ჟურნალისტი, ფოტოგრაფი, ტელეჟურნალისტი, მოგზაური ბადრი ვადაჭკორია, პროფესიიდან გამომდინარე, დროის უმეტეს ნაწილს მოგზაურობაში ატარებს. როგორც თავად გვითხრა, დაახლოებით 130 ქვეყანაშია ნამყოფი. მისი არქივი ორ მილიონამდე ფოტოს ინახავს. მიღებული აქვს სახელმწიფო პრემია "ოქროს ფრთა", რამდენიმე საერთაშორისო პრიზი. მოგზაურობასა და საინტერესო სამომავლო გეგმებზე ბატონი ბადრი გვიყვება.
- უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის განყოფილების (მაშინ ფილოლოგიის ფაკულტეტს მიეკუთვნებოდა) პირველი კურსიდანვე, 1971 წლიდან ტელევიზიის ჯერ ფოტოკორესპონდენტი, შემდეგ კი, 2004 წლამდე, სპეციალური კორესპონდენტი გახლდით. პარალელურად, საქართველოში გამომავალი თითქმის ყველა გაზეთისა თუ ჟურნალის ფოტოკორესპონდენტი და სპეციალური კორესპონდენტი გახლდით. თუმცა მაინც ვთვლი, რომ ფოტოგრაფია ჩემი ჰობია, ამით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ. ბოლო წლებია, ეს სიყვარული ამ ხელოვნებისადმი, უფრო გამიმძაფრდა.
- პირველად რომელ ქვეყანაში იმოგზაურეთ?
- პირველად ჟურნალისტთა ჯგუფთან ერთად, იუგოსლავიაში გავემგზავრე. არაჩვეულებრივი ქვეყანაა. ჩემი პირველი მოგზაურობა ძალიან სასიამოვნოდ და კარგად მახსენდება.
- რომელმა ქვეყანამ დატოვა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?
- დაახლოებით 130 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ოღონდ ვერ ჩამოგითვლით. ყველა თავისებურად, ძალიან ლამაზია. ევროპიდან, ავსტრიასა და შვეიცარიას გამოვარჩევდი. იქ ყველაფერი მოვლილი და შეღებილია. მონტე-კარლოში შეიძლება იგრძნო, რომ თითქმის არარაობა ხარ - იქ ძალიან მდიდარი ხალხი ცხოვრობს. ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვის უფრო მაგარი და ძვირიანი მანქანა ეყოლება. თუმცა, იქ შეიძლება, სასტუმროში ცხოვრება უფრო იაფი ღირდეს, ვიდრე სხვა ქვეყანაში. ძალიან ლამაზი და მდიდარი ქვეყანაა მონაკოც. იქ ჩასული, თავს ვიმშვიდებდი: "მდიდარს ოქრო აქვს, სამაგიეროდ, ჩვენ თვითონ ვართ ოქროები". სიმდიდრეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ახლავს თან და ხშირად ის ადამიანს სიხარულის შეგრძნებას უკარგავს. პატარა რაღაცამ უბრალო ადამიანს, შეიძლება, დიდი ბედნიერება მოგანიჭოს... ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა ბელგიის ქალაქი ბრიუგე. ულამაზესია. ამსტერდამი მომწონს კიდევ. ველოსიპედთან ძალიან უნდა "მეგობრობდე", თორემ სხვანაირად გაგიჭირდება იქ ყოფნა. მანქანის დაყენება ქალაქში, ერთი ღამით 50 ევრო ღირს. ჩინეთი და ინდოეთიც ულამაზესია. ინდოეთში მდიდრები და ძალიან ბევრი უღარიბესი ადამიანი ცხოვრობს.
- როცა რომელიმე ქვეყანაში მეორედ ჩადიხართ, თუ აღმოაჩენთ ხოლმე რაიმე ახალს?
- დიახ. მაგალითად, იტალიაში მეორედ რომ მოვხვდი, ქალაქ ბარისთან ახლოს ადგილია, რომელიც სულ სხვა იტალიაა, თავისი არქიტექტურით: სახლები ისეა ნაგები, რომ საშენი მასალები (მაგალითად, ცემენტი ან კირი) გამოყენებული არ არის. ეს ძალიან საინტერესოა. იტალიაში რომ ჩახვალთ, აუცილებლად ვენეცია უნდა მოინახულოთ. რაღაც საოცარი ადგილია. დილიდან საღამომდე დათვალიერება მყოფნის ხოლმე... დიდხანს უცხო ქვეყანაში გაძლება მიჭირს.
- თვითმფრინავის შიში გქონიათ?
- არასდროს. ძმაკაცები მყავს - დღემდე ეშინიათ ფრენის და სულ მთვრალები სხდებიან ხოლმე თვითმფრინავში, რომ შიში დასძლიონ. ჩემთვის ფრენა, ერთგვარი ადრენალინია.
- რომელი ქვეყნის სამზარეულო მოგწონთ ყველაზე მეტად?
- მექსიკური და ჩინური სამზარეულო ძალიან მიყვარს. ტაილანდში მიყვარს კიდევ, გოჭუნების ჭამა. თუ მოგეწონა, ნიანგსაც დაგიკლავენ, მაგრამ დიდი არაფერია. აგარჩევინებენ ხვლიკებს - რომელსაც ხელს დაადებ, იმას მოგიმზადებენ. გველის ხორცი ძალიან მომეწონა, გემრიელია. ისე კი, ღორის სუკს არაფერი ჯობს. ძაღლის ხორცს ვერ ვჭამ. ამბობენ, ძალიან გემრიელიაო, კორეელები ყველაზე კარგად აკეთებენ, თუმცა არ შემიძლია მისი ჭამა. ძაღლებს სადისტურად კლავენ, რათა მერე საჭმელი მოამზადონ: ჯერ დაუნდობლად სცემენ, რომ ხორცი კარგად იყოს დაბეგვილი... ამერიკელები ჭამენ ძალიან ბევრს. იქ პოპულარულია სწრაფი კვება. ქუჩაში შეიძლება, დიდი თანამდებობის პირი მოდიოდეს, კოსტიუმითა და ჰალსტუხით, მაგრამ ხელში საჭმელი ეჭიროს და გზად მიირთმევდეს. ამერიკაზე გამახსენდა: 1993 წელს მოვხვდი პირველად. მაშინ ედუარდ შევარდნაძესთან ვმუშაობდი. ჩასვლისთანავე გამაკვირვა მათხოვრების სიმრავლემ. იმ დროს საქართველოში ომი ახალი დამთავრებული იყო, ქვეყანას ძალიან უჭირდა. ვერ ნახავდი ჩვენთან მაშინ მათხოვარს. გარდა ამისა, ყველაზე მეტი პატიმარი ამერიკაშია და ყველაზე მეტი დანაშაული იქ ხდება. ამერიკელებს უნდა მივბაძოთ შრომისმოყვარეობასა და მიზანდასახულობაში. იციან ერთმანეთის გვერდით დგომაც. მიუხედავად იმისა, რომ 8-ჯერ ვარ ნამყოფი, იქ ცხოვრება არასდროს მომნდომებია.
- რომელია ქვეყანა, სადაც იცხოვრებდით?
- საქართველოს გარდა, ვერსად ვიცხოვრებდი. ევროპის ქვეყნებიდან ჩვენს მენტალიტეტთან ყველაზე ახლოს, სლოვაკეთია. ამიტომ შესაძლებელია, იქ მეცხოვრა. თანაც, ყველაზე ლამაზი და გრძელფეხება ქალები ჰყავთ. ურთიერთობაში უბრალოები არიან. როგორც იცით, უკრაინელები და რუსი ქალებიც ძალიან ლამაზები არიან. სხვათა შორის, რუსებს ყველაზე ერთგული ქალები ჰყავთ. მით უმეტეს - ქართველი კაცის ცოლი თუ გახდა.
- ალბათ უამრავი კურიოზიც გადაგხდენიათ მოგზაურობისას...
- ავიამშენებელ კომპანია "ბოინგის" მიწვევით ამერიკაში ვიყავი. სუფრასთან ორ ვიცე-პრეზიდენტთან მომიწია ყოფნამ. ეს სიეტლში ხდებოდა. ვაშინგტონიდან 6 საათი უნდა იფრინო, რომ ვაშინგტონის ტბასთან მოხვდე. ჩვენი ვახშამი სწორედ იქ შედგა. რამდენიმე ქართველი ვიყავით. ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს ახალშერთული ცოლი უმშვენებდა გვერდს. ძალიან ლამაზი გოგო იყო. ჩემ გვერდით იჯდა. ალბათ პირველი საყვარელი ქართველი ჰყავდა, ჩვენს ქვეყანაზე გიჟდებოდა. სულ "სულიკოს" მღეროდა, მაგარი ქეიფი წავიდა. სუფრის ერთ წევრს ცოლი პოლიციის პოლკოვნიკი ჰყავდა. ისე დათვრნენ, ვაშინგტონის ტბაში სულ სასმლის ბოთლების ბათქაბუთქი ისმოდა. თურმე ეს სასმელი ძალიან ძვირი ღირდა, მაგრამ მე რა მენაღვლებოდა?! (იცინის). ის კი იცოდნენ, რომ ჯარიმის გადახდა მოუწევდათ ტბის დაბინძურებისთვის. ეს დღე დასამახსოვრებელი იყო...
