმა საზღვარგარეთ წასვლა მოინდომოს. ამაში ტრაგედია არაფერია. კლუბებში მარტო იმიტომ ვმღეროდი, რომ რატი აპირებდა ამერიკაში წასვლას და დავიწყე მარტო სიმღერა. რაღაცები იცვლება, ჩვენ წინასწარ არ ვიცით, რა და როგორ იქნება. რამდენადაც ბევრი კეთილისმსურველი გვყავს, ალბათ არიან ისეთებიც, ვისაც უნდათ ჩვენი დუეტის დაშლა და ალბათ ისინი აგორებენ ამ ჭორებს. ვფიქრობ, არაფერია საგანგაშო იმაში, რომ კლუბში მარტო ვმღერი.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება