ცნობილი რუსი მომღერლის, ანდრეი მაკარევიჩის კონცერტი თბილისის გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსულ თეატრში ანშლაგით ჩატარდა.
ჯგუფ "მაშინა ვრემენის" სოლისტი ანდრეი მაკარევიჩი თბილისში "რუსული კლუბის" ორგანიზებით ჩამოვიდა და მსმენელის წინაშე ცნობილი ჯაზური კომპოზიციები და რუსული სიმღერები შეასრულა.
მაკარევიჩთან ერთად სცენაზე ჯაზ ბენდი და მოსკოვში მოღვაწე ქართველი მომღერალი ეთერ ბერიანიძე წარსდგნენ.
მოსკოვში ქარბუქის გამო ავიარეისები დროებით გადაიდო, რის გამოც თბილისში კონცერტის გადადების საფრთხე იყო, თუმცა როგორც ანდრეი მაკარევიჩმა განაცხადა, მოსკოვში მცხოვრებმა ქართველმა მამაკაცმა "დომოდედოვოს" აეროპორტიდან მუსიკოსები ავტობუსით "შერემეტიევოს" აეროპორტში გადაიყვანა და ავიარეისების აღდგენისთანავე თბილისისკენ გამოფრინდნენ.
თბლისში, 21.00 საათზე დაგეგმილი კონცერტი 23.00 საათზე დაიწყო. მაკარევიჩის კონცერტის დაწყებას გრიბოედოვის თეატრში თბილისელების გარდა, ქუთაისელი, ბათუმელი და ზუგდიდელი მსმენელიც ელოდა. კონცერტი 2 საათს გაგრძელდა, რომლის დასრულების შემდეგ ანდრეი მაკარევიჩმა ჟურნალისტებთან ქართველ მსმენელსა და საქართველოს დიდ სიყვარულზე ისაუბრა.
ანდრეი მაკარევიჩის განცხადებით, მას საქართველოში ბოლო კონცერტი 16 წლის წინ ჰქონდა და შესაბამისად ნოსტალგიაც დიდი იყო.
"ძალიან მიყვარს საქართველო. პოლიტიკა ხელოვნებასთან და ჩვეულებრივ ცხოვრებასთან კავშირში არ არის. მენატრებოდა აქაურობა და 16 წლის შემდეგ მოვახერხე ჩამოსვლა, თუმცა მე აქ უკვე ხშირად ვივლი, საქართველოს გარდა თხილამურებით სრიალიც მიყვარს. დილიდანვე გუდაურში გავემგზავრები. სრიალითაც მივიღებ სიამოვნებას და ერთ-ერთ საცხოვრებელ აპარტამენტში ერთოთახიან ბინას შევიძენ, რომელიც ახლა შენდება. როდესაც გუდაურის სათხილამურო კომპლექსი გაიხსნა, ერთ-ერთი პირველი მე ვიყავი, რომ ვისრიალე იქ", - განაცხადა ანდრეი მაკარევიჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე ინფორმაციით, ის მოსკოვში გამგზავრებამდე თბილისის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასაც გეგმავს.