ამ დღეებში უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ყოფილი პრემიერის, იულია ტიმოშენკოს მთავრობის 6 მაღალჩინოსანი შეიწყალა, მათ შორის შს ყოფილი მინისტრი იური ლუცენკო და გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი გიორგი ფილიპჩუკი. ფორმალურად, პატიმარი მინისტრების შეწყალების მოტივაცია გაუარესებული ჯანმრთელობა გახდა. თუმცა ბრალი მათ არ მოხსნიათ. უფრო ადრე კი ციხიდან გათავისუფლდა ტიმოშენკოს მთავრობის კიდევ ერთი წარმომადგენელი ვალერი ივაშჩენკო, რომელიც თავდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა და 5-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მას და სხვა მინისტრებს პატიმრობა თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო მიესაჯათ. ჯერჯერობით კვლავ პატიმრობაში რჩება ექსპრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომელსაც 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა რუსეთთან გაზის მოწოდებაზე ხელშეკრულების გაფორმებისას თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო.
ანალიტიკოსთა აზრით, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება არა მათი ალტრუიზმის, არამედ დასავლეთიდან სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის შედეგია. 2012 წლის მაისში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებდა, "დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინა პოლიტიკური მოტივით გასამართლებული და მსჯავრდადებული ყველა პატიმარი, მათ შორის ოპოზიციის ლიდერები".
ჯერჯერობით დასავლეთი საქართველოს ასეთი კატეგორიული ფორმით მოთხოვნებს არ უყენებს. საქართველოს ხელისუფლებამ ერთგვარი წინმსწრები ნაბიჯი გადადგა, როდესაც 200-მდე პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ციხიდან გაათავისუფლა, თუმცა, მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე ლიდერს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს, ხოლო თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ციხეში აღმოჩნდა, ევროპასა და აშშ-ში ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ გახშირდა ბრალდებები შერჩევითი სამართლისა და პოლიტიკურ ოპონენტთა დევნის შესახებ. რამდენად შეესაბამება ეს ყოველივე სიმართლეს და აქვს თუ არა საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, იმის უფლება, რომ დანაშაულის ჩამდენი თუნდაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააპატიმროს ისე, რომ ამაზე წინასწარ ნებართვა არ აიღოს ქვეყნის გარეთ - ცალკე საკითხია.
თუმცა საკითხს რომ რეალისტურად მივუდგეთ, უკრაინა და, მით უფრო საქართველო, ბევრი რამით არის დამოკიდებული დასავლეთზე და მათი მოთხოვნების ხელაღებით იგნორირება ქვეყანას შეიძლება ძვირად დაუჯდეს. დიდი ალბათობით, სწორედ ეს ფაქტორი გაითვალისწინეს კიევში, როდესაც ტიმოშენკოს მთავრობის მაღალჩინოსნები გაათავისუფლეს. სულაც არ არის გამორიცხული, რომ ტიმოშენკოს არ მოუწიოს ციხეში 7 წელი ყოფნამ და ისიც გაათავისუფლონ.
საქართველოს ახალი ხელისუფლება სულაც არ არის დაინტერესებული, რომ ევროსაბჭომ უკრაინის მსგავსი რეზოლუცია საქართველოს მიმართაც მიიღოს. იქნებ ესეც არის მიზეზი იმისა. რომ ბოლო 2 თვე "ნაციონალ" მაღალჩინოსანთა მიმართ სამართლის აღსრულების პროცესი ერთგვარად დამუხრუჭდა და ხელისუფლება "ნაციონალებისათვის" ხან პარაშუტის, ხან მაშველი რგოლების გადაგდებაზე საუბრობს და მათ პოლიტიკური გადარჩენისათვის სასათბურე პირობებს უქმნის. გადმოიღებს თუ არა ოფიციალური თბილისი კოჰაბიტაციის უკრაინულ მაგალითს, უახლოეს თვეებში გამოჩნდება.
ზაზა შანიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)