სწრაფი გადახდის აპარატების ოპერატორი კომპანიები სატელეფონო მომსახურების ბალანსის შესავსებად აბონენტებს 4 %-იან საკომისიო გადასახადს უწესებენ. თუკი აქამდე საკომისიოს მობილური კომპანიები იხდიდნენ, ამიერიდან "ხარჯების" დაფარვაზე ზრუნვა აბონენტებს მოუწევთ.
"გაცნობებთ, რომ 2013 წლის 1-ლი აპრილიდან იცვლება სწრაფი გადახდის აპარატებით სატელეფონო მომსახურების ბალანსის შევსების პირობები, რომლის მიხედვითაც, მობილური ოპერატორების ("მაგთიკომი", "ჯეოსელი", "ბილაინი") მომხმარებლები თვითონ გადაიხდიან ბალანსის შევსების საკომისიოს.
საკომისიოს ოდენობას ინდივიდუალურად განსაზღვრავს სწრაფი გადახდის თითოეული კომპანია. ანგარიშის შევსება საკომისიოს გადახდის გარეშე კვლავაც შესაძლებელი იქნება სხვა ალტერნატიული გადახდის საშუალებების გამოყენებისას (სასაუბრო ბარათები, ოპერატორების სერვისცენტრები და ოპერატორების ვებგვერდები)", აღნიშნულია მობილური კომპანიების ერთობლივ პრესრელიზში.
რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში და ლახავს თუ არა ეს მომხმარებლის უფლებებს, ამის გარკვევა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ვცადეთ.
ხატია ყურაშვილი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესსამსახურის უფროსი:
- ამ ცვლილების შესახებ მობილურ ოპერატორებს კომისიისთვის ოფიციალურად არ უცნობებიათ, ჩვენც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან შევიტყვეთ და კომისიამ დაიწყო ამ საკითხის შესწავლა. გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს გადახდის სხვადასხვა გზები. მობილური ოპერატორის სერვისცენტრებსა და მათი ვებგვერდების საშუალებით შესაძლებელია, თანხა სრულად მოხვდეს აბონენტის ანგარიშზე. შესაბამისად, მომხმარებელს უფლება ექნება, აირჩიოს - ფასიან მომსახურებას მიიღებს თუ უფასოს. კომისია ამ დღეებში შეისწავლის საკითხს, რის შემდეგაც მოხდება გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება. აქამდე ცნობილი იყო, რომ მობილური ოპერატორები თვითონ იხდიდნენ მომსახურების ხარჯებს. რატომ დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი, კომისიისთვის უცნობია.
სოსო ცისკარიშვილი, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: - მიმაჩნია, რომ ეს სიახლე მობილური ოპერატორების შეთანხმებული პროვოკაციაა. მაშინ, როდესაც ქვეყანაში იზრდება პენსიების ოდენობა და არის ჩვენი მოსახლეობის დადებითად განწყობის გარკვეული საფუძველი, ზოგიერთებმა მაინც გამონახეს შესაძლებლობა იმისა, რომ ადამიანები უკმაყოფილონი იყვნენ. ჩემი აზრით, მთავარი მიზეზი უკმაყოფილების დათესვაა. 4 პროცენტი მნიშვნელოვანი თანხაა შემოსავლისა, მაგრამ არა იმდენი, საკუთარი აბონენტების წყევლა-კრულვა დაიმსახურო. ეს არის პროვოკაცია და სხვა არაფერი.
ამ კომპანიებს არანაირი წინაპირობა, წუწუნის მიზეზი არ ჰქონიათ, რომ ასე მოქცეულიყვნენ. საკმაოდ ბევრი აბონენტია ჩვენს ქვეყანაში, ყოველთვიურად 100 ლარამდე რომ აქვს გადასახადი და 4 ლარი უკვე თანხაა. ჩვენ პროტესტი გამოვთქვით მაშინ, როდესაც ეს კომპანიები 20 თეთრს ითხოვდნენ 112-ის მომსახურებისთვის, ახლაც უნდა მოვითხოვოთ, რომ ეს გადასახადი მოიხსნას. მობილური კომპანიების ეს "სიურპრიზი" პოლიტიკური ზემოქმედების შედეგია, მაგრამ ისინი ვერ ითვალისწინებენ, რომ ასეთი ნაბიჯების დამკვეთნი დღეს ხელისუფლებაში აღარ არიან. მოსახლეობამ ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს ასეთ აპარატებს, შესაბამისად, დაკარგავენ ამ სერვისს. მობილური კომპანიები კვლავ საეჭვო გარიგებებში მყოფი ადამიანების ნების აღმსრულებლები არიან, ვინაიდან იციან მათი მავნებლობის ხარისხი. ნაციონალები ყველა ბერკეტს გამოიყენებენ იმისათვის, რომ რაც შეიძლება უარყოფითი განწყობა იყოს 19 აპრილის აქციაზე ხალხის მოსაგროვებლად. ყველაფერი კი, რასაკვირველია, ახალ ხელისუფლებას დაბრალდება"...
ინტერვიუ: "ეს პროვოკაციაა!"
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)