"ბატონო მინისტრო, უბრალო, გასაგები ენით გვითხარით, როდის იქნება ისეთი მედიცინა, რომ უფულობის გამო ხალხი აღარ დაიხოცოს?" "რამდენი წელი დასჭირდება საქართველოში ისეთ სამედიცინო მომსახურებას, როგორიც ჭორვილაშია?" - ეს შეკითხვები "კვირის პალიტრის" მკითხველებმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ვებსაიტ kvirispalitra.ge-ზე დაუსვეს.
არცთუ დიდი ხნის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო. მის მიმდინარეობაზე, ხალხის მოლოდინსა და უფასო ჯანდაცვის პერსპექტივებზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგიენკოს ვესაუბრეთ.
- საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა 28 თებერვლიდან ამოქმედდა. ჩვენი მოსახლეობის ნახევარი ისედაც დაზღვეული იყო. მილიონზე მეტი მოქალაქე (პენსიონერი, ბავშვი, სოციალურად დაუცველი პედაგოგი, სტუდენტი და ა.შ.) სარგებლობდა სახელმწიფო დაზღვევით, დაახლოებით 80 ათასი კი ამა თუ იმ კერძო კომპანიაში იყო კორპორაციულად დაზღვეული. ჩვენ იმ მოქალაქეებს დავეხმარეთ, ვისაც არ ჰქონდა დაზღვევა. ინტენსიურად ვთანამშრომლობთ კერძო სადაზღვევო ინდუსტრიასთან და გვსურს, რომ მის განვითარებას შევუწყოთ ხელი.
არსებობს ჯანდაცვის 4 ტიპის კლასიკური მოდელი. 240-ზე მეტი სახელმწიფოდან არც ერთში არ იყენებენ მხოლოდ ერთ მოდელს, ხშირად მათი სინთეზირება და ქვეყანაში არსებულ რეალობასთან მორგება ხდება. ჩვენ ავირჩიეთ მოდელი, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვაში მონაწილეობს ორივე - კერძო და სახელმწიფო სექტორები. ახლა საჭიროა კერძო სადაზღვევო სექტორისთვის კეთილსინდისიერი თამაშის წესების შეთავაზება, მათთან ინტენსიური კონსულტაცია, რაც მიმდინარეობს კიდეც.
- და მაინც, დააკმაყოფილებს მოქალაქეებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა და რატომ იქნება ის უფრო ხარისხიანი, თუკი მას სახელმწიფო განახორციელებს და არა კერძო სადაზღვევო სექტორი?
- თქვენ ისეთ კითხვას მისვამთ, რაზეც საუბარი საკმაოდ შორს წაგვიყვანს, ვინაიდან ეს ეხება გლობალურ სტრატეგიას ჯანდაცვის სფეროში.
- საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება მხოლოდ გადაუდებელი და არა გეგმური სამედიცინო მომსახურება. ე. ი. თუ გეგმური ჰოსპიტალური მომსახურება სჭირდება ადამიანს, ისევ კერძო სადაზღვევოს უნდა მიმართოს?
- ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე დასახელებულია 450 დიაგნოზი, რა შემთხვევაშიც დაფინანსდება ავადმყოფის სამედიცინო მომსახურება. 1-ლი ივლისიდან ამას დაემატება კიდევ დაფინანსების ახალი მოცულობა და ჩვენი მოქალაქეები გაიგებენ, რა შემთხვევაში ისარგებლებენ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით. ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ ორ ამოცანას ვპასუხობთ: პირველი - საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურება იყოს ხელმისაწვდომი, მეორე - სახელმწიფომ მოსახლეობა დაიცვას სამედიცინო მომსახურებაში გადასახდელი კატასტროფული ხარჯებისაგან. კატასტროფულ ხარჯში იგულისხმება ისეთი ხარჯი, როცა ერთი სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებას ადამიანის წლიური შემოსავლის 40%-ზე მეტი სჭირდება. ჩვენი ამოცანაა სწორედ ზემოთ დასახელებული ეს ორი ამოცანა შევასრულოთ და ადამიანი უფულობის გამო არ დაიღუპოს.
რასაკვირველია, კერძო სადაზღვევო ინდუსტრიასაც შეუძლია განახორციელოს თავისი აქტივობები, რაც მთელ რიგ ტაქტიკურ-სტრატეგიულ ნაბიჯებთან არის დაკავშირებული.