"ეს ადამიანი ცვალებადი ხასიათით გაგაკვირვებთ. ის ბოლომდე არავის ენდობა. დიდსულოვანია მის მიმართ, ვინც უყვარს; საყვარელი ადამიანისთვის მთელი ქონების გაფლანგვაც შეუძლია, მაგრამ პერიოდულად, გულის სწორს მისი ცინიზმისა და აგრესიული შეტევების ატანა უწევს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ვირთხის წელში დაბადებულ ვერძს, ეს კი მომღერალ სოფო გელოვანის ზოდიაქოს ნიშანია.
- ასტროლოგისთვის რჩევისთვის არასდროს მიმიმართავს და არც პირადი ჰოროსკოპი შემიდგენია. ჩემს ნიშანზე რას ამბობენ?
- "ვერძს დაუშრეტელი ენერგია, გასაოცარი სიცოცხლისუნარიანობა და ოპტიმიზმი ახასიათებს".
- მართალია, ოპტიმისტი ვარ, მაგრამ ზოგჯერ პესიმისტური შემოტევებიც მაქვს.
- "მასში ერთმანეთს ერწყმის ბავშვური გულწრფელობა და ბრძოლისუნარიანობა, აგრესია..."
- ბავშვური გულწრფელობა ზოგჯერ მაზარალებს. ვფიქრობ, გულუბრყვილობა კარგი თვისება არ არის. რაც შეეხება ბრძოლისუნარიანობას, ეს ჩემს ხასიათში მგონი, ყველაზე ძლიერი თვისებაა. ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო. ენერგიას ჩემი შვილი, მეუღლე და საერთოდ, ოჯახი მაძლევს. მათ თანადგომას ყოველთვის ვგრძნობ. აგრესიული არ ვარ. მეგობრები ამბობენ, რომ რბილი ხასიათი მაქვს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მთლად ასეთიც არ ვარ.
- "მას ძალიან უყვარს გარშემო მყოფთათვის საკუთარი ძალისა და რაც მთავარია, უპირატესობის დამტკიცება".
- პირველ რიგში, საკუთარ თავს ვუმტკიცებ, რომ ამა თუ იმ ბარიერის გადალახვის უნარი მაქვს. მიზანდასახული ნამდვილად ვარ, მაგრამ იმისთვის არ ვიბრძვი, რომ ვიღაცას რაღაც დავუმტკიცო.
- "მასში არ არის ეშმაკობის მარცვალიც კი".
- ეშმაკობის უნარი, რაღაც დოზით, ყველა ადამიანს აქვს. საკუთარ თავზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ცბიერი არ ვარ.
- შოუბიზნესში ხშირია ინტრიგები...
- (მაწყვეტინებს) ხშირია და ამას ვერ უარვყოფ. ვცდილობ, ყველანაირ ინტრიგას გავერიდო, რადგან ეს სიბინძურესთან ასოცირდება და არ მინდა, მეც შემეხოს.
- "საკმარისია, ვინმემ გულში ჩაიკრას, მიეალერსოს და წყენა ავიწყდება"...
- მგონია, რომ ეს თვისება ყველა ადამიანს აქვს...
- ვერ დაგეთანხმები - ზოგი წყენას მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ივიწყებს.
- წყენის გულში ჩადება ბავშვობაში უფრო მეტად ვიცოდი. ალბათ, მაშინ ბევრ რამეს ვაქცევდი ყურადღებას, ახლა კი ყველაზე მეტად, ადამიანებთან ურთიერთობას ვუფრთხილდები; როცა ვიღაც მაწყენინებს და ვიგრძნობ, რომ ის ამ საქციელს ნანობს, წყენას მაშინვე ვივიწყებ.
- "ცრემლს სხვას არასდროს უჩვენებს".
- ემოციების საჯაროდ გამოხატვა არ მიყვარს, მაგრამ ძალიან ახლობელ ადამიანებთან და ოჯახის წევრებთან, რა თქმა უნდა, ემოციას არ ვმალავ.
- ბოლოს რის გამო იტირე?
- ბოლოს ვიტირე, როცა ჩემი კონცერტმაისტერი და ძალიან საყვარელი ადამიანი - მიხაილ აპტეკმანი გარდაიცვალა.
- "პირდაპირია და ვერ იტანს ტყუილს".
- ასტროლოგებმა ჩემ შესახებ მართლა ყველაფერი იციან (იცინის)? სხვა გზა არ მაქვს, უნდა დავეთანხმო, მაგრამ აქვე აღვნიშნავ, მიუხედავად იმისა, რომ ტყუილს ვერ ვიტან, არ შემიძლია, ადამიანი სიცრუის გამო დავკარგო.
- ფიცხი ხარ?
- სვანი ვარ. მთის სისხლი მიდუღს. სიფიცხე ჩემს ხასიათში ნამდვილად არის და ვინც კარგად მიცნობს, ეს იცის. შეიძლება წამებში "ავფეთქდე".
- ეს რა დროს ხდება?
- როცა არაპროფესიონალიზმს ვეჯახები, როცა არასწორად იქცევიან...
- "ნუ მოგატყუებთ მათი მშვიდი გამომეტყველება. ვირთხას შესანიშნავად ეხერხება სიმშვიდის ნიღბის უკან საკუთარი ემოციური ბუნება და პრინციპული ნამდვილი "მე" დამალოს".
