საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება ტურიზმს დააზარალებს. ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი საუბრობს. მათი შეფასებით, არასტაბილურობის განცდა, რომელიც ორხელისუფლებიანობის პირობებში არის, ტურისტების აქტივობაზე უკვე აისახა. რის დასტურადაც ექსპერტები ოფიციალურ სტატისტიკას ასახელებენ. ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-მარტში, აჭარაში ტურისტების რაოდენობა 50.2%-ითაა შემცირებული. 2013 წლის იანვარ-მარტში, სულ აჭარაში 51 ათას 482 ვიზიტორი ჩავიდა, რაც წინა წლის იანვართან შედარებით 50.2%-ით ნაკლებია, 2011 წელთან შედარებით კი - 40.2%-ით ნაკლები.
ექსპერტები აღნიშნულ მონაცემებს რეალისტურს უწოდებენ.
"სტატისტიკა იგივე მეთოდით წარმოებს, მაგრამ ტურისტების შემცირება სხვადასხვა პროცესებსაც შეიძლება უკავშირდებოდეს. თუნდაც იმას, რომ ჯერჯერობით საქართველოში ორხელისუფლებიანობაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას მაინც არ ეძლევა იმის საშუალება, რომ რეალურად განახორციელოს ყველაფერი. ტურიზმს ქვეყანაში პირობები უნდა შეუქმნა მისაღები ფასებითა და მომსახურების მაღალი დონით. ბათუმში, ვთქვათ, 10-დღიანი დასვენება ბევრად უფრო მეტი ჯდება, ვიდრე სხვაგან. იგივე ფასად წახვალ ეგვიპტეში და დაისვენებ. ეს ყველაფერი კომპლექსურია - მომსახურება და ფასები, სოფლის მეურნეობა და ხელისუფლების ნება. ამ ყველაფრის ერთიანობა კი ქვეყანაში ტურიზმს განავითარებს", - განმარტავენ ექსპერტები.
ტურისტების აქტივობის კლებაზე ტურისტული კომპანიების ნაწილშიც საუბრობენ. კომპანიებში კონკრეტულ მიზეზებს არ ასახელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ მოთხოვნა იანვარ-თებერვალსა და მარტის მონაცემებით 10-%-ით არის შემცირებლი. აპრილი-მაისის პერიოდი არის მოსამზადებელი ეტაპი ტურისტული სეზონისთვის. იმედი გვაქვს, რომ ზაფხულში ვითარება დადებითად შეიცვლება",- აცხადებენ ტუროპერატორები.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9