- მუზეუმებში თუ დადიხართ ხოლმე?
- კი. თანაც საერთაშორისო პრესის ბარათი მაქვს, რომლითაც შემიძლია, მსოფლიოს ნებისმიერი მუზეუმი უფასოდ დავათვალიერო. სალვადორ დალის მუზეუმმა მომხიბლა. ლუვრი მიყვარს ძალიან. რომ შევდივარ, "ვენერას" წინ კარგა ხანს ვდგავარ. არის ქანდაკებები, რომ ვუყურებ, მგონია, მისი ძარღვების ფეთქვას ვხედავ - საოცრებაა!.. ძალიან საინტერესო ქვეყანაა თურქეთი. რატომღაც არასერიოზულად უყურებენ ხოლმე, რადგან ახლოსაა და ადვილად ხელმისაწვდომია. ამ ქვეყანაში მართლაც ბევრი რამ არის სანახავი: კაპადოკია, ეფესო, ტაო-კლარჯეთი და სტამბოლი აუცილებლად უნდა ნახოს ყველამ. ულამაზესია ბოსფორის სრუტე. არქიტექტურის მხრივ გეტყვით, რომ შანხაი ოცდამესამე საუკუნის ქალაქია. სუპერთანამედროვეა იქ ყველაფერი.
- შოპინგი გიყვართ საზღვარგარეთ? საჩუქრები ჩამოგაქვთ ხოლმე?
- ძირითადად სუნამოები ჩამომაქვს ხოლმე, საჩუქრად. ტანსაცმელი ვიცი, სად და რომელ მაღაზიაში უნდა ვიყიდო ხოლმე. მაგალითად, პარიზში, ელისეს მინდვრებზე უზარმაზარი მაღაზიებია ერთმანეთის გვერდით. რაიმე ნივთი ერთგან შეიძლება, 1.000 ევრო ღირდეს, მეორეგან - 50. პარიზი ულამაზესი ქალაქია, თუმცა მასზე მეტად, ლონდონი მიყვარს. სუვენირები მაშინ ჩამომაქვს, თუ ვინმე მთხოვს ხოლმე, თორემ საყიდლად დრო ნაკლებად მრჩება. ზოგჯერ გადავაწყდები ხოლმე საინტერესო ნივთებს და ერთიანად ვყიდულობ. თუმცა ჩემს შვილიშვილს, დაშას უსაჩუქროდ ვერ ვტოვებ ხოლმე.
- ყველაზე თბილი ხალხი რომელ ქვეყანაში ცხოვრობს?
- საქართველოში. აზიურ ქვეყნებში მოკრძალებული ურთიერთობა აქვთ. ტაილანდი ცნობილია, როგორც სექსინდუსტრიის ქვეყანა. ღამე თუ შეგხვდა გოგო და ძალიან მოგეწონა, ე.ი. ის კაცია; ამას კი, ხმას რომ ამოიღებს, მხოლოდ მაშინ მიხვდები. თვეობით ემზადებიან იმისთვის, რომ ქალად გადაიქცნენ... ბალტიისპირეთის ქვეყნებში შედარებით ცივი ხალხი ცხოვრობს.
- ყველაზე დიდი ხნით რომელ ქვეყანაში დარჩენილხართ?
- თურქეთში დიპლომატიურ სამსახურში გახლდით და 4 წელზე მეტხანს ვცხოვრობდი ანკარაში (1994-98 წლებში). არ გამჭირვებია, რადგან ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ძალიან მალე უნდა დავბრუნებულიყავი საქართველოში და ახლოს ვიყავი ჩემს ქვეყანასთან. ამ ხნის განმავლობაში ბევრი მეგობარი შევიძინე. კარგად შევისწავლე ეს ქვეყანა. კარგი ხალხი ცხოვრობს, თბილი და ყურადღებიანი. თუ ურთიერთობას გააფუჭებ, ეს ისევ ქართველის ბრალი თუ იქნება. ეს ქვეყანა წინ გაიჭრა. ჩინეთის შემდეგ ყველაზე დიდი მშენებლობა თურქეთშია. რომ ჩავედი, საძოვრები სადაც იყო, ჩემი წამოსვლისას იქ უკვე მეგაპოლისი ჰქონდათ აშენებული. იქ ვერ მიხვდები, რომელია მშენებლობის მეპატრონე და რომელი
- მუშა: უბრალოები არიან.
