ბოლო ხანს მეტად გამწვავდა ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისების თემა. პრობლემა მრავალწახნაგოვანია და ძალიან ბევრ ასპექტს მოიცავს. უკვე არაერთ სოფელში დაუპირისპირდა ადგილობრივი მოსახლეობა უცხოელ ინვესტორებს. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში მოხდა. დიცი უშუალოდ ცხინვალის მოსაზღვრე სოფელია, სადაც, ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი გადის. შესაბამისად, პრობლემა განსაკუთრებულად ფაქიზი და საფრთხილოა. ადგილობრივთა მტკიცებით, მიწა წინა ხელისუფლების პირობებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სარეზერვო ფონდიდან გაიყიდა. თუმცა, თავის მხრივ, ინვესტორი კეთილსინდისიერი მყიდველია, რომელმაც გვარიანი თანხა გადაიხადა და დღეს ამ მიწის დამუშავებას ცდილობს. სოფელში სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო. გავრცელებული ინფორმაციით, მიწის მესაკუთრე ერთ-ერთი ინდური კომპანიაა. როგორც უკვე ვთქვით, პრობლემა მრავალმხრივია და სახელმწიფოსგან დროულ რეაგირებას საჭიროებს. გვესაუბრება ინდოელი ინვესტორი, კომპანია "ფუდლენდის" დირექტორი ჯაგპალ (პოლ) სინგჰი:
- საქართველოში პირველად 2009 წელს ჩამოვედი სრულიად სხვა ბიზნესის გამო, მაგრამ შემდგომ დავინახე რა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობაში სერიოზული პოტენციალი იყო, გადავწყვიტე, ამ სფეროში მეცადა ბედი. ეს ინტერესი შესაძლოა, გენეტიკურიც იყო, რადგან ჩემი წინაპრები მიწათმოქმედები იყვნენ. მე ძალიან ადრეულ ასაკში წავედი ამერიკაში საცხოვრებლად, დღეს კანადის მოქალაქე ვარ. ბოლო წლებში 70-მდე ქვეყანასთან მქონდა საქმიანი ურთიერთობა, თუმცა სოფლის მეურნეობით არასდროს ვიყავი დაკავებული. მოკლედ, ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სოფლის მეურნეობაში მუშაობის კარგი და ცუდი გამოცდილება შევიძინე. ჩემ შემდეგ რამდენიმე მსხვილი ინდოელი ბიზნესმენიც დაინტერესდა საქართველოთი, მათაც შეიძინეს საქართველოში მიწები, რომელთა განკარგვისა და მენეჯმენტის წარმართვის უფლება მე გადმომცეს. მუდმივად ვერც მე ვარ აქ, რადგან ჩემი ოჯახი კანადაში ცხოვრობს. ჩვენს საქმიანობაში ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა შარშანდელი ივლისიდან მოყოლებული ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა.
- თავდაპირველად რატომ დაინტერესდით საქართველოთი?
- ბოლო 27 წელი ამერიკასა და კანადაში ძალიან მშვიდად და დალაგებულად ვიცხოვრე. ჩემი ცხოვრება, მუხედავად ბიზნესსაქმიანობისა, ცოტა უინტერესოც კი გახდა, ვიფიქრე, რომ ახალ ქვეყანაში საქმის წამოწყებით სიახლეს შევიტანდი ჩემს ცხოვრებაში და გამოვცოცხლდებოდი. საქართველო აღმოჩნდა ქვეყანა, სადაც ფულით შეგიძლია იყიდო "კარგი პრობლემები", სტრესი და ნევროზი, შესაბამისად, გამოცოცხლდე კიდეც. მოკლედ, აქ ჩემი საქმიანობა სააფთიაქო ბიზნესით დავიწყე და ძალიან მიკვირდა, როდესაც მოთხოვნილება სტრესის საწინააღმდეგო პრეპარატებზე ძალიან დიდი იყო, ახლა აღარ მიკვირს (იცინის). მე თვითონ დავიწყე მათი მიღება.
- გორის რაიონის სოფელ დიცში ადგილობრივი მოსახლეობა ინდოელ ინვესტორებს დაუპირისპირდა, ეს თქვენი მიწებია?
