"ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა დააანონსა, - 19 აპრილს ბევრი რამ მნიშვნელოვნად შეიცვლებაო. კულუარებში ვრცელდება ხმა, რომ საცხრამეტაპრილოდ შესაძლოა გიგი უგულავა და ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დააპატიმრონ. ამ და სხვა თემებზე არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორ კახა კახიშვილს ვესაუბრეთ:
- არა მგონია, 19 აპრილის აქციაზე განსაკუთრებული რამ მოხდეს. ეს აქცია "ნაციონალური მოძრაობისთვის" ძალის დემონსტრირების საშუალებაა. სურთ, მხარდამჭერებს გაუჩინონ იმედი, რომ კიდევ რაღაც შეუძლიათ. შესაძლოა, ამ დღისთვის "ნაცმოძრაობას" პროვოკაცია ჰქონდეს ჩაფიქრებული. შეეცდებიან პროცესების ესკალაციას, შეეცდებიან, აჩვენონ, რომ ხელისუფლება პრობლემებს უქმნის ოპოზიციას, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლებაზე. თუ პრევენციულ ღონისძიებებს უზრუნველყოფს, პროვოკაცია ვერ განხორციელდება. 19 აპრილი ხელისუფლებისთვის იქნება ტესტი, რამდენად მზად არის პროვოკაციების ასაცილებლად...
გიგი უგულავას ან სააკაშვილის ხელისუფლების რომელიმე მაღალჩინოსნის 19 აპრილამდე დაკავება ხელისუფლების დიდი პოლიტიკური შეცდომა იქნება.
ეს გაზრდის "ნაცმოძრაობის" მოტივაციას, რომ თავი ჩაგრულ ოპოზიციად წარმოაჩინოს და უფრო მკვეთრ პროვოკაციაზე გადავიდეს. დღეს რამდენად არსებობს უგულავას პასუხისგებაში მიცემის ახალი საფუძველი, არ ვიცი, მაგრამ წინა პროცესზე სასამართლომ პროკურატურას შეტყობინება გაუგზავნა, არ გაბედოთ გიგის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაო... დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც იგივე მოხდება - თუ უგულავას დაიჭერენ, სასამართლო მაინც გამოუშვებს და 19 აპრილის აქციას მოევლინება როგორც გმირი.
პროკურატურაში დღეს ეყრდნობიან იმ კადრებს, რომლებიც ადეიშვილის დროს მუშაობდნენ. მათ კი იმდენად დაკარგული აქვთ კვალიფიკაცია, ვერ უზრუნველყოფენ ბრალის ისეთ დასაბუთებას, რომ სასამართლოს არ მიეცეს პროკურატურის ლაფსუსების გამოყენების საშუალება. ეს კადრები ადეიშვილის დროს შეჩვეული იყვნენ, ცარიელი ფურცლები მიეტანათ სასამართლოში, რაც საკმარისი იყო, რომ ბრალდებულისთვის პატიმრობა შეეფარდებინათ. დღეს სასამართლოს აქვს დაკვეთა, რაც შეიძლება მეტი პრობლემა მოუნახოს პროკურატურას. პროკურატურის ცენტრალურ აპარატთან ვისაც შეხება აქვს, დაგიდასტურებთ, რომ კბილაშვილის მოადგილეებს შორის გავლენის სფეროებისთვის ბრძოლაა გაჩაღებული. გარდა ამისა, ბევრი კადრია, რომელთაც ადეიშვილის დროს გაიკეთეს კარიერა და მასთან ვალშია. არ არის გამორიცხული, ამ ხალხმა ისეთი პრობლემები შექმნას, რის გამოც ახალი ხელმძღვანელობა გაილანძღება.