22 წლის ამერიკელმა ჰანა ფრუდამ საკუთარი ფეხმძიმობის შესახებ მშობიარობამდე მხოლოდ 7 საათით ადრე შეიტყო. ჰანას მუცელი ერთი კვირის განმავლობაში სტკიოდა. საავადმყოფოში რამდენიმე ანალიზის ჩაბარების შემდეგ მას ორსულობის ტესტიც ჩაუტარეს. შედეგი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ქალი გაოგნებული დარჩა, როდესაც ექიმებმა უთხრეს, რომ 35 კვირის ორსული იყო.
ექთნებმა ჰანას მეგობარ მამაკაცს, 26 წლის კრის ბენტს დაურეკეს და საავადმყოფოში მისვლა სთხოვეს, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებიათ.
"როდესაც ექიმებმა მითხრეს, რომ ორსულობის ტესტი სტანდარტული პროცედურაა ქალებისთვის, რომლებიც მუცლის ტკივილს უჩივიან, არც ავღელვებულვარ, ისე დავთანხმდი. შედეგმა გამაოგნა. ამ ამბით კრისიც გაოცებული დარჩა. ეს ძალიან უცნაურია", - განაცხადა ჰანამ.
წყვილს ქალიშვილი შეეძინა. ახალშობილი სრულიად ჯანმრთელია. მას ჯესიკა დაარქვეს.
"შესანიშნავი გოგონაა. არ გვაღვიძებს ღამით. ჩემი ცხოვრება რამდენიმე დღეში რადიკალურად შეიცვალა. ახლა ბავშვის აღზრდა მიწევს. ერთი სული გვაქვს როდის გაიზრდება", - ამბობს ბედნიერი დედა.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.