- საკუთარი თავის კონტროლი არ მიჭირს და ისიც ვიცი, რომ ამა თუ იმ სიტუაციაში ემოციის შენიღბვა აუცილებელია! თუ თავშეკავებას ნიღბის მორგება ჰქვია, მაშინ შემიძლია გითხრა, რომ ზოგჯერ, მის მორგებას წარმატებით ვახერხებ.
- "ეს ადამიანი ცვალებადი ხასიათით გაგაკვირვებთ".
- ხასიათის ცვალებადობა ბავშვობაში უფრო მეტად მახასიათებდა. ახლა ჩემს კარგ ან ცუდ განწყობილებას კონკრეტული მიზეზი აქვს.
- "მასსავით არავის სჯერა სასწაულების".
- მართალია! მორწმუნე ვარ და ვცდილობ, ეკლესიურად ვიცხოვრო. ცხოვრებაში სასწაულები ხშირად ხდება. ჩემს შემოქმედებას რომ გადავხედოთ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვშრომობ, მიმაჩნია, ყველაფერი ღვთის ნებით ხდება. "ევროვიზიის" კონკურსზე წასვლას საერთოდ არ ვფიქრობდი, სხვა გეგმები მქონდა, მაგრამ მოულოდნელად ისე მოხდა, რომ ჩემი ქვეყანა ამ კონკურსზე ნოდიკო ტატიშვილთან ერთად უნდა წარვადგინო... სასწაული ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება, უბრალოდ, ყველას არ აქვს იმის უნარი, რომ დაინახოს, მიიღოს...
- "ის არ განეკუთვნება იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც დგანან და ელიან, როდის დაატყდებათ თავს ბედნიერება..."
- მართალია. ბედნიერებისთვის თავად ვიბრძვი და ვცდილობ, სწორად ვიცხოვრო.
- "ფრთხილია და იშვიათად მიდის რისკზე".
- ასაკი რაც უფრო მემატება, მით უფრო მეტად ფრთხილი ვხდები. რისკიანი ნაბიჯებით სიარული არ მჩვევია.
- "ის ბოლომდე არავის ენდობა..."
- ვინც მიყვარს, ყველას ბოლომდე ვენდობი. შეიძლება ითქვას, რომ ზედმეტად მიმნდობიც კი ვარ.
- "პანიკურად ეშინია ვალდებულებებისა და შეზღუდვების".
- არ მეშინია. საკუთარ თავზე ვალდებულება არაერთხელ ამიღია და მომავალშიც ავიღებ. ამის რატომ უნდა შემეშინდეს?
- "აზარტულია. დღევანდელი დღით ცხოვრობს და იშვიათად ფიქრობს მომავალზე".
- მომავლის დაგეგმვა არ მიყვარს. მართლა დღევანდელი დღით ვცხოვრობ. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი.
- "დიდსულოვანია მის მიმართ, ვინც უყვარს. საყვარელი ადამიანისთვის მთელი ქონების განიავება შეუძლია".
- მგონი, ამის გაკეთება ყველა შეყვარებულ ადამიანს შეუძლია. მალე 7 წელი შესრულდება, რაც დაოჯახებული ვარ. ჩემი მეუღლე ძაღლის წელში დაბადებული მერწყულია და ერთმანეთს ფანტასტიკურად ვეწყობით.
- "პერიოდულად, გულის სწორმა მისი ცინიზმი და აგრესიული შეტევებიც მოთმინებით უნდა აიტანოს".
- რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან, ეს ცინიზმია; ეს არის ერთადერთი რამ, რასაც ადამიანს ვერ ვაპატიებ. ვერ ვიტან, როცა სხვას დასცინიან, ასეთ დროს ძალიან ვღიზიანდები.
- ვინმესგან შენ მიმართ ცინიკური დამოკიდებულება გიგრძნია?
- არა. შეიძლება ყოფილა კიდეც, მაგრამ არ მიგრძნია.
- "ის მატერიალური პრობლემების წინაშე იშვიათად დგება".
- რაღაც ეტაპზე, ასეთი პრობლემა შეიძლება ყველა ადამიანს ჰქონდეს, მაგრამ სერიოზული მატერიალური პრობლემის წინაშე არასდროს დავმდგარვარ.
- "ემოციების გამოხატვაში ძალზე თავშეკავებულია".
- ადამიანების მიმართ სიყვარულს უფრო მეტად გამოვხატავ, ვიდრე უარყოფით ემოციებს... როგორც კი აღმოვაჩენ, რომ ჩემში რაღაც არ მომწონს, იმ წუთიდანვე ვიწყებ ამ თვისების წინააღმდეგ ბრძოლას.
- "მიდრეკილება, გზად საკუთარი სიამოვნებისთვის ყველაფერი გაანადგუროს, ბევრ ვირთხას ბრწყინვალე კარიერის კრახით დამთავრებას უქადის".
- ეს არ არის ჩემი თვისება. მიზანს ისე ვაღწევ, არაფრის განადგურება არ მჭირდება.
- ახლა რა არის შენი მიზანი?
- მინდა, მე და ნოდიკო "ევროვიზიიდან" გამარჯვებულები დავბრუნდეთ. 5 მაისს მივემგზავრებით. 16 მაისს ნახევარფინალია, 18-ში - ფინალი.
- გგულშემატკივრობთ და წარმატებებს გისურვებთ!
- გმადლობთ!
თამუნა კვინიკაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)