აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსი ვალერი თელია რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ხელვაჩაურში მდებარე კლინიკა "მედინას" ხელმძღვანელმა, ჯუმბერ უნგიაძემ განუცხადა.
როგორც უნგიაძემ განმარტა, პაციენტს სტრესული სიტუაცია და სისხლძარღვოვანი პრობლემები ჰქონდა.
"პაციენტი რეანიმაციაში წევს, სტრესული სიტუაცია ჰქონდა და, აქედან გამომდინარე, სისხლძარღვოვანი პრობლემები. ახლა კარგად არის და გაივლის რეაბილიტაციის კურსს. დიაგნოზი კიდევ ზუსტდება", - აღნიშნა ჯუმბერ უნგიაძემ.
მისივე განმარტებით, პაციენტს დაენიშნა პრეპარატები, რომლებიც სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.
ვალერიან თელია წუხელ, დაახლოებით 23.30 საათზე, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა. ექიმების ინფორმაციით, მას დაუდგინდა კონვერსიული აშლილობა, გაიარა ნერვოპათოლოგის კონსულტაცია, რის შემდეგაც საკუთარი სურვილით სამკურანლოდ კლინიკა "მედინაში" გადაიყვანეს.
ვალერიან თელიასა და საია-ს აჭარის ორგანიზაციის თანამშრომელს შორის ბათუმში, 28 მარტს ინციდენტი მოხდა, გრიბოედოვის ქუჩაზე როინ ფარტენაძესა და ვალერიან თელიას შორის ფიზიკურ შეხლა-შემოხლასა და სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.