"ნაცმოძრაობის" 19 აპრილის აქციისთვის "ნაციონალებთან" ერთად ხელისუფლების წარმომადგენლებიც ემზადებიან. კერძოდ, თუ აქციაზე სერიოზული ინციდენტი მოხდა, ეს დარტყმას პირველ რიგში ახალ მმართველ ძალას მიაყენებს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ 19 აპრილს "ნაციონალების" უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული.
- ლოზუნგი "ევროპული არჩევანისთვის", რომლის გარშემოც "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა 19 აპრილს მომიტინგეები გააერთიანოს, და რამაც, მათი აზრით, ადამიანები ქუჩაში უნდა გამოიყვანოს, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზული და არადამაჯერებელია, რადგან უკვე მთელმა მსოფლიომ დაინახა - საქართველოს, მისი ახალი ხელისუფლების კურსი პროდასავლურია, ევროინტეგრაციის გზაზე მყარად ვდგავართ. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ახალი ხელისუფლების ხედვა, დამოკიდებულება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებისადმი. ასე რომ, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს, ამის დასტურია საერთაშორისო პრესის მიერ ბოლო ხანს საქართველოზე გამოქვეყნებული პუბლიკაციები, რაც განსხვავდება თუნდაც 1-2 თვის წინანდელი დამოკიდებულებისგან, როცა ნაცმოძრაობის ლობისტების მიერ დასავლეთში ერთი აჟიოტაჟი და ორომტრიალი იყო ატეხილი. ეს ცვლილება, ცხადია, არ არის შემთხვევითი... მაშ, რა მიზანს ემსახურება 19 აპრილის მიტინგი? საზოგადოება ხედავს იმასაც, რომ "ქართული ოცნება" ყველა საარჩევნო დაპირებას, საგარეოსა თუ საშინაოს, ნაბიჯ-ნაბიჯ ასრულებს. ასე რომ, "ნაციონალური მოძრაობისთვის" ეს ყველაფერი მხოლოდ საბაბია, მას თვითგადარჩენის ინსტინქტი ამოძრავებს. 19 აპრილის აქცია მათ საკუთარი ძალების დათვალიერება-მობილიზაციისთვის სჭირდებათ. ამ გზით ცდილობენ საქართველოს მოსახლეობას თავიანთი არსებობა შეახსენონ, დღეს "ნაცმოძრაობა" აგონიაში მყოფი, სულთმობრძავი პოლიტიკური ძალაა, რომელიც პოლიტიკურ რეანიმაციას ცდილობს.
- არაერთგვაროვნად აფასებენ იმას, რომ ამჟამინდელი ოპოზიციის მიტინგი რუსთაველის გამზირზე ტარდება...
- ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ "ნაცმოძრაობა" ზნეობასთან მწყრალად არის. ადამიანები, ვისი ბრძანებითაც 26 მაისს ხალხს უმოწყალოდ უსწორდებოდნენ, ხოცავდნენ და მერე მაღაზიების თავზე აწყობდნენ, 7 ნოემბერს თანამოქალაქეებს გაზით წამლავდნენ, ხელკეტებით ასახიჩრებდნენ, დღეს ამ გამზირზე ადამიანის უფლებების დაცვაზე აპირებენ ხმამაღალ ლაპარაკს. სააკაშვილმა სულ რამდენიმე თვის წინ რუსთაველის გამზირს საძულველი უწოდა. აღშფოთებული იყო, იქ მხოლოდ თბილისის პრესტიჟული უბნების მცხოვრებლები იკრიბებიანო. ახლა თავის მომხრეებს ამ გამზირზე კრებს, ბუკითა და ნაღარით უხმობს, უკვე მერამდენედ, ხელ-ფეხ თუ კისერმოტეხილი.
- ლაპარაკია 19 აპრილს მოსალოდნელ პროვოკაციაზეც, რას აკეთებს ხელისუფლება დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად?
- თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორ შეიჭრა თბილისის მერი გიგი უგულავა გაშმაგებული 8 თებერვალს მომიტინგეების რიგებში, აშკარაა, რომ ეს ადამიანები ყველაფერზე წამსვლელები არიან, პოლიტიკური ქულები რომ ჩაიწერონ... კონსტიტუციით, მოქალაქეებს აქვთ ღია ცის ქვეშ მშვიდობიანი შეკრების უფლება და მათი უსაფრთხოება ყოველმხრივ დაცული იქნება. "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით, დღევანდელი ხელისუფლება ადამიანებს არ მოიტაცებს, გატაცებულებს არ მიაბამს ხეებზე და მანქანებს არ დაუწვავს, არმატურით უმოწყალოდ არ სცემს, რეზინის ტყვიებს არ დაუშენს, გაზით არ მოწამლავს. ეს ჩვენი ურყევი პოლიტიკური ნებაა. სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს აკეთებენ ექსცესების თავიდან ასაცილებლად, ყველა სავარაუდო საფრთხე საფუძველშივე იქნება აღკვეთილი და ნეიტრალიზებული. ეს ჩვენი, როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რასაც, დარწმუნებული ვარ, თავს გავართმევთ.
- გავრცელებული ხმებით, მიტინგზე, შესაძლოა, მივიდნენ ადამიანები, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" ოპონენტები არიან, მათ შორის 7 ნოემბერს თუ 26 მაისს დაზარალებულები... როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
- დღეს სააკაშვილი ცხოვრობს ქალაქში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ის, რბილად რომ ვთქვათ, არ უყვარს. თბილისელების აბსოლუტური უმრავლესობა "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური მოწინააღმდეგეა, მათ ათივე მანდატი წააგეს თბილისში, ხალხს "ნაცმოძრაობის" ბევრი დანაშაული ახსოვს და არ პატიობს მას, ამიტომ არა მგონია, ეს აქცია ხალხმრავალი იყოს. მიუხედავად ასეთი განწყობისა, მოვუწოდებ ყველას, "ქართული ოცნების" მომხრეებს, ვაცალოთ მათ მშვიდობიანი აქციის ჩატარება, დავიცვათ საზოგადოებრივი წესრიგი, რადგან ნებისმიერი პროვოკაცია მხოლოდ "ნაცმოძრაობის" წისქვილზე დაასხამს წყალს. მესმის, რთულია იმ პოლიტიკოსის მიკროფონთან ყელყელაობისა და ადამიანის უფლებების, ევროპული ღირებულებების დაცვაზე ტირადების ატანა, რომლის ხელისუფლებაში ყოფნისას ადამიანებს ცოცხით აუპატიურებდნენ და ქვეყანაში საყოველთაო თვალთვალის, შანტაჟისა და მოსმენის ატმოსფეროს ამკვიდრებდნენ. მაგრამ საზოგადოებას, მით უმეტეს ხელისუფლებას, აქვს თმენის ვალდებულება, კანონის მოთხოვნები ყველამ თანაბრად უნდა დავიცვათ. ეს ყველაფერი ისევ ქვეყნის მომავალი სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის არის საჭირო. ვფიქრობ, საზოგადოება ამ დღეს კიდევ ერთხელ გამოიჩენს სიბრძნეს და პოლიტიკურ შორსმჭვრეტელობას. "ნაცმოძრაობა" კი საკუთარი პოლიტიკური კრახის, გარდაცვალების მოწმე გახდება.
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)