თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლაბაზა დუიშვილმა არ დააკმაყოფილა კახეთის გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის შუამდგომლობა, რომლითაც ის წინასასამართლო განხილვის ეტაპზე მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა. გიორგი სიბაშვილის თქმით, მისთვის მოსამართლის გადაწვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. მან საქმის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტისთვის გადაცემაზე უარი თქვა და აღნიშნა, რომ უმჯობესია მისი საქმე კვალიფიციურმა მოსამართლემ განიხილოს.
"ასეთ გადაწვეტილებას ველოდი. მოსამართლემ დღეს თავიდან ბოლომდე ჩაიკითხა ჩემი შუამდგომლობა, საქმეში არსებობს ჩემს მიერ დასაბუთებული ყველა ნიუანსი და ყველა დეტალი, ზედმიწევნით ჩაღრმავებული ვარ საქმეს და აქ ჩემი დანაშაულებრივი ქმედებები არ არსებობს", - განაცხადა გიორგი სიბაშვილმა.
გიორგი სიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა თელავის რაიონულ სასამართლოში 10 აპრილს, 15:00 საათზე დაიწყება. მასთან, სასამართლო კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს დირექტორის ვალერი გრემელაშვილის საქმესაც განხილავს.