საქართველოში აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობა იქმნება. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ეს გადაწყვეტილება სამხედროებმა მიიღეს. მისივე თქმით, ეს იქნება ძალიან კომლექსური გზა დამოუკიდებელი რესურსების შექმნის.
"ჩვენ გაქვს ზუსტად გათვლილი გეგმა, თუ როგორ უნდა შევუქმნათ, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთის სარდლობას დამხმარე ავტონომიური ელემენტები. ეს მათ საშუალებას მისცემს, კონფლიქტისა და ესკალაციის პირობებში ავტონომიურად იმოქმედონ და შემოსულ მტერს წინააღმდეგობა გაუწიონ", - აღნიშნა ალასანიამ.
როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით სამხედროების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დაეთანხმა.
თავდაცვის მინისტრმა მალის მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მალიში ქართველი სამხედროების გაგზავნა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.
მისი თქმით, პოლიტიკური დასტური საქართველომ ევროკავშირს მაშინ მისცა, როდესაც დეკემბერში ევროკავშირმა ქართულ მხარეს წერილით მიმართა.
"მალიში საქართველოს საბრძოლო ქვედანაყოფის, ან სამხედრო შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის", - აღნიშნა ალასანიამ.
მისი თქმით, ახლა მთავარია ევროკავშირმა მისცეს საქართველოს წარმოდგენა იმისა, თუ სად სჭირდება ქართული ელემენტები და ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაგრძელდება.
ამასთან, თავდაცვის მინისტრმა მომავალ წელს დაგეგმილი სამხედრო წვრთნების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, დაგეგმილია, რომ მომავალ წელს ჩატარდეს უფრო მაღალი დონის, ბრიგადის დონის სამხედრო წვრთნები.
ალასანიას ინფორმაციით, ამ კუთხით მოლაპარაკებები პირველ რიგში ამერიკულ მხარესთან მიმდინარეობს და ამ წვრთნებში სავარაუდოდ რეგიონის ქვეყნებიც ჩაერთვებიან.
მისი თქმით, მომავალი წლის წვრთნების დაგეგმარების პროცესი ჯერ არ დაწყებულა.