ცხინვალის რეგიონში მოქმედი ყოფილი სამშვიდობო ძალების შტაბის სამხედრო დაზვერვის უფროსი ჯემალ კანკია საზოგადოებისთვის დღემდე უცნობ ფაქტებზე ალაპარაკდა. ყოფილ სამხედროს მიაჩნია, რომ 2004 წელს ცხინვალთან შეიარაღებული დაპირისპირება სააკაშვილის არასახელმწიფოებრივი აზროვნებისა და ფულს დახარბების შედეგი იყო. ყოფილი მზვერავი სააკაშვილი-კოკოითის მოლაპარაკების უცნობ დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქართულ-ოსური ურთიერთობის ბედს არაჯანსაღი ძალები - ერთი მხრივ სეპარატისტები, მეორე მხრივ კი პირადი გამორჩენით დაინტერესებული ადამიანები წყვეტდნენ.
ჯემალ კანკია: - 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, დეკემბერში, სააკაშვილი აჩაბეთში უნდა შეხვედროდა ხალხს. გზა მხოლოდ ცხინვალზე გადიოდა. კორტეჟი იქაურმა საგზაო მილიციამ გააჩერა. მიშა მანქანიდან გინებით გადმოხტა - მალე საქართველოს პრეზიდენტი ვიქნები, ყველას მოგხსნით და დაგიჭერთო. ცხადია, ოსებმა სააკაშვილი აჩაბეთში აღარ შეუშვეს და მაშინვე თქვეს, საქართველოს ხელისუფლებაში ფაშისტები მოდიან, რომლებიც არც ჩვენ დაგვმართებენ კარგს და არც ქართველებსო. არადა, იმ დროს თითქოს დათბა ურთიერთობა ოსებთან.
მე და ჩემი ხალხი რუსეთის საზღვრამდე, როკის გვირაბამდე მივდიოდით ქართული ფორმით და არავინ გვიწევდა წინააღმდეგობას. აჩაბეთისკენ მიმავალმა მომავალმა პრეზიდენტმა ისიც კი ვერ გათვალა, ცხინვალში როგორ უნდა მოქცეულიყო, რომ ოსების გული მოეგო. სააკაშვილს ცხინვალის ე.წ. ოფიციოზთან იმ დროიდან დაეძაბა ურთიერთობა, რიგითი მოქალაქეები კი მიშას მხოლოდ რიხიანი სატელევიზიო გამოსვლებით იცნობდნენ და იმედი ჰქონდათ, რომ სააკაშვილი კონფლიქტს მოაგვარებდა.
2004 წელს, როდესაც სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, ედუარდ კოკოითისთან წარმომადგენლები - გიგი უგულავა და როგორც მახსოვს, გივი თარგამაძე მიავლინა. მოლაპარაკების თემა იყო ერგნეთში ბაზრობის ოფიციალურად გახსნა, ოღონდ საქართველოს ხელისუფლებას სანაცვლოდ მოგების 80% უნდა მიეღო. კოკოითიმ შესთავაზა, 60% თქვენი იყოს, 40% - ჩვენიო. ქვა ააგდო სააკაშვილმა და დაიმუქრა კიდეც, ჭკუაზე მოგიყვანთო. ამას მოჰყვა ე.წ. ჭკუის სასწავლებელი სანქციები. საქართველოს ხელისუფლებამ ერგნეთის ბაზრობაზე ვითომ კონტრაბანდის გასაკონტროლებლად ძალოვანი სამსახურები შეიყვანა. ოს და ქართველ გლეხებს საქონელს ართმევდნენ, ბაზრიდან ყრიდნენ და ცდილობდნენ, ხალხი დაეშინებინათ, რომ ბაზრობის გამართვაზე უარი ეთქვათ. ჩვენი სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობა აღშფოთებას ვერ მალავდა. მდგომარეობა ძალიან დაიძაბებაო, წუხდნენ სარდალი მიშა ქებაძე და შტაბის უფროსი გივი გუგუციძე. ამ პროცესების გამო მიშა ქებაძეს მთავრობასთან მუდმივად ჰქონდა უთანხმოება. სარდალი ხელისუფლებას სთხოვდა, ცოტა ხანი გვადროვეთ და ცხინვალის რეგიონს ადგილობრივი მოსახლეობის სურვილით დაიბრუნებთო. მიშა ქებაძეს ავტორიტეტი ჰქონდა ოსებში და ბევრი სიკეთის გაკეთება შეეძლო. სამწუხაროდ, არავინ უგდო ყური და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით ჯარიც შემოიყვანეს რეგიონში.
ერთ დღეს გივი გუგუციძემ მითხრა, როგორც დაზვერვის უფროსს კი არ გევალება ეს საქმე, მაგრამ ტყვიავის პოსტზე დადექი, ნახე, რას აკეთებენ ჩვენებიო. კინაღამ გავგიჟდი იმ დღეს. ქართველი ძალოვანები ხალხს ხელიდან სტაცებდნენ უკანასკნელ ლუკმას. ართმევდნენ ყველაფერს, ყრიდნენ ავტომობილებში და თბილისისკენ ეზიდებოდნენ. არასოდეს დამავიწყდება ქართველი ქალი, რომელსაც ერთი ტომარა ფქვილი წაართვეს. დილის ათი საათიდან საღამოს 9 საათამდე იდგა პოსტზე და ქართულ პოლიციას ეხვეწებოდა - ორი თვეა, ჩემს შვილებს პური არ უჭამიათ, ერთ ოსს ვალი ჰქონდა და ფულის ნაცვლად ფქვილი მომიტანა, რატომ წამართვით, ღმერთი არ გწამთო? დამელია გული იმ ქალის ტირილზე და იმდენი მოვახერხე, რომ ის ტომარა დავაბრუნებინე.
- თქვით, რომ ხალხისთვის წართმეული საქონელი თბილისში მოდიოდა... სად? ვისთან?
- ალბათ, სავაჭრო ცენტრებში, საიდანაც ფულს თვითონვე იღებდნენ. სანამ ხელისუფლება კონტრაბანდასთან ბრძოლის სახელით მაროდიორობდა, ტყვიავში ღამით, ორ-სამ საათზე გორიდან შემოდიოდა მანქანების ქარავანი, 15-20 სატვირთო მანქანა იტვირთებოდა.
- ფიქრობთ, რომ 2004 წლის შეიარაღებული კონფლიქტის საფუძველი ერგნეთის ბაზრობა გახდა?
- დიახ. კონტრაბანდასთან ბრძოლის მოტივით ქართულმა მხარემ აჩაბეთში ჯარიც რომ შემოიყვანა, ოსებმა სანგრების თხრა დაიწყეს. რამდენიმე დღეში კი მიშა ქებაძეს მოაწოდეს ინფორმაცია ვლადიკავკაზიდან ცხინვალისკენ მომავალი სატვირთო მანქანების შესახებ. მალე დავაზუსტეთ, რომ 360-ტენტიანი სატვირთო მანქანა გამოვიდა როკის გვირაბიდან. ცხინვალიდან ინფორმატორმა მაცნობა, რომ იმ ავტომობილებით რუსეთიდან შემოვიდა იარაღი და მასალა ძველი საბრძოლო ტექნიკის შესაკეთებლად, რომელიც ცხინვალში წლების განმავლობაში უქმად იდგა. ცხინვალში ომისთვის ემზადებიან, რადგან, მათი ინფორმაციით, ქართულ მხარეს სურს ომი. გაფრთხილდით, ჩამოტანილია სპეციალური მოწყობილობები, რომლითაც თითოეული თქვენგანის სატელეფონო საუბარს გააკონტროლებენო. ეს ინფორმაცია მაშინ კი გაითვალისწინეს თბილისში, მაგრამ მერე არც 2004 წლის შეტაკების დროს გახსენებიათ და 2008 წლის ომშიც არავის აუკრძალავს მობილურებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემა.