საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია და გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგიშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის მოსახლეობას შეხვდნენ. კრებაზე " ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრებიც იმყოფებოდნენ. ერთ დროს სხვადასხვა პოზიციებზე მდგომი მოქალაქეები "შერიგებას" ითხოვდნენ. "შეგვარიგეთ ეს ხალხი, სოფელი რომ ორად არის გაყოფილი - ნაციონალებად და ოცნებისტებად. ხომ გაიმარჯვა "ქართულმა ოცნებამ" და ეხლა ნუღა იქნება ნაციონალობა, დამყარდეს ბიძინაობა. თორემ ვეჯახებით ხოლმე ერთმანეთს და ხომ უნდა გასწორდეს ქვეყანა", - განუცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ სოფლის ყოფილ გამგებელს ნუგზარ კარელიძეს კრების დაწყებამდე.
კრებაზე კი მინისტრი სოფლის პრობლემებსა და პრიორიტეტებს გაეცნო. ნარმანიამ მოსახლეობას განუმარტა, რომ მათ ჩართულობას სოფლის პრიორიტეტების განსაზღვრასა და შესაბამისი პროექტების შერჩევაში დიდი მნიშვნელობა აქვს. მან მოსახლეობას მოუწოდა, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა დაგეგმილ სოფლის კრებებში, რითაც თითოეულ მცხოვრებს შესაძლებლობა მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს თავისი სოფლის განვითარების საქმეში.