ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მანუჩარ ნოღაიდელი და და ნინელი კიტია სოფელ ლიხაურში, ნათესავის ნაჩუქარ პატარა სახლში ცხოვრობენ. მართალია, ახალგაზრდები არიან, მაგრამ არც სამსახური აქვთ და ვერც მშობლები ეხმარებიან, რადგან ამის საშუალება მათაც არ გააჩნიათ. ახალგაზრდა ოჯახს არანაირი შემოსავალი არ აქვს და არც შინაური პირუტყვი თუ ფრინველი ჰყავთ. ქალბატონი ნინელი ახლა ფეხმძიმედაა და როგორც მეუღლე ამბობს, ექიმთანაც ვერ მიდის საკონსულტაციოდ იმიტომ, რომ გზის ფული არ აქვს. ახლახან ბავშვი გაუხდათ ავად. სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, გადასხმისთვის 20%-იანი გადასახადი დასჭირდათ. ერთი თეთრიც არ ჰქონდათ და სოფლის გამგებელმა იხსნა ამ გასაჭირისგან.
"იმდენად გვიჭირს, შუქსაც არ ვანთებთ სახლში. დამიჯერეთ, როცა ძალიან დაბნელდება, ერთადერთ ნათურას მხოლოდ მაშინ ვანთებთ, ტელევიზორი კი მაქვს, "კორფუჯი", ასეთი ტელევიზორი ვის აქვს დღეს ან ვინ უყურებს? ესაა ჩემი ოჯახის ერთადერთი ტექნიკა. სოციალური აგენტი რომ მოვიდა, ქვითარი ნახა და გაიკვირვა, ლარნახევარი რომ ეწერა - ჩვილი ბავშვის პატრონი ხარ და შუქს არ ანთებო? ერთი თეთრის მომწოდებელი არავინ მყავს. ცოლი ფეხმძიმედაა, სამუშაოს როგორ ვითაკილებ, რომ იყოს სადმე. გაჭირვება სირცხვილი ხომ არაა, არსად სამუშაო არაა, ვის არ ვეხვეწები, ხან სეზონურად რაღაცას თუ წავიმუშავებ, წინასწარ აღებულ ვალს არ ჰყოფნის. რაში მომანიჭეს 63 780 ქულა? ერთი წლის ბავშვი, მშიაო, მიძახის... იქნებ, გავშტერდე და მოვიპარო რაღაც" - ამბობს მანუჩარ ნოღაიდელი.