დათო ყვირილიანმა 28 წლისამ მწვერვალი "გერგეტი" დალაშქრა. ეს მსოფლიოს მასშტაბით უსინათლოს მიერ სიმაღლის დაპყრობის მეცხრე, საქართველოში კი პირველი შემთხვევა იყო. თუმცა, თავად დათო ამ ფაქტს სულაც არ მიიჩნევს საკვირველებად. ამბობს, რომ ასე მხოლოდ იმის გამო მოიქცა, საზოგადოებისთვის დაემტკიცებინა, რომ შეუძლებელი არაფერია. ისე კი, როგორც ამბობს, მისთვის ყველაზე "მაღალი მწვერვალი" მეუღლის, მეგის სახით უკვე დაიპყრო.
მეგი:
- ერთმანეთი 1998 წელს, თბილისში, ავლაბრის უსინათლოთა სკოლაში გავიცანით. მანამდე ქუთაისში ვცხოვრობდი და ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში ვსწავლობდი.
- ქუთაისში არ არის უსინათლოთა სკოლა?
- თბილისის 202-ე სკოლა საქართველოში ერთადერთი უსინათლოთა სკოლაა.
დათო:
- მხედველობის პრობლემის გამო სკოლაