ექსპერტი მამუკა არეშიძე შსს-სა და პროკურატურის იმ ჯგუფების საქმიანობას შიფრავს, რომლებიც მისი აზრით, დღესაც ყოფილი ხელისუფლების დაკვეთების შემსრულებლები არიან. ექსპერტის განცხადებით, ძალოვან უწყებებში საკადრო ცვლილებები გარდაუვალია: "პოლიციის ახალდანიშნული უფროსები უკვე მოხსნეს, მაგრამ რატომღაც ეს არ გახმაურებულა".
- დაახლოებით 60-კაციანი ჯგუფია შსს-ში, რომელიც წინა მთავრობის დანაშაულებში მონაწილეობდა. დღეს ამ ჯგუფის უმრავლესობას ისევ თანამდებობები უჭირავს. ისინიც კი, რომლებიც სისტემის გარეთ არიან, მშვენივრად მართავენ შსს-ში სიტუაციას.
- ვინ გყავთ მხედველობაში?
- მაგალითად, ვაჟა ლილუაშვილი, კუდის უფროსის მოადგილე, ის თანამდებობაზე აღარ არის, თუმცა ზემოხსენებულ ჯგუფთან მჭიდროდ დაკავშირებულია. ეს 60-კაციანი ჯგუფი ერთ გუნდად არის შეკრული და ქმნის მუშაობის ისეთ მეთოდოლოგიას, რომ ერთი მხრივ, მათი წარსულში ჩადენილი დანაშაულები არ ამოტივტივდეს, მეორე მხრივ, თუკი მაინც დაიწყება რომელიმე საქმეზე მათთვის არასასურველი გამოძიება, ის აუცილებლად დამუხრუჭდეს. ასეთივე ჯგუფი არსებობს პროკურატურაშიც და მათ შორის არის კოორდინაცია.
- ანუ ამ ჯგუფებს მაინც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მართავენ?
- დიახ, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ასეა. ახლახან ერთმა მოქალაქემ მომაწოდა ინფორმაცია, ჩემს უბანში პოლიციელები მთელი დღე ქუჩაში დგანან და ყველას გასაგონად მერაბიშვილს აქებენ, ამჟამინდელ მთავრობას კი აძაგებენო. როგორც ჩანს, ასეთი დავალება აქვთ ახლა ზემდგომებისგან (რომლებიც მერაბიშვილის ერთგულებით გამოირჩევიან) მიღებული.
- ე. ი. შსს-ს ამჟამინდელი მინისტრი ამ ჯგუფს ვერ აკონტროლებს?
- ღარიბაშვილი უწესიერესი კაცია. ვფიქრობ, მას დრო დასჭირდა იმისთვის, რომ სიტუაციაში გარკვეულიყო და გადაწყვეტილებები მიეღო. ვიცი, რომ მან უკვე იცის ამ ჯგუფის შესახებ და ზომებს აუცილებლად მიიღებს. უკვე ორი კვირაა ირაკლი ღარიბაშვილმა თითქმის ყველა ახალდანიშნული პოლიციის უფროსი მოხსნა, რადგან ჩათვალა, რომ ისინი იმ ჯგუფის გავლენის ქვეშ არიან. ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ გახმაურებულა. ვიცი, რომ შსს-ში არაერთი მაღალჩინოსანი სისტემის გარეთ დარჩება. სავარაუდოდ, გაათავისუფლებენ და დააქვეითებენ ისეთ მაღალჩინოსნებს, რომელთა სახელი ფართო საზოგადოებისთვისაც ცნობილია. მაგალითად, ასეთია მაღალჩინოსანი, რომელმაც პოლიტპატიმარი გარეთ გაიყვანა და დახვრეტის იმიტაცია მოუწყო. მან ვახო მაისაიას შუბლზე დაადო იარაღი და ჩახმახს თითი გამოჰკრა, თუმცა მჭიდში ტყვია არ იყო. მაისაიამ კი ერთი სიცოცხლე გაათავა.