ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დემურ დვალიშვილი 1994 წლის 9 სექტემბერს გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. ოფიციალური ვერსიით, შსს-ში დაკითხვაზე მისულმა დვალიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა თავი. გარდაცვლილის ოჯახი 20-წლიან დუმილს არღვევს.
ნინო დვალიშვილი, დემურ დვალიშვილის ქალიშვილი: - ამ საკითხზე ლაპარაკი დღესაც მიჭირს, მაგრამ თენგიზ სიგუას და სხვების ცილისმწამებლურმა განცხადებებმა მაიძულა, ხმა ამომეღო. ინფლაცია, რომელიც ეროვნული ბანკიდან მამას წამოსვლის შემდგომ დაიწყო და კატასტროფულ მასშტაბს მიაღწია, თურმე მხოლოდ დვალიშვილის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ბრალი ყოფილა. შემდეგ წამოიწია სხვა ვერსიამ, უნდათ, რომ ეს ლიბერალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა გაუცემელ ანაბრებს დაუკავშირონ. მამა ფიზიკურად ხომ გაანადგურეს, ახლა მისი ოჯახის მორალურად განადგურებას ცდილობენ.
- თქვენმა დედამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოიპოვეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაღალჩინოსნების მიერ გაცემულ კრედიტებზე.
- ლაპარაკია მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრების - თენგიზ სიგუასა და რომან გოცირიძის - რეზოლუციებით გაცემულ სოლიდურ კრედიტებსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადარიცხულ თანხებზე. ეროვნულ ბანკში არის ყველა ინფორმაცია, რა ოდენობის სესხები გაიცემოდა მათი ნებართვით, ვისზე და რომელ ქვეყნებში. ე.წ. ჟურნალი და "შავი სიაც", რომელიც თურმე მამას ჰქონდა, სიგუას მოგონილია.
მამას მკვლელობა დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი. მას ხშირად უწევდა მივლინებით საზღვარგარეთ გამგზავრება. ერთხელ ჩეხეთში იმყოფებოდა ვიზიტით და როგორც ითქვა, აპირებდნენ, რომ თვითმფრინავი, რომლითაც იგი საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო, აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩამოეგდოთ. ამის შემდეგ თვითმფრინავი საიდუმლო მარშრუტით დაბრუნდა თბილისში. ხშირად ყოფილა მუქარის ზარები: მაგას შუბლს გავუხვრეტთ, ქუჩაში გავაგორებთო.
ჩემი ვარაუდით, ყოფილი მაღალჩინოსნების საქმიანობის შესახებ მამას ჰქონდა ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნება-გახმაურებაც მათ ხელს არ აძლევდათ.
მამას თავის მოსაკლავი არაფერი სჭირდა, არც იარაღი ჰქონია. რაც შეეხება მის მისვლას შსს-ში, უთხრეს, რომ რაღაც საკითხების გარკვევა აინტერესებდათ. ტელევიზიით იმავე დღეს გავრცელდა ვერსია, თითქოს მამამ იარაღი პიჯაკის ჯიბიდან ამოიღო. არადა, რეანიმაციაში სანიტარი შეესწრო, როგორ ცდილობდნენ მისი პიჯაკის ჯიბეში იარაღის ჩადებას. როგორც ჩანს, არ ჩაეტია და შემდეგ განაცხადეს, დვალიშვილმა იარაღი შარვლის სარტყლიდან ამოიღოო. საქმე ისე დახურეს, იარაღის წარმომავლობა გაურკვეველი დარჩა. მამას იარაღი ერთი წლის ჩაბარებული ჰქონდა, ბანკის სეიფში იდო. გარდა ამისა, შემავალი და გამავალი ჭრილობა ადასტურებდა, რომ ტყვია შორიდან იყო ნასროლი. ეს ინფორმაცია ახლობელმა ექსპერტმა მოგვაწოდა.
- რა დარღვევები აღმოუჩინა გამოძიებამ მამათქვენს?
