ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფლის რწმუნებულების გათავისუფლება ეტაპობრივად მიმდინარეობს. რწმუნებულების უმეტესობა ამ პროცესს უმტკივნეულოდ შეხვდა, რამდენიმე სოფელში კი, პოზიციების არდათმობას ხმაური მოყვა. ვინც განცხადებები საკუთარი ნება-სურვილით არ დაწერა, სამსახურიდან გამგებლის ბრძანებით გაათავისუფლეს. სოფელ ნატანების გათავისუფლებული რწმუნებული კახაბერ კოპლატაძე და სპეციალისტი კახა კვაჭანტირაძე ოზურგეთის გამგებელს, კოტე შარაშენიძეს ზეწოლაში ადანაშაულებენ და მათ წინააღმდეგ გამგეობის იურისტთან შესულ საჩივრებს, გამგებლის და "ოცნების" წარმომადგენლების შეთითხნილს უწოდებენ. ისინი გამგებლის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.
"კოტე შარაშენიძესთან მოლაპარაკებით, შემითითხნეს საჩივრები და შევიდა იურისტთან გამგეობაში, ჩემზე და ჩემს თანამშრომლებზეც. ერთში საუბარია, რომ თითქოს, ინფორმაცია არ მივაწოდე სოფელს ციტრუსის რეალიზაციასთან დაკავშირებით და მოსახლეობამ იზარალა მოსავალი. მეორე საჩივარი კი არის ის, რომ მე არასათანადოდ მაქვს შესრულებული სოფლის პროექტები და გაკეთებულია ყალბი ხელწერები. ამ საჩივრებზე არის ყალბი ხელწერები და ამას სასამართლო დაამტკიცებს. ამ ხალხის ნახევარმა არ იცის, ხელი რაზე აქვს მოწერილი. მადანაშაულებენ პრობაციონერებზე ზეწოლაში, სოფლის პროექტების თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში, რომელთანაც მე შეხება არ მქონია საერთოდ და ითხოვს ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას" - ამბობს კახაბერ კოპლატაძე.