ახალგაზრდა თაობას უფროსი ასაკის ადამიანებისგან ხშირად სმენია, რომ მათი ახალგაზრდობა უფრო მხიარული იყო, ბავშვობა - სიყვარულით სავსე.
მეცნიერების დასკვნით, დღეს ახალგაზრდების ცხოვრება გაცილებით რთულია, ვიდრე 40 წლის წინ. ამ დასკვნამდე ჯანსაღი პროდუქტების მწარმოებელი ქსელი Holland & Barrett ფსიქოლოგებთან თანამშრომლობით მივიდა.
მიუხედავად მეტი თავისუფლებისა, გაუმჯობესებული სამუშაო პირობისა და გასართობი საშუალებების მრავალფეროვნებისა, ახალგაზრდები თავს ბედნიერად ვერ გრძნობენ. ისინი საკუთარ თავზე უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებენ. ზოგიერთი მათგანი კლუბში წასვლას მხოლოდ თვეში ერთხელ თუ ახერხებს. ახალგაზრდების ნაწილი პრობლემას დაუსაქმებლობაში ხედავს, დასაქმებულების ნაწილი კი მძიმე სამუშაო პირობებში.
"შედეგი ძალიან სამწუხაროა. 20 წლის გოგონები და ბიჭები გართობისა და მხიარულების ნაცვლად სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და სამომავლო გეგმებზე ფიქრობენ. დროს დაძაბულ გარემოში ატარებენ", - ამბობს სოციოლოგი კეტრინ ჰაკიმი.
ფსიქოლოგების პაციენტების დიდი ნაწილი 20-დან 25 წლამდე ახალგაზრდები არიან. ყველა მათგანი სტრესულ მდგომარეობაშია. პრობლემები აქვთ სამსახურსა და პირად ცხოვრებაში. თუკი 20 წლის წინ ახალგაზრდებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სასურველი პარტნიორის მოძებნა, ან დაქორწინება იყო, დღეს ძირითადად გარეგნობაზე ზრუნავენ. გამოკითხული ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა დაფიქრების გარეშე განაცხადა, რომ პაემანზე მნიშვნელოვანი, კარგი გარეგნობა და მაღალი ხელფასია. 30 წლამდე ახალგაზრდების მთავარი სურვილი "სწრაფად გამდიდრებაა".
"მშობლებთან შედარებით, დღევანდელი ახალგაზრდები მატერიალისტები არიან. მათთვის ცხოვრების მიზანი ფულია. მათი თქმით, პირველი შვილის გაჩენისთვის იდეალური ასაკი 29 წელია. რასაკვირველია, ეს ინდივიდუალური თემაა, მაგრამ ახალგაზრდები მეზობლებთან უფრო იშვიათად ურთიერთობენ. ყოველი 10 თინეიჯერიდან 5 - ამბობს, რომ არ იცნობს მეზობლად მცხოვრებ თანატოლ მეგობარს. ისინი კარიერის მოწყობით არიან გატაცებული", - ამბობენ ფსიქოლოგები.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.