- დარღვევები რომ ჰქონოდა, დააპატიმრებდნენ. მისი მოადგილე ფიჩხაძე, რომელიც უკანონოდ გასცემდა კრედიტებს, მაშინ უკვე დაკავებული იყო. მამას მკვლელობის შემდეგ ეს ადამიანი ისრაელში გამოჩნდა.
ველოდები, როდის შეიტანს საჩივარს ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაცია. ამის შემდეგ ჩავერთვები პროცესში და მოვითხოვ გამოძიებას, რა ხდებოდა ეროვნულ ბანკში მამას მისვლამდე და მისი წამოსვლის შემდეგ. მკვლელობის საქმის გამოძიების დაწყებაზე კი იურიდიული კონსულტაციების შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას.
- მაინც ვის ადანაშაულებთ მამის მკვლელობაში?
- ამაზე მაქვს ერთი პასუხი - ჩემთვის თენგიზ სიგუა მამის მკვლელთან ასოცირდება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ყველაფერი ის, რასაც სიგუა 1993 წლის დასაწყისიდან აკეთებდა...
ლაპარაკობენ 1992-93 წლებში ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ლიბერალურ ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე, რაც თითქოს დაკავშირებულია გაუცემელი საბჭოთა ანაბრების თემასთან და რატომღაც არ ითვალისწინებენ იმხანად ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, რა ხდებოდა 1992 წლის იანვრიდან ეროვნულ ბანკსა და საბანკო სისტემაში. ნახონ, რა რაოდენობის კრედიტი გაიცა ნაღდი ფულის სახით 1993 წლის ოქტომბრიდან და ლიბერალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შესახებ შემდეგ ილაპარაკონ. მამა არასოდეს გაურბოდა პასუხისმგებლობას, ამბობდა - შესაძლოა, მეც შემეშალა, რაღაც ბოლომდე ვერ გავთვალე, არ არის გამორიცხული, ლიბერალურ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას მცირე დოზით რაღაც უარყოფითი გავლენა მოეხდინა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე, მაგრამ გარწმუნებთ, ეს იყო უმნიშვნელო და არა განმსაზღვრელიო.
ნინო დვალიშვილის განცხადებებზე კომენტარი ყოფილ პრემიერ თენგიზ სიგუას ვთხოვეთ:
- აჯობებს, ჟურნალისტებმა ცოტა თავი შეიწუხოთ, წაბრძანდეთ ბიბლიოთეკაში, გაეცნოთ 1993 წლის პრესას, ძირითადად - "საქართველოს რესპუბლიკას", რომელშიც ქვეყნდებოდა ყველა დადგენილება. დაუდეთ დვალიშვილებს ეს მასალა და უთხარით, რომ კრედიტების 90% გაცემულია დემურ დვალიშვილის მიერ.
შევარდნაძე ურეკავდა დვალიშვილს - დეპუტატები რომ მოვლენ, გაეცი კრედიტიო. დეპუტატები კრედიტს თავისთვის კი არ იღებდნენ, სხვადასხვა ფირმას შუამავლობდნენ. მას კი ეს ყველაფერი ჟურნალში ჰქონდა აღრიცხული. ცნობილი იყო, რომელ ფირმების სახელზე იყო გაცემული კრედიტები, მაგრამ არ უნდოდათ გამჟღავნებულიყო ვინ იყო გასვრილი ამ საქმეში და ამიტომაც გადამალეს ჟურნალი.
ჟურნალში რეგისტრირებულია ყველა დეპუტატი, ვინც დვალიშვილთან კრედიტის სათხოვნელად მიდიოდა. ეს ჟურნალი დღემდე გამქრალია. როდესაც საპარლამენტო სპეციალურმა კომისიამ დვალიშვილი პარლამენტში დაიბარა და მოსთხოვა ჟურნალი, პროკურატურამ არ გადასცა. ჟურნალი უნდა მოსთხოვონ იმჟამინდელ პროკურორ ბაბილაშვილს, ვინაიდან პროკურატურამ ის შსს-დან ამოიღო. დვალიშვილი შევარდნაძემ გამოიყენა და შემდეგ მოსაკლავად გაიმეტა, პასუხიც იმას მოსთხოვონ, მე რას მერჩიან!
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)