იმღერებენ თუ არა იურმალას მუსიკალურ ფესტივალ "ახალი ტალღა 2013"-ში ქართველი მომღერლები, ამ საღამოს გახდება ცნობილი.
როგორც ”ამბები.გე”-ს შიდა შესარჩევი კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენელმა, მაკა საჯაიამ აცნობა, დღეს კიევში იმართება კონკურსი, სადაც მონაწილეობას საქართველოს მხრიდან სალომე ქათამაძე და ნინი ცნობილაძე იღებენ. სწორედ დღეს გადაწყვეტს კომპეტენტური ჟიური იურმალაში, 23 ივლისს "ახალი ტალღის" კონკურსზე რომელი გოგონა გაემგზავრება.
რამდენიმე დღის წინ კომპოზიტორ იგორ კრუტოის მიერ დაარსებული კომპანია "არსის" წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებოდნენ, მათ 47 კონკურსანტიდან საუკეთესონი - სალომე ქათამაძე და ნინი ცნობილაძე აირჩიეს. ”არსის” ჯგუფში ქართული წარმოშობის მუსიკოსები, ბრენდონ სტოუნი (ბესო შპეტიშვილი) და ვალერი მელაძეც შედიან.
მაკა საჯაიას ინფორმაციით, ვალერი მელაძე მონდომებულია, საქართველოს წარმომადგენლებმაც მიიღონ მონაწილეობა "ახალ ტალღაში".
”ვალერი იმდენად მოწადინებულია, ქართველებმაც მიიღონ მონაწილეობა იურმალას მუსიკალურ ფესტივალში, რომ შტუტგარდის ორკვრიან ტურნეს 1 დღით ჩამოშორდა. თბილისში ჩამოფრინდა, კონკურსს დაესწრო და მეორე დილით უკან გაფრინდა”, - განაცხადა მაკა საჯაიამ.
იურმალაში 23 ივლისისთვის ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელობა, მუსიკალური პროდიუსერი, კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე, დათო ოქიტაშვილი, მაკა საჯაია, დუეტი "ჯორჯია" და სოფო ხალვაში გაემგზავრებიან.
გიორგი ბერიძე