5 აპრილს, პეტრე მელიქიშვილის გამზირზე მიმდებარე სკვერში, მსახიობ დოდო აბაშიძის ბიუსტი, გვიან ღამით, დაუდგენელმა პირებმა ლურჯი საღებავით შეღებეს. იმავე დღეს ანალოგიურად ლურჯად შეღებეს ცნობილი უკრაინელი პოეტის ტარას შევჩენკოს ძეგლიც.
ამ ამბებიდან არც თუ ისე დიდი ხნის წინ, სოფ. ალვანში, ლურჯად იოსებ სტალინის ძეგლიც შეღებეს, თანაც რამდენჯერმე. სწორედ ამიტომ სოციალურ ქსელებში მაშინვე გაჩნდა აზრი, რომ დოდო აბაშიძე, არც მეტი არც ნაკლები, სტალინში აერიათ, ხოლო ტარას შევჩენკო რუსი ეგონათ. ამაზე კომენტარი დოდო აბაშიძის ვაჟს, ისტორიკოს ზაზა აბაშიძეს ვთხოვეთ:
- ესაა ვანდალური ფაქტი, რომელიც ჩაიდინეს ვიღაც კრეტინებმა და რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო კრეტინის საქციელზე?
- ბატონო ზაზა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დოდო აბაშიძე აერიათ სტალინში.
- ეს არი სრული იდიოტიზმი. რანაირად შეიძლება დოდო აბაშიძე აერიოთ სტალინში?! მამაჩემის ბიუსტს დიდი ასოებით აწერია დოდო აბაშიძე, კარგით მაშინ, ტარას შევჩენკოც სტალინში აერიათ?
- ალბათ, ტარას შევჩენკო რუსი ეგონათ.
- ჯერ ერთი უკრაინელია და მეორეც რუსიც რომ ყოფილიყო, განა ეს ამართლებს ამ ნაძირალების საქციელს?! რადგან ძეგლი დგას, ესე იგი ეს პიროვნება იმსახურებს იმ ძეგლს. რას ნიშნავს საერთოდ ძეგლის შეურაცხყოფა, ვინც გინდა ის იყოს, გინდა რუსი, გინდა ჩეჩენი და გინდაც ფრანგი. მაშინ წავიდეთ და ყველა ძეგლი შევღებოთ. ისინი ვინც ამას აკეთებენ, არიან ნაძირალები და კრეტინები.
- გამოძიება მიმდინარეობს 187-ე მუხლით (სხვისი ქონები განზრხ დაზიანება),ვისი პრეროგატივაა ძეგლის მოვლა და შენახვა?
- ძეგლი ქალაქ თბილისის მერიის საკუთრებას წარმოადგენს, მასზე საავტორო უფლება აქვს მერაბ ბერძენიშვილს.