სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჯერ კიდევ 4 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კახეთში სასოფლო-სამეურნეო ბარათები უკვე დარიგდა. თუმცა 6 აპრილის მდგომარეობით, რეგიონში 66 692 ოჯახს სასოფლო-სამეურნეო ბარათი ამ დრომდე არ მიუღია.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, გიორგი ჩეკურიშვილის განცხადებით, რაიონში 13 000 ბარათი გაცემულია, 12 000 ბარათი კი სამინისტროდან ჯერ არ მიუღიათ. სიღნაღის რაიონში 9 049 სასოფლო სამეურნეო ბარათი გაიცა, 6 393 ოჯახს კი ბარათი ჯერ არ მიუღია. პირველ ეტაპზე დარიგებული 7 106 კომბინირებული ბარათიდან, საგაზაფხულო სამუშაოების დაგვიანების გამო კი 4 993 ბარათი მოსახლეობამ უკან დააბრუნა. სასოფლო სამეურნეო ბარათი 6 396 ოჯახს ამ დრომდე არ მიუღია საგარეჯოს რაიონში, 10 104 ბარათი კი გლეხებზე უკვე დარიგდა.
დედოფლისწყაროში სასოფლო-სამეურნეო ბარათები 8 425 ოჯახს არ მიუღია, აქედან, 3 731 ოჯახი ძირითად სიაში, 4 694 ოჯახი კი დამატებით სიაშია შეყვანილი. ბარათი რაიონში ამ დროისთვის 3 665-მა ოჯახმა მიიღო.