დიზაინერი ანუკი არეშიძე საქმიანობაში გააქტიურებას და უახლოეს პერიოდში ბრენდის - "ანუკი და ბიჭოლა" მაღაზიის გახსნას გეგმავს. ანუკის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ, თუ ვის მიუძღვის ყველაზე დიდი წვლილი მის წარმატებაში, რა არ მოსწონს საკუთარ თავში და რას გრძნობს, როცა მეუღლის კრიტიკას ისმენს...
- დაბადების თარიღი...
- 1989 წლის 1-ლი ივლისი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...ექიმი, მაგრამ როცა წამოვიზარდე, მერე სხვა ინტერესები გამიჩნდა. ექიმობის სურვილი თანდათან გამიქრა.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...დედას. ერთი შეხედვით, ძალიან ადვილია, წახვიდე პარიზში, მერე - მილანში და იქ პოდიუმზე გახვიდე. სინამდვილეში, ამის მისაღწევად ბევრი ვიშრომე. ჩემი თაობის გოგონებმა კარგად იციან, თბილისში არც ერთ კასტინგზე არ მირჩევდნენ, ყველასგან დაწუნებული ვიყავი, მაგრამ დედამ შთამაგონა, რომ შემეძლო წარმატებული მოდელი გავმხდარიყავი. ვარჯიში დავიწყე. ბევრი დამცინოდა, - პარიზში რომ წახვალ, წინ დაჯექი და მალე ჩახვალო. მართლა წინ დავჯექი, ჩავედი და დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო. მერე ყველაფერი დავთმე - ეს კახის მოთხოვნა არ ყოფილა, უბრალოდ, სიტუაციამ ასე მოიტანა. ჰოდა, მეც მოვეშვი, აღარ მოვინდომე. მერე ორსულად ვიყავი... არაფერს ვნანობ. სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც მოდელობას შევეშვი, მილანში მოდის 2 ინსტიტუტი დავამთავრე.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...მყავს ოჯახი. ეს ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრეა.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...მიზანდასახული ვარ.
- რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ...ცოტათი ზარმაცი ვარ.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...გაცილებით მეტ ადამიანს დავეხმარებოდი, ურთიერთობებს უფრო მეტად გავუფრთხილდებოდი.
- დაშვებულ შეცდომებს...
- ...ვაანალიზებ და ვცდილობ, აღარ გავიმეორო. ვერ ვიტყვი, რომ ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული, მაგრამ პატარა შეცდომებიც მაწუხებს. მადლობა უფალს, სანანებელი არაფერი გამიკეთებია.
- ვერაფრით ვისწავლე...
- ...ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი. მაგალითად, ვერ ვისწავლე, როგორ მოვახერხო, რომ არ ვიყო ზედაპირული. ეს თვისება საქმის კეთებისას არ მაქვს, უფრო ყოველდღიურ ცხოვრებაში მახასიათებს და სიმართლე გითხრათ, არ მომწონს.
- დათმობა შემიძლია, თუ...
- ...ადამიანი მიყვარს. ყველასთან ბოლომდე ვიხარჯები, მხარში ვუდგები. საკმარისია, ისეთი რაღაც შეეშალოს, რასაც საკუთარ თავს არ ვაპატიებდი, მერე ის ადამიანი ჩემ გვერდით ვეღარ იქნება. ბავშვობაში ბევრმა გული მატკინა. ახლა ჩემთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობენ, მაგრამ მათთან მეგობრობის სურვილი ნაკლებად მაქვს.
- თავს ვერ ვიკავებ და ვტირი, როცა...
- ...ადამიანები საინტერესო ამბებს ჰყვებიან. ემოციური ვარ და სენტიმენტალურიც. საკმარისია, ფილმში ვნახო, როგორ სჯიან ძაღლს, რომ ტირილს ვიწყებ.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...უფრო ხშირად ჩემი შვილების მომავალზე ვფიქრობ.
- როცა თავისუფალი დრო მაქვს...
- ...მე და კახი ბაღში გავდივართ და ყვავილებს ვუვლით.
- ვიბნევი, როცა...
- ...მაქებენ.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...მილანში, ჩემს ოჯახთან ერთად, თანაც - პარკში, ნაყინით ხელში. ბოლოს მილანში 2 თვის წინ ვიყავი. კახის დღის რეჟიმის გამო, იქ ყოფნას ვეღარ ვახერხებ.
- კახის პოლიტიკაში წასვლის შემდეგ, მის დღის რეჟიმთან შეგუება...
- ...არ გამჭირვებია.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ...უსამართლობას, ტყუილს. ამას მართლა ვერ ვეგუები, არადა - მსგავს ფაქტებს ხშირად ვაწყდები.
- როცა წონასწორობიდან გამოვდივარ...
- ...ყვირილი არ მახასიათებს; უბრალოდ, მწარე სიტყვებს ვამბობ ხოლმე.
- შურისძიებაზე წავსულვარ...
