ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას მიმართ, ერთმანეთის მიყოლებით, სხვადასხვა სკანდალი აგორდა. ჯერ იყო და, ფოთის ერთ-ერთი გამოცემის ჟურნალისტმა პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ჰკითხა, - ფოთი ეკა ბესელიას ხომ არ ჩააბარეთ სამართავად, წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ ერევა ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ფოთში კადრების დანიშვნაშიო. ეს სკანდალი ჩამცხრალი არ იყო, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ახალი ინფორმაცია, თითქოს ეკა ბესელიას ვაჟმა ახალგაზრდა ცივი იარაღით დაჭრა. რის გამოც შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საპარლამენტო უმცირესობამ განმარტება მოსთხოვა...
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასება ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას ვთხოვეთ:
- ჟურნალისტმა ელისო ჯანაშიამ პრემიერთან "გამხილათ", საკადრო საკითხები ფოთში ეკა ბესელიასთან შეთანხმების გარეშე არ წყდებაო. ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილთან არ გისაუბრიათ?
- ეს იყო არასერიოზული ბრალდება. ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ამ საკითხზე არ მისაუბრია და არა მგონია, რამე ასახსნელი იყოს. თუკი ბატონი ბიძინა დაინახავდა ამ საკითხზე საუბრის საჭიროებას, კი ბატონო. მე ფოთის მოსახლეობამ ამირჩია, ნდობა გამომიცხადა და სწორედ ფოთის მოსახლეობასთან ვარ ანგარიშვალდებული, რასაც წინასაარჩევნო კამპანიისას დავპირდი, შევუსრულო და მათი პრობლემების მოგვარებაზე ვიზრუნო. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ნდობის მანდატი ღირსეულად ვატარო. ყველაზე კარგი მსაჯული ხალხია და ჰკითხონ ფოთელებს, როგორ არიან გახარებული დეპუტატის აქტიურობით, რითაც ადრე ნამდვილად არ იყვნენ განებივრებულნი.
- შს მინისტრის საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას ერთ-ერთი დეპუტატის მხრიდან გაისმა ბრალდება - ქვეყანაში ხორციელდება შერჩევითი სამართალი, ეკა ბესელიას შვილმა ცივი იარაღით უცნობი პიროვნება დაჭრაო...
- ეს იყო ცრუ ინფორმაცია და ჩემს დისკრედიტაციას ემსახურებოდა.
- ეჭვობთ, რომ თქვენს წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს?
- დიახ, ეს გახლავთ ე.წ შავი პიარის მიზანმიმართული კამპანია. სააკაშვილის ხელისუფლების და თვითონ სააკაშვილის რეპუტაცია ყველაზე მეტად ამნისტიის პროექტმა შელახა. ამდენი პოლიტპატიმარი მსოფლიოს არც ერთ დიდ ქვეყანას არ ჰყავს. სწორედ ამნისტიამ გამოააშკარავა მიხეილ სააკაშვილის დიქტატორობა და მისი მმართველობის მანკიერი მხარეები. ასე რომ, არ გამიკვირდება, მსგავსი სიბინძურეები კვლავაც გაავრცელონ და მათში ჩემი ოჯახის წევრები გარიონ.
- საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პოლიტპატიმრების სიის შედგენისას მოხდა კორუფციული გარიგება, რაშიც ჩართული იყო უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე...
- ესეც ნაციონალების მორიგი ბინძური ცილისწამებაა. ამ საკითხის კომენტირება ჩემთვის ღირსების შემლახველია. რას იტყვიან ამ საკითხზე გივი თარგამაძე ან გიორგი ვაშაძე, ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს. დაასახელონ თუნდაც ერთი ადამიანი, დადონ კონკრეტული ფაქტები, თუნდაც ირიბი, რომელიც დაადასტურებს იმ სიბინძურეს, რაც მათ შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან თქვეს ნანა კაკაბაძეზე. დედამიწის ზურგზე ვერ იპოვიან ერთ ადამიანსაც კი, ვინც ამას დაადასტურებს. მათი გაღიზიანება გამოიწვია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან იმის აღიარებამ, რომ ამნისტიის აქტი და პოლიტპატიმრების გათავისუფლების პროცესი სამაგალითო იყო. სწორედ ასე შეაფასა ეს პროცესი ბუნდესტაგის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის პარტიის ცნობილმა უფლებადამცველმა. ასეთი შეფასებისა და აღიარების შემდეგ, ნამდვილად არ მიმაჩნია ვაშაძე, თარგამაძე და საჯაია პასუხის ღირსად. ისინი ვერასოდეს მიაყენებენ ჩრდილს იმ ღირებულ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო.
- ყოფილი პარლამენტარი ჯონდი ბაღათურია ამბობს, რომ ნაცმოძრაობის მიერ დაანონსებულ 19 აპრილის მიტინგზე პროვოკაცია იგეგმება, რა შეიძლება მოხდეს 19 აპრილს?
- 19 აპრილის მითი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი თხზავდა და აჯერებდა ხალხს, ძალაუფლებას დავიბრუნებთო, უკვე გაქარწყლებულია. საკონსტიტუციო ცვლილებებმა და სხვა მრავალმა გადაწყვეტილებამ ცხადყო, რომ ახალი ხელისუფლება სრულად აკონტროლებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, რომელიც ურცხვად აანონსებს 19 აპრილის აქციას, შემიძლია განვაცხადო, რომ ის ყველაზე დიდი დამნაშავეა. მერაბიშვილის კისერზეა უამრავი დანაშაული. სწორედ მან დაარბია მშვიდობიანი მომიტინგეები 7 ნოემბერს, 26 მაისს კი ქართველების სისხლით მორწყო რუსთაველის პროსპექტი, უამრავი უდანაშაულო ახალგაზრდა ვანო მერაბიშვილის პოლიციამ ქუჩაში დაგვიხვრიტა და ეს ადამიანი კიდევ ბედავს და ხელისუფლებაში დასაბრუნებლად საქართველოში არეულობას გეგმავს? არაფერი გამოუვა ვანო მერაბიშვილს, ის ვერ არევს ვითარებას, სამართალდამცავები ვანო მერაბიშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებენ და ის კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას...
- ნინო ბურჯანაძე გაწონასწორებული და გამოცდილი პოლიტიკოსია, მივესალმები მის დაბრუნებას აქტიურ პოლიტიკაში. თუმცა მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.
- "ქართულ ოცნებას" თუ ჰყავს საპრეზიდენტო კანდიდატი?
- ამ საკითხზე ჯერჯერობით არ გვიმსჯელია.
დარეჯან ლიპარტელიანი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)