- რომელ ქვეყანაში გინდათ მოგზაურობა?
- აზიის ქვეყნები მაინტერესებს. ევროპის ქვეყნები ერთმანეთს უფრო ჰგავს. ბირმაში მინდა მოხვედრა. აფრიკის ქვეყნებში კიდევ ვიმოგზაურებდი. თუმცა ყველაზე საინტერესო ქვეყნები უკვე ნანახი მაქვს.
- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- საქართველოს შესახებ ალბომს ვაკეთებ. შემიძლია გითხრათ, რომ მსოფლიოს პირველი პირები ჩემი ალბომებით იცნობენ საქართველოს (სულ 12 საავტორო ალბომის ავტორი გახლავართ). ახლა ამ ყველაფერს ძალიან განსხვავებულად ვაკეთებ. ამ ფოტოალბომს ხალხი ქმნის: "ფეისბუკის" ჩემ გვერდზე დევს ფოტოები და რომლებიც ყველაზე დიდ მოწონებას დაიმსახურებს, ალბომშიც ისინი მოხვდება. ამიტომაც ყველა მკითხველს ვთხოვ, თანამონაწილე გახდეს ამ ძალიან ლამაზი ეროვნული პროექტის. შედით ჩემ გვერდზე "გუგლის" მეშვეობით და აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე სასურველი ფოტო. ვმუშაობ ასევე, პროექტზე "ქართული სული 2". მასში თავმოყრილი იქნება ქართული კულტურის ძეგლები უცხოეთში. ეს პროექტი კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება. მისი მემატიანე გახლავართ.
- რომელია თქვენი საყვარელი ფოტო?
- ძალიან ძნელია გამორჩევა. მახსოვს, ზამთარი იყო, ვერტმფრენში ვიჯექი, კარი ღია მქონდა, მაგრამ არ მციოდა. ძრავადან გამოსული ცხელი ჰაერი მათბობდა. დილის რიჟრაჟზე გამოჩნდა ალვანი და ალავერდი, კამერაში კი მხოლოდ ერთი კადრი მქონდა დარჩენილი. გადავიღე ის ფოტო, რომელიც ძალიან მიყვარს და როცა ნახავთ, თქვენც შეიყვარებთ. ფოტოების საცავი მაქვს - თექვსმეტი ტერაბაიტი, ეს კი 2 მილიონ ფოტოზე მეტია. ყველაზე რთულია ამოარჩიო 200 კადრი, რომელიც ჩემს ახალ ფოტოალბომში უნდა მოხვდეს. ელიტურმა ფოტოსააგენტო "მაგნუმმა" 2009 წელს საქართველოში 10 ფოტოგრაფი მოავლინა, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის ფოტოები უნდა გადაეღოთ და ალბომი გამოეშვათ. ალბომს "ქართული გაზაფხული" ერქვა. ეს პროექტი, როგორც ვიცი, რამდენიმე მილიონი დაჯდა. 2 კვირის განმავლობაში თითო ფოტოგრაფს 50.000 ევრო გადაუხადეს. ეს ალბომი არის ქრესტომათიული მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს საიმიჯო წიგნი ქვეყნის შესახებ... საქართველოს უცხოელი ისე ვერ დაინახავს და შეიყვარებს, როგორც ქართველი, თან - არანაკლებ ნიჭიერი ფოტოგრაფები გვყავს.
- ოჯახი როგორ ეგუება, რომ დროის დიდ ნაწილს მათგან შორს ატარებთ?
- ადრე ჩემი ოჯახის წევრები დამყავდა ხოლმე. ახლა ჩემი ძვირფასი მეუღლე, თამო ხშირად ვეღარ მოდის ხოლმე ჩემთან ერთად, მაგრამ ჩემი შვილი ირაკლი სულ ჩემთანაა; ზოგჯერ ჩემი ქალიშვილი ირინაც შემოგვიერთდება ხოლმე, განსაკუთრებით - ევროპული ვოიაჟების დროს.
ჟანა გოგინაშვილი
(გამოდის ხუთშაბათობით)