- არა, თუმცა ვიცი, იქ რაც ხდება, იგივე პრობლემები მაქვს მეც. ჩემი კომპანია ფლობს მიწებს დვანსა (150 ჰა) და ზეღდულეთში (75 ჰა). ეს მიწები კანონის სრული დაცვით მაქვს ნაყიდი.
- სავარაუდოდ, რამდენიმე ინდოელ ინვესტორს წინა ხელისუფლებამ სახელმწიფო სარეზერვო მიწები მიჰყიდა.
- ეს არ შეეფერება სიმართლეს, ყოველ შემთხვევაში, მე მიწის ნაკვეთები ნამდვილად კერძო მფლობელებისგან ვიყიდე, რომლებიც მიწას ვერ ამუშავებდნენ. ეს არ ყოფილა საძოვრები, ეს იყო სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომელიც დაუმუშავებლობის გამო საძოვრად ჰქონდათ ქცეული. სოფელ ზეღდულეთში ადგილობრივები გვეუბნებოდნენ, რომ მათ საძოვარი აღარ დარჩათ. რის მერეც ავდექი და ჩემი კუთვნილი 75 ჰა-დან 25 ჰა სოფლის მოსახლეობას საძოვრისთვის გადავეცი. რაც შეეხება სოფელ დიცს, იქ ინვესტორმა მიწაში ნახევარი მილიონი დოლარი გადაიხადა, დაახლოებით ამდენივე - ვაშლის ახალი ჯიშების ნერგებსა და მათ ტრანსპორტირებაში, ჩამოიტანა ასევე ახალი ტექნოლოგიები და უცებ ატყდა ერთი ამბავი. დღეს კი ისე მიდის საქმე, რომ სასოფლო-სამეურეო საქმიანობის წარმოებას ვერ ახერხებს. 5-6 თვეს დავიცდით და თუ ეს პროცესი ასე გაგრძელდა, იძულებული ვიქნებით, ყველაფერი გავყიდოთ და აქედან წავიდეთ, მაგრამ ეს არც ჩვენთვის იქნება კარგი და არც ამ ქვეყნისთვის. ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობას სჭირდება ახსნა, თუ რა სარგებელს იღებს მთელი ქვეყანა და რიგითი მოქალაქე რეალური ინვესტორისგან.
- ბრძანეთ, რომ შარშან ივლისიდან გართულდა ვითარება. რა იყო ამის მიზეზი?
- არ ვიცი, როგორ და რანაირად, მაგრამ მოხდა ისე, რომ ერთბაშად ძალიან ბევრი ინდოელი შემოვიდა საქართველოში გამდიდრების იმედით. თუმცა ისინიც მოტყუებული რჩებიან, რადგან საქართველოში არც ამდენი მიწაა და არც მიწის გაყიდვის მსურველი. საბოლოოდ, ეს ღარიბი ინდოელებიც ვერ ნახულობენ ხეირს, თანაც ინდოელთა ეს ნაკადი ადგილობრივ მცხოვრებლებს აღიზიანებს. ვფიქრობ, ამ პროცესს აუცილებლად უნდა მიაქციოს თქვენმა ხელისუფლებამ ყურადღება, რადგან რიგითი ქართველისთვის ძნელი გასარჩევია, ვინ არის რეალური ინვესტორი და ვინ - ღარიბი ინდოელი. არადა, ხომ ფაქტია, რომ აქ სერიოზული ბიზნესდაბანდებების შედეგად აიწია მიწის ფასმა. ზოგადად, ინვესტიციები ყველა სახელმწიფოს სჭირდება, რეალური კაპიტალი აისახება ბანკებში ფულის მიმოქცევაზე, შედეგად კი მცირდება სამომხმარებლო სესხის პროცენტები, მოკლედ, ეს ეკონომიკური პროცესის მთელი ჯაჭვია...
- საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, როცა უცხოელები ყიდულობენ მიწას, მოსახლეობის შეშფოთება ბუნებრივია...
