პიკასოს დაზიანებული ტილო, რომელსაც ნახვრეტი აქვს, აუქციონზე 155 მლნ დოლარად გაიყიდა. მისი ახალი მფლობელი საინვესტიციო კომპანია SAC Capital Advisors-ის ხელმძღვანელი სტივენ კოენი გახდა.
ტილო სახელად "სიზმარი" (Le Reve) შემთხვევით დააზიანა მისმა წინა მფლობელმა იდაყვით. ტილო გაიხა. აღსანიშნავია, რომ დაზიანებამდე მისი ფასი გაცილებით ნაკლები იყო. წინა მფლობელმა ის 139 მლნ დოლარად შეიძინა. ფასი ძვირადღირებული სარესტავრაციო სამუშაოების გამო გაიზარდა.
პიკასოს ამ ტილოზე მარი-ტერეზა ვალტერია გამოსახული, რომელიც ბიოგრაფიებში ნახსენებია, როგორც მხატვრის მოდელი და საყვარელი. პიკასო და მარი ერთმანეთს 1927 წელს შეხვდნენ, როდესაც თავად მხატვარი 45 წლის იყო, ხოლო ვალტერი - 17-ის. წლების განმავლობაში პიკასო ფინანსურად ეხმარებოდა გოგონას და მათ საერთო შვილს. მარი-ტერეზა პიკასოს სხვა ტილოებზეც გვხვდება.
კოენი აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კოლექციონერია. მან ტილოების შეძენა 2001 წელს დაიწყო. მის კოლექციაში პირველი ექსპონატი მანეს ნამუშევარი იყო.
მომზადებულია Bloomberg-ის მიხედვით.