ქართველი მომღერლების რიცხვში, ვისაც ცხრა წელი იძულებითი შემოქმედებითი პაუზის აღებამ მოუწია ირმა სოხაძეცაა. მომღერალი "კვირის პალიტრას" მოსკოვურ კონცერტზეც ესაუბრება, ამბობს, რომ რუსი მაყურებელი საქართველოს ბოდიშს უხდიდა.
- საბედნიეროდ, დღეს არავის აზრსა და კეთილ ნებაზე არ ვარ დამოკიდებული. მართალია, ეს ცხრა წელი უსაქმოდ არ ვმჯდარვარ, მაგრამ მე და ჩემს კოლეგებს იმ უსამართლობაზე ჩვენი რეაქცია, რა თქმა უნდა, გვქონდა. რომ გითხრათ, იმ კონცერტებში მონაწილეობა, რომლებიც იმართებოდა ან ახალი წლის ღამეს ღია ცის ქვეშ შეხვედრა მინდოდა-მეთქი, მოგატყუებთ. თუმცა იყო ისეთი ღონიძიებები, სადაც აუცილებლად უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ისეთი ადამიანების ხელში მოექცა ქართული კულტურა, რომლებიც ძალიან ვიწრო და პირადული ურთიერთობებით წყვეტდნენ ამ საკითხებს. მივიღეთ ეს შედეგები... ცხრა წლის განმავლობაში უძვირესი კონცერტები ჩატარდა. რა ფულია გადახდილი, ყველამ კარგად იცის. მე ვიმღერებდი თუ არა, ეს არ იყო მთავარი, მთავარი ის იყო, რომ გაანიავეს თანხები, რომლებიც ისევ ქართულ კულტურას უნდა მოხმარებოდა.
ჩემი პოზიცია ბევრჯერ გამოვხატე. შემეძლო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში მშვიდად ვმჯდარიყავი ექვსი წელი და მეკეთებინა ის, რასაც სხვები აკეთებდნენ, ანუ არაფერი, მაგრამ საკუთარ თავს ამის უფლება არ მივეცი და მივიღე გადაწყვეტილება წასვლის შესახებ. როდესაც ტელევიზიით გამოვდიოდი, ყოველთვის ვაკრიტიკებდი მათ, მაგრამ უცენზურობასა და უზრდელობაში ეს არასდროს გადასულა. ვამბობდი, რომ პრიორიტეტი ადამიანი უნდა იყოს და არა ასფალტი და შენობები.
არ მინდა ვისაუბრო ჩვენს ოჯახურ ურთიერთობებზე მაშინდელ მთავრობასთან. მეგონა, ახლობელი და მეგობარი უფრო უნდა გააკრიტიკო და რჩევა მისცე, მაგრამ ეს აღქმული იყო პირად შეურაცხყოფად. ეტყობა, როდესაც ადამიანი ხელისუფლებაში მოდის, კარგავს რეალობის შეგრძნებას და ვეღარ იტანს ვერანაირ რჩევას. ჰგონია, რომ ყველაფერი ხელეწიფება. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ გაბრაზებული ვარ... სამწუხაროდ, ეს იყო ის რეალობა, რაც იმ დროს ხდებოდა და ყველამ კარგად იცის. მიუხედავად ყველაფრისა, თავს დაჩაგრულად არ მივიჩნევ, უბრალოდ რამდენჯერმე მეც მეტკინა გული.