ტერმინი "კონკიას კარიბჭე" ასტროლოგიურ ლექსიკონში ჯერ კიდევ ბრიტანული მონარქიის ცნობილი წყვილის, ლედი დაიანას და პრინცი ჩარლზის ქორწინების შემდეგ დამკვიდრდა. "კონკიას კარიბჭე" ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური კომბინაცია პლანეტებს შორის, რომელიც ცაზე საკმაოდ იშვიათად (დაახლოებით ხუთ წელიწადში ორჯერ) იქმნება და ამ პერიოდში ისევე როგორც კონკიას შეზღუდულ დროში, მეჯლისის დამთავრებამდე, ადამიანებს ეძლევათ შანსი, პირადი (ან ფინანსური) ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ.
2013 წელი სხვა მნიშვნელოვან მახასიათებლებთან ერთად, სწორედ "კონკიას კარიბჭის" უნიკალური პრეცედენტით იქნება ცნობილი. ე.წ. "კონკიას კარიბჭის" შინაარსში კი ცის კაბადონზე, ოთხი მნიშვნელოვანი პლანეტის: ქირონის, ნეპტუნის, ვენერასა და იუპიტერის დადებითი კონფიგურაციების შექმნა მოიაზრება, რომელიც ადამიანებში თავის მხრივ რომანტიკულ განწყობილებას, სითბოსა და სიყვარულის მოთხოვნილებას, საწინააღმდეგო სქესის ინტუიციურად გაგების უნარსა და ბავშვობის დროინდელი, ზღაპრული ამბების რეალობაში განხორციელების დაუძლეველ სურვილს ააქტიურებს. აქედან გამომდინარე, მაშინ, როცა ცაზე "კონკიას კარიბჭე" იხსნება, ნებისმიერი ჩვენგანისთვის მარტივი და რაც მთავარია მოსალოდნელია, ცხოვრებამ სწორედ ამ დროს "ის ერთადერთი" გამოიმეტოს. თუმცა პლანეტა ქირონის არაპროგნოზირებადი ხასიათის გამო შესაძლებელია პრინცი ან პრინცესა თქვენს ცხოვრებაში თეთრი ცხენით ან ბროლის ფეხსაცმლით სულაც არ მოვიდეს. უფრო მეტიც, გამორიცხული არ არის, თავი ლუის კეროლის ცნობილი ნაწარმოების "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" მთავარ გმირად იგრძნოთ, რომელიც საოცრებათა ქვეყანაში მისთვის აბსოლუტურად მოულოდნელად და დაუგეგმავად აღმოჩნდა; ამ პერიოდში, შესაბამისად, მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ ცხოვრებამ შესაძლოა, უჩვეულო და ამაღელვებელი რომანტიკული თავგადასავლებით გაგაკვირვოთ. გამორიცხული არ არის, გაიცნოთ სწორედ ის ადამიანი, რომელიც თავისი არაადეკვატური სახელის, პროფესიის ან საქციელის გამო კატეგორიულად არც განიხილება სამომავლოდ თქვენი მეორე ნახევრის პოზიციაზე, მაგრამ სანამ "კონკიას კარიბჭე" ღიაა, ყოველგვარი სახის მოულოდნელობა და სასწაული შეიძლება მოხდეს. ამიტომ კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ ზღაპარი მოჯადოებულ პრინცად ქცეული "მახინჯი გომბეშოს" შესახებ, გამორიცხული არ არის, მისი სიუჟეტი თქვენს ცხოვრებაშიც სრული სიზუსტით განმეორდეს. ნუ დაგავიწყდებათ ის ფაქტიც, რომ კონკიას კარეტა არაფერი იყო სინამდვილეში, თუ არა ჩვეულებრივი გოგრა... ამიტომ გამორიცხული არ არის, ნანატრი პარტნიორი აქამდე თქვენთვის შეუმჩნევლად იმალებოდეს თქვენსავე სამეგობროში... "კონკიას კარიბჭე" კი სწორედ მის ამოცნობა-გამოაშკარავებაში დაგეხმარებათ.
როდის გაიღება იგი?
"კონკიას კარიბჭე" 2013 წლის 26 მარტიდან, აგვისტოს 21 რიცხვამდე იქნება ღია და სწორედ ამ პერიოდში დაფიქსირდება პლანეტებს შორის განსაკუთრებით დადებითი დამოკიდებულება. ამასთან, აქვე მინდა, იმის შესახებაც გაგაფრთხილოთ, რომ 2013 წლის "კონკიას კარიბჭე" წყლის სტიქიის ნიშნებში იქნება აქცენტირებული. აქედან გამომდინარე, ქირონისა და ნეპტუნის თევზების ზოდიაქოში განლაგება, იუპიტერის კირჩხიბის ზოდიაქოში გადასვლით, გაააქტიურებს ადამიანებში ერთმანეთის ინტუიციური გაგების უნარს, გულმოწყალებასა და რომანტიზმს; იუპიტერი კი თავის მხრივ ამ ყველაფერს "წარმატებული კავშირის" ელფერით გააფერადებს. პლანეტა ვენერასთან შექმნილი ასპექტები კი ივნისის 5-დან 15-მდე, საუკეთესო საფუძველს შექმნის ხანგრძლივი რომანტიკული ნაცნობობის დასაწყებად. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ შავი მთვარის (ლილიტის) განლაგება 2013 წლის მანძილზე, პირად ურთიერთობებში უმცირეს სიყალბესაც კი არ აპატიებს ადამიანებს. ამიტომ თქვენთვისაც წარმატებით რომ გაიღოს "კონკიას კარიბჭე", აუცილებელია, მაქსიმალურად თავი შეიკავოთ ყოველგვარი სახის უზუსტობისა და ტყუილისაგან.
მომდევნო ორი წლის მანძილზე უნიკალურ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს პლანეტა ნეპტუნისა და ვარსკვლავ ფომალგაუტის შეერთება, რომელიც 2013 წელს 26 მარტს, ხოლო 2014 წელს 27 იანვარს მოხდება და ეს დღეები განსაკუთრებული, დადებითი ენერგეტიკითა და წარმატების საოცარი შანსებით იქნება გამორჩეული ნებისმიერი ადამიანისთვის. მთელი 2013 წლის მანძილზე, პლანეტა ნეპტუნი ვარსკვლავ ფომალგაუტსა და დენებს შორის მოექცევა, რაც საშუალებას მისცემს ადამიანებს ე.წ. "ლურჯი ფრინველი" დაიჭირონ ცხოვრებაში და საკუთარ თამამ, ერთი შეხედვით, უტოპიურ სურვილებსაც კი შეასხან ფრთები. ხოლო პერიოდი, როცა ნეპტუნი ამ ორი დასახელებული ვარსკვლავის პოზიტიური ენერგეტიკის ჩვენზე პროექციას მოახდენს, 14 მარტიდან 14 აპრილამდე, შემდგომში კი 5 მაისიდან 14 ივლისამდე გაგრძელდება. ამიტომ ეს ვადა, ყველამ გონივრულად უნდა გამოიყენოს! ამასთან, ნეპტუნის ყველაზე ახლო ტრანზიტი ვარსკვლავებთან, ზუსტად 7 ივნისს მოხდება, შესაბამისად, ეს დღე ასტროლოგიური გათვლების მიხედვით, განსაკუთრებით დადებითი და ნაყოფიერი იქნება სამწერლო, ლიტერატურულ ან ჟურნალისტურ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის.
(გამოდის ხუთშაბათობით)