- თუ ვინმეს მიწის გაყიდვა არ უნდა, ნუ გაყიდის, ჩვენ ხომ არავის ვაიძულებთ. გარდა ამისა, ამ მიწას ხომ ვერსად წავიღებთ, ის ქართული იყო ათასწლეულების განმავლობაში და დარჩება ქართულ მიწად კიდევ მრავალი ათასწლეული. ამასთანავე, არ მეგულება ქვეყანა, სადაც მიწის 2-3%-ზე მეტი იყოს უცხოელი ინვესტორების ხელში, მაქსიმუმ, შესაძლოა, ამან 5% შეადგინოს. კანადის მაგალითს გავიხსენებ: დაახლოებით ერთი საუკუნის წინ კანადის მთავრობამ მიზანმიმართულად ჩამოიყვანა პანჯაბელი ფერმერები და მიწა უსასყიდლოდ გადასცა, რადგან ცნობილი იყო, რომ პანჯაბელი ინდოელები კარგი მიწათმოქმედები იყვნენ, ისინი ჩაიყვანეს სოფლის მეურნეობის ასაყვავებლად და არც შემცდარან. მათმა საქმიანობამ ადგილობრივი ფერმერებიც წაახალისა და ქვეყნის სოფლის მეურნეობაში ახალი, ძალიან წარმატებული ეტაპი დაიწყო. ეს რომ აშშ-ის ხელისუფლებამ დაინახა, გასული საუკუნის 30-40-იან წლებში კალიფორნიის შტატში კანადიდან ჩაასახლა ინდოელები. ასევე წარმატებულად მოღვაწეობენ ინდოელი ფერმერები ავსტრალიაშიც. რაც დღეს აქ ხდება, ეს საქართველოზე კარგად არ აისახება. ტექნიკის თვალსაზრისით მეც არაერთი იდეა მაქვს განხორციელებული, მაქვს ასევე გეგმები, რაც ახალი თესლის შემოტანას უკავშირდება. მინდა დავეხმარო სოფლის მეურნეობაში მოღვაწე ადამიანებს ახალი კულტურების დანერგვასა და შემდგომ მათ რეალიზაციაშიც. ქართველი ხალხი უნდა დაგვეხმაროს რეალურ ინვესტორებს, იმათ, ვინც დიდ ფულს ვდებთ ამაში, რადგან ამის გარეშე საქართველოს სოფლის მეურნეობის აყვავება შეუძლებელი იქნება. ორიოდე სიტყვით იმასაც ვიტყვი, თუ რა რისკფაქტორებს შეიცავს შექმნილი ვითარება საქართველოსთვის. ხომ იცით, ცუდი ამბავი კარგზე სწრაფად ვრცელდება, მით უფრო დღევანდელ მსოფლიოში, სადაც კომუნიკაციები ასეა განვითარებული. თუ მსხვილ ინვესტორებს პრობლემები კვლავაც შეექმნათ, ისინი იძულებული იქნებიან, ხმამაღლა ილაპარაკონ ამაზე და სხვა ინვესტორებსაც გააგებინონ, რომ საქართველოში ბიზნესის წარმოება საფრთხის შემცველია, ანუ ეს არის ქვეყანა, სადაც მოგყიდიან რაღაცას და შემდეგ უკან წაგართმევენ. მოგეხსენებათ, ბიზნესგარემოს თვალსაზრისით საქართველოს ბოლო წლებში საკმაოდ მაღალი პოზიცია ეკავა მსოფლიო ბანკისა თუ სხვა რეიტინგებში. "სი-ენ-ენსა" თუ "ბი-ბი-სიზე" გადიოდა სიუჟეტები, რომ საქართველოში ფულის დაბანდებისთვის საუკეთესო გარემოა. არსებული ვითარება თუ გაგრძელდა, ეს რეიტინგები დაბლა დაიწევს, ვინც უკვე შემოვიდა და დააბანდა ფული, ნელ-ნელა ისინიც წავლენ, ბიზნესი სარისკო საქმეა - ან მოიგებ, ან წააგებ, 15-20 ბიზნესმენისთვის წასვლა დიდი ტრაგედია არ იქნება, მაგრამ საქართველოს იმიჯს გვარიანად დააზარალებს. რეპუტაციის მოპოვება მილიარდები ღირს. გამორიცხული არ არის, ამ ინვესტორთა ნაწილმა საერთაშორისო სასამართლოში უჩივლოს თქვენს ქვეყანას და კომპენსაცია მოითხოვონ.
ნათია დოლიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)