საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია სარფში შტორმის დროს დაკარგული მეთევზის სამძებრო ღონისძიებებს გაეცნო.
როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, დაკარგული მოქალაქის ძებნაში სამხედრო მყვინთავები ჩაერთვნენ. მინისტრის თქმით, "ჯარი არის საზოგადოებისთვის, ამიტომ, როცა სჭირდება სამოქალაქო ხელმძღვანელობას, ადგილობრივს თუ ცენტრალურს, ყოველთვის დაუდგება გვერდში". ალასანიას განცხადებით, სამხედროები სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაშიც მონაწილეობენ.
"პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც ვიცე-პრემიერი კალაძე ხელმღვანელობს. თავდაცვის სამინისტრო და სხვა უწყებები ჩართული ვართ ამ პროცესში. სამხედრო მყვინთავები ეძებენ მოქალაქეს, რომელიც ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულია. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ბოლომდე, იმიტომ, რომ ოჯახმაც და საზოგადოებამაც უნდა იცოდეს, რომ ასეთ გასაჭირში არავის მივატოვებთ. ასევე, ჩვენი სამხედროები იღებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობას", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
ამ წუთებში ირაკლი ალასანიასა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეს შორის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელიც აჭარაში სტიქიის საკითხებს შეეხება.
55 წლის დავით გელაძე 23 მარტს სარფში თევზაობის დროს შტორმმა გაიტაცა. 6 ბალამდე შტორმმა აჭარის სანაპიროებს 5 მილიონ ლარამდე ზარალი მიაყენა. დაზიანდა ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურა და ქობულეთში თამარ მეფის სანაპირო.