ჰოლივუდის მთავარ "ცუდ ბიჭს", ცნობილ ამერიკელ რეჟისორს, სცენარისტს, პროდიუსერსა და მსახიობ კვენტინ ტარანტინოს, რომლის სრული სახელი და გვარი კვენტინ ჯერომ ტარანტინოა, დღეს 50 წელი შეუსრულდა.
ოსკაროსანი რეჟისორი 1963 წლის 27 მარტს, ტენესის შტატის ქალაქ ნოქსვილში მოევლინა ქვეყანას, წარმოშობით იტალიელი ტონი ტარანტინოსა და ნახევრად ირლანდიელი და ნახევრად ჩეროკის ტომის ინდიელის, კონი მაკჰიუს ოჯახში.
16 წლის კვენტინმა სკოლა ვიდეოგაქირავების პუნქტში მუშაობის მიზნით მიატოვა. მას დღემდე არ აქვს პროფესიული განათლება. თუმცა, როგორც თავად ამბობს: "როდესაც ხალხი მეკითხება, ვსწავლობდი თუ არა კინოსკოლაში, ვპასუხობ – არა, მე კინოში ვსწავლობდი-მეთქი".
50 წლის ტარანტინო ორგანიზაცია "მენსას" წევრია, რომელშიც ის ადამიანები არიან გაწევრიანებული, რომელთა IQ მსოფლიო მოსახლეობის 98%-ზე მაღალია. ტარანტინო, რომლის IQ 160-ს აღემატება, სწორედ ამ 2%-ში შედის.
პირველი წარმატება კვენტინ ტარანტინოს 1992 წელს გადაღებულმა ფილმმა "ცოფიანი ძაღლები" მოუტანა, თუმცა 1994 წელს გამოსული "მაკულატურა" დღემდე ითვლება კინოს სამყაროს დაუვიწყარ შედევრად. ფილმმა რეჟისორს პირველი "ოქროს პალმის რტო" და "ოსკარი" მოუტანა საუკეთესო სცენარისთვის.
იმ დღიდან მოყოლებული დღემდე კვენტინ ტარანტინოს ნებისმიერი ახალი ფილმის ეკრანზე გამოსვლა განსაკუთრებულ მოვლენად აღიქმება.
რეჟისორი, რომლის ფილმებიც ძალადობითა და ბევრი სისხლით გამოირჩევა, ამბობს, რომ "ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სახალისო საყურებელია".
კვენტინ ტარანტინომ თავისი ბოლო "ოსკარი" წელს მიიღო ფილმისთვის "ჯანგო".
მომზადებულია imdb.com-ის მიხედვით.