- ...რამდენჯერმე და მიზნისთვისაც მიმიღწევია, მაგრამ ამას ისე ვაკეთებდი, რომ თავად ის ადამიანიც ვერ ხვდებოდა, მასზე შური რომ ვიძიე.
- მეზარება...
- ...დილით ადრე ადგომა.
- მე ვარ შეუმდგარი...
- ...მოცეკვავე.
- ჩემზე ამბობენ, რომ...
- ...არ ვიცი, ბევრ რამეს ამბობენ. საკუთარ თავზე ცუდი არაფერი გამიგია. ამბობენ, - კარგი გოგოაო. ოღონდ, ეს სიტყვები თავის ქებაში არ ჩამითვალო.
- როცა ჩემს მეუღლეს აკრიტიკებენ...
- ...ვცდილობ, კახის იმ კრიტიკოსის თვალით შევხედო. ჯანსაღი, არგუმენტირებული კრიტიკის მოსმენა არ მაღიზიანებს, ეს სასურველიც კი არის, მაგრამ უსამართლო კრიტიკის მოსმენისას ვბრაზდები.
- ჩვევად მაქვს...
- ...ამ ბოლო დროს, საღამოობით კახის ყველაფერს ვუყვები, რასაც მასზე ვიგებ, რაც მის საქმიანობასთან არის დაკავშირებული. ჩვენ მთელი დღის ნაგროვებ ემოციებს ერთმანეთს ვუცვლით. ვფიქრობ, ეს ნორმალურია.
- კახის ხშირად ვურჩევ...
- ...რჩევებს ვაძლევ, მაგრამ დეტალებზე საჯაროდ ლაპარაკი არ მინდა, ეს ჩვენი საიდუმლოა; ზოგჯერ რჩევებს ვაძლევ ჩაცმულობაზეც.
- ბოლოს შენიშვნა მივეცი...
- ...ეს მართლა არ მახსოვს. იმ ცოლების კატეგორიას არ განვეკუთვნები, რომლებიც ქმრებს გამუდმებით შენიშვნებს აძლევენ. ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება.
- მასში ყველაზე მეტად მომწონს და მიყვარს...
- ...ყველაფერი მიყვარს. კახი გაცნობის დღიდან ყურადღებიანი იყო და დღესაც ასეა. მას ბევრი კარგი თვისება აქვს. ასე რომ არ იყოს, მერწმუნეთ, ჩვენ ერთად ვერ ვიცხოვრებდით. პოლიტიკური საქმიანობის პარალელურად, 31 მაისისთვისაც ემზადება - ამ დღეს კახის ფეხბურთიდან გასაცილებელი მატჩია დაგეგმილი. ჯერ დეტალები არ ვიცი, მაგრამ ცნობილია, რომ ყველა ფეხბურთელი ჩამოვა, ვისაც მასთან ერთად, გუნდში უთამაშია.
- მასში არ მომწონს...
- ...არ ვიცი, ამაზე არ დავფიქრებულვარ.
- ცხოვრებას ვილამაზებ...
- ...შვილებით.
- სიყვარული ეს...
- ...სიყვარული ეს არის ზაფხული ზამთარში, წვიმაში - მზე.
- ვოცნებობ...
- ...დროის უკან დაბრუნება შემეძლოს.
- ვეპრანჭები...
- ...საკუთარ თავს, მეუღლეს.
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ...კარგმა მუსიკამ.
- ცხოვრებაში რისკზე...
- ...გამირისკავს, მაგრამ ხშირად - არა. ბავშვობიდან მახსოვს მამის დარიგება: ვიდრე რამეს იტყვი ან გააკეთებ, ათამდე დაითვალეო. ჰოდა, მეც ყოველთვის ასე ვიქცევი.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...არ მაქვს სისუსტეები... ან მაქვს და არ ვიცი.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...ვწითლდები.
- მეშინია...
- ...სიკვდილის.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ....გულმავიწყობის გამო.
- ვუფრთხილდები...
- ...ოჯახს, ჩემთვის ძვირფას ადამიანებს.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...ერთმა ახლობელმა მითხრა: ცხოვრება დიდი კიბეა. მასზე ასვლისას, არ უნდა გაჩერდე, თორემ შენ სადღაც, შუაში დარჩები და სხვა აგასწრებსო.
- ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი...
- ...როგორც ყველა ადამიანს, დიდი ტკივილი მეც მაქვს, მაგრამ არ მინდა, ახლა ამაზე ვილაპარაკო.
- დაბოლოს, გეტყვით, რომ...
- ...მინდა, ყველანი ბედნიერები და ჯანმრთელები იყოთ.
თამუნა კვინიკაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)
ასევე იხილეთ:
-სტუმრად კალაძეებთან - უკრაინული არხის ინტერვიუ ანუკა არეშიძესთან
- ვინ უცვლის ანუკი არეშიძეს ქმარს?! - ბიჭოლა და ანუკი უკრაინული მედიის ობიექტივში