ოკლაჰომას შტატის სამედიცინო სამმართველომ ქალაქ ტალსას სტომატოლოგიური კლინიკის 7 000 პაციენტს ჰეპატიტის ვირუსსა და აივ ინფექციაზე ანალიზების ჩაბარებისკენ მოუწოდა. მიზეზი ინსპექციის შემოწმების შედეგები გახდა, რომელმაც გამოავლინა, რომ თანამშრომლები აღჭურვილობას სტერილიზაციას არ უკეთებდნენ.
საინფორმაციო საშუალებებით საჯარო მიმართვის გარდა, ყველა პაციენტს ანალოგიური თხოვნით წერილები დაეგზავნებათ.
ამჟამად, კლინიკის მეპატრონემ და მთავარმა ექიმმა სკოტ ჰარინგტონმა დაწესებულება დახურა. იგი სტომატოლოგიურ კლინიკას 2007 წლიდან მართავდა, პრაქტიკოს ექიმად კი 36 წელი მუშაობდა. მისი კლინიკის შემოწმების მიზეზი ერთ-ერთი პაციენტის ჰეპატიტით დასნეულება გახდა. სამედიცინო გამოძიებამ გამოავლინა, რომ იგი მხოლოდ კბილების მკურნალობით შეიძლებოდა დაავადებულიყო, რამაც ინსპექტორებს კლინიკის შემოწმებისკენ უბიძგა.
B და C ჰეპატიტი, ისევე როგორც აივ ინფექცია სისხლით გადადის. ამასთან ინფექცია შეიძლება დასნეულებიდან მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გამოვლინდეს და მთელი ამ დროის განმავლობაში ადამიანი ვირუსის მატარებელი და თავისდაუნებურად გამავრცელებელია.
მომზადებულია The Los Angeles Times-ის მიხედვით.