როგორ მიიღო ქართულმა ანსამბლმა კომპლიმენტი "პინკ ფლოიდის" მენეჯერისგან

როგორ მიიღო ქართულმა ანსამბლმა კომპლიმენტი "პინკ ფლოიდის" მენეჯერისგან

ფოლკლორული ანსამბლი "იბერი" 2012 წლის სექტემბერში ჩამოყალიბდა. თავად განსაჯეთ, ჯერ საქართველოში კონცერტი არ ჰქონიათ, თუმცა უცხოურ სცენაზე, ესტონეთში "ტალინის მუსიკალურ კვირეულზე", რომელიც უკვე 5 წელია ტარდება, ესტონელი მაყურებლის წინაშე უკვე გამოვიდნენ. ზემოხსენებული კვირეული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური მოვლენაა ევროპის მასშტაბით. 3-დან 7 აპრილის ჩათვლით ესტონეთის დედაქალაქი სწორედ ამ ფესტივალით ცხოვრობდა და სუნთქავდა. "ტალინის მუსიკალურ კვირეულს" იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რომ ყოველ წელს მას ესტონეთის პრეზიდენტი ხსნის. წელს ფესტივალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ანსამბლი თუ შემსრულებელი სტუმრობდა, მათ შორის პირველად, ამ კვირეულის 5-წლიან ისტორიაში, საქართველოს სახეს ანსამბლი "იბერი" წარმოადგენდა. "იბერი" პირველია ქართველებს შორის, რომელიც ამ მასშტაბური ფესტივალის მონაწილე გახდა და ასევე პირველია, რომელსაც სადებიუტო გამოსვლა არა საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთ ჰქონდა.

ანსამბლის ხელმძღვანელი არის მომღერალი ბუბა მურღულია, "იბერი" 12 კაცისგან შედგება. ერთ-ერთი მათგანი ჟურნალისტი ნუგზარ ხავთასი გახლავთ. როგორ მოუვიდათ ანსამბლის ჩამოყალიბების იდეა და რა ხდებოდა ტალინში, ამის შესახებ ბუბა და ნუგზარი თავად მოგვიყვებიან.

ბუბა:

- მე და ნუგზარს მოგვივიდა აზ­რად, სხვათა შორის, ალგეთის ხეობაში ყოფნისას (იღიმის) ქართული ფოლკლორული ანსამბლის ჩამოყალიბება. ამ საუბრიდან დაახლოებით ერთი თვის თავზე შევიკრიბეთ.

ნუგზარი:

- აგვისტო იდგა და კატასტროფა სიცხე იყო არა მხოლოდ თბილისში, არამედ ალგეთის ხეობაშიც კი. დაახლოებით სამი დღე ბუბა მეუბნებოდა, ისევ მინდა სიმღერა ანსამბლშიო. ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა ანსამბლის ჩამოყალიბება, ასეთი ცხოვრებით ცხოვრება. არანაირი კომერციული გათვლები არ გვქონია... სამ კვირაში, სექტემბერში უკვე რეპეტიცია დავნიშნეთ.

- ბუბა, შენ რა გამოცდილება გაქვს ფოლკლორის კუთხით?

- ძალიან პატარა ვიყავი, 10 წლის, როდესაც ანსამბლ "ფაზისში" მიმიყვანეს ჯუმბერ ყოლბაიასთან. შემდეგ სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში ვმღეროდი. შემდეგ იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "შვიდკაცა" და "კაპელა", სადაც მე და ნუგზარმა გავიცანით ერთმანეთი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაახლოებით 10-წლიანი წყვეტა მქონდა, არ მიმღერია... კომპოზიტორი დათო მალაზონია გერმანიაში მრავალწლიანი მოღვაწეობის შემდეგ თბილისში რომ დაბრუნდა, დამიკავშირდა და თანამშრომლობა შემომთავაზა. მომიწია ყველაფრის გახსენებამ, რაც იქამდე ვიცოდი (იღიმის). ერთი წლის განმავლობაში ვთანამშრომლობდი ჯგუფთან "შინ", მათთან ერთად დავდიოდი გასტროლებზე საზღვარგარეთ და საქართველოშიც არაერთი კონცერტი ყოფილა. ზაზა მარჯანიშვილი რომ დაბრუნდა საქართველოში, მის კონცერტზე გამოვედი ფილარმონიაში. ზაზასთან ვაგრძელებ მეგობრობას. ის ალბომის ჩაწერას გეგმავს. რასაკვირველია, ვაგრძელებ საქმიან ურთიერთობასა და მეგობრობას დავით მალაზონიასთან და რამდენიმე საინტერესო პროექტი მზადდება, მათ შორის ერთ-ერთია ეთნო-ჯაზბენდი, რომელიც მზის სინათლეს მალე იხილავს.

- ნუგზარ, შენ ბევრი ჟურნალისტად გიცნობს.

- მართალია, მაგრამ სიმღერა უფრო ადრე იყო ჩემს ცხოვრებაში. ჩემი ბიძა, თამაზ ორჯონიკიძე, ბევრისთვის ცნობილი და საყვარელი მომღერალი იყო, "გეპეის" ტრიოში მღეროდა. ტრადიციული მუსიკალური ოჯახიდან ვარ. "გეპეის" "კაპელაში" გავიგე ხალხური და ქალაქური სიმღერების გემო. შემდეგ, როცა ჟურნალისტიკაში ამოვყავი თავი და შევუდექი "დიდი მოამბის გზას" (იღიმის), მეგობრებთან ერთად ტრიო ჩამოვაყალიბე, რომელმაც ერთ წელიწადს იარსება. "პირველ არხზე" მუშაობის პერიოდში ჩავწერე დუეტები ნუკრი კაპანაძესა და ეკა მამალაძესთან ერთად. მერე იყო ანსამბლი "ივერონი", რომელშიც რამდენიმე თვე გავატარე და აი, მოვედი ანსამბლ "იბერამდე".

- ჟურნალისტიკაში დაამთავრე მოღვაწეობა?

- არა. არის გეგმები, რომლებიც ეთერში ჯდომას არ უკავშირდება, მაგრამ მალე ვაპირებ, დავუბრუნდე აქტიურ ჟურნალისტურ ცხოვრებას, თუმცა დაწვრილებით ჯერ ვერაფერს გეტყვით.

- საქართველოში ბევრი ფოლკლორული ანსამბლია. თქვენ რით განსხვავდებით მათგან და სახელი როგორ შეარჩიეთ?

ბუბა:

- დიდი ხანი ვფიქრობდით სახელზე და დიდი ვნებათაღელვა იყო ამ თემასთან დაკავშირებით, გვინდოდა, ადვილად აღსაქმელი ლოგო გვქონოდა. ბოლოს მამაჩემმა, გია მურღულიამ შემოგვთავაზა სახელი "იბერი", რომელიც ქართველს ნიშნავს.

რაც შეეხება განმასხვავებელ ნიშნებს, სანამ პირველ ნაბიჯებს გადავდგამთ, მხოლოდ ფოლკლორით შემოვიფარგლებით, შემდეგ კომპოზიტორების სიმღერების შესრულებასაც ვაპირებთ. უამრავი გეგმა გვაქვს და გვაქვს ერთი ძალიან ორიგინალური პროექტი, რომელსაც ჯერ არ ვახმაურებთ, თუმცა გეტყვით, რომ ეს იქნება ფოლკლორისა და ისეთი რაღაცის სინთეზი, რაც აქამდე საქართველოში არ გაკეთებულა (იღიმება). ჩვენი ანსამბლის მიზანია, რომ უფრო მეტად უცხოეთზე გავაკეთოთ აქცენტი და ჩვენი კულტურა საზღვრებს გარეთ გავიტანოთ. მოძიებული გვაქვს უამრავი ძალიან საინტერესო, მივიწყებული სიმღერა, რომელსაც ახალ სიცოცხლეს ვაჩუქებთ. მათ შორისაა წარმართული ხანის სიმღერები, რომლებიც სრულდებოდა ალბათ ადრე, მაგრამ დღეს ნაკლებად ახსოვთ და არა მგონია, რომელიმე ანსამბლი ასრულებდეს.

- "ტალინის მუსიკალურ კვირეულზე" როგორ მოხვდით?

ნუგზარი:

- შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! წამოვიდა უც­ხოელი პროდიუსერებისგან. არის ასეთი ესტონელი პროდიუსერი, პაულ პიჰლაკი, რომელიც ტალინის მუსიკალური კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორია. მსგავსი ტიპის მუსიკა ჩვენ გარდა იქ არავის შეუსრულებია. იყვნენ უმეტესწილად როკჯგუფები და ფოლკჯგუფები, მაგრამ უფრო მეტად სინთეზური და არა სუფთა ფოლკლორი, თან ჩვენი ხალხური სიმღერა მათგან ძალიან განსხვავდება. მხოლოდ ჩვენ გვეცვა ეროვნული სამოსი. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული მუსიკა შევასრულეთ, აბსოლუტურად არ ვყოფილვართ კონტექსტიდან ამოვარდნილები. პრესამ ძალიან დიდი ყურადღება მოგვაქცია, აიღეს უამრავი ინტერვიუ, გადაიღეს ჩვენი გამოსვლა.

ბუბა:

- ამ ფესტივალზე, რომელიც ხუთი წელია იმართება, საქართველოდან აქამდე არავინ ყოფილა და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთი ანსამბლი, კვირეულის ისტორიის განმავლობაში, არ გამოუძახიათ ბისზე ჩვენ გარდა.

ნუგზარი:

- დიდ სავაჭრო ცენტრში გამოსვლით გავხსენით კვირეული. საკმაოდ საინტერესო ფლეშმობის ტიპის გამოსვლა გვქონდა, სულ 6-7 სიმღერა უნდა შეგვესრულებინა, ვინაიდან საღამოს ჩვენი სოლოკონცერტი უკვე დარბაზში იმართებოდა. წარმოიდგინეთ, დიდ სავაჭრო ცენტრში უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი და უცბად დავიწყეთ მრავალჟამიერის შესრულება, ოღონდ თავიდან ვერ მიხვდნენ, საიდან ისმოდა ეს ხმა, შემდეგ კი ჩვენ ნელ-ნელა ესკალატორით ჩამოვედით. ანუ ფესტივალს საკმაოდ მოულოდნელი გახსნა ჰქონდა, რაც ჩვენს ანსამბლს დაუკავშირდა.

საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოში კონცერტი არ გვქონია და ალბათ პირველი ქართული ანსამბლი ვართ, რომელსაც სადებიუტო გამოსვლა უცხოურ სცენაზე ჰქონდა.

- ვიცი, რომ ფესტივალს ესტონეთის პრეზიდენტი ესწრებოდა.

ბუბა:

- ამ ფესტივალს იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ მას ყოველ წელიწადს ესტონეთის პრეზიდენტი ხსნის. მთელი ქალაქი ჩართულია ამ კვირეულში. საღამოს 6 საათიდან დაწყებული, ღამის 2-3-საათამდე სადმე თუ დარბაზი, კაფე და ბარია, ყველა სცენა დაკავებულია და ყველგან რაღაც ხდება.

ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, როგორც ანსამბლისთვის, იყო 7 აპრილი, დასკვნითი დღე, როდესაც გვქონდა საშუალება, შევხვედროდით არაერთ ევროპელ პროდიუსერს, მუსიკალურ კრიტიკოსს, მოკლედ, მუსიკალურ საქმოსნებს, რომლებიც ამ სფეროში ბევრ რამეს აკეთებენ. ბოლო დღეს სუფრაზე შევხვდით "პინკ ფლოიდის" მენეჯერს და სხვა საინტერესო ადამიანებს. სხვათა შორის, ამ ჯგუფის მენეჯერმა კომპლიმენტი გვითხრა, აღფრთოვანება გამოხატა და დასძინა, რომ ქართული სიმღერა ადრეც ჰქონდა მოსმენილი. მივიღეთ საინტერესო წინადადებები სხვადასხვა ჯგუფისგან ერთობლივი საქმიანობის შესახებ. უცხოეთს კიდევ ბევრი გეგმა უკავშირდება, რადგან გვყავს პროდიუსერი, იულია ვოლოჟი, რომელიც ამ კუთხით გვეხმარება.

ნუგზარი:

- ერთი ძალიან სასიამოვნო შეხვედრა გვქონდა. გავიცანით მოსკოვში მცხოვრები ქართველი კინოდოკუმენტალისტი ამირან ნემსაძე. ის უახლოეს მომავალში საქართველოში აპირებს ჩამოსვლას და დოკუმენტური ფილმის გადაღებას. სამომავლოდ ერთობლივი პროექტი დავსახეთ. უნდა, რომ ფილმის შექმნაში მონაწილეობა მივიღოთ არა მხოლოდ სიმღერით.

- ვიცი, რომ საქართველოში მალე "თბილისის მუსიკალური კვირეული" ტარდება და აქაც მიიღებთ მონაწილეობას.

- დიახ. ესტონელი პროდიუსერი პაულ პიჰლაკი გეგმავს საქართველოში მუსიკალური კვირეულის გამართვას, სადაც ჩამოვა რამდენიმე ესტონური ჯგუფი, ცნობილი ფინელი აკორდეონისტი კიმო პოჰიონენი, საქართველოდან კი მონაწილეობას მივიღებთ ანსამბლები "იბერი" და "დიდგორი".

ზემოხსენებული მუსიკალური კვირეული თბილისში 9-11 მაისს გაიმართება.

- საქართველოსთან დაკავშირებით გეგმები გაქვთ?

ნუგზარი:

- ვიწყებთ ალბომზე მუშაობას. გვინდა სოლოკონცერტის გამართვაც, მაგრამ ალბათ, უფრო შემოდგომისთვის.

მარიამ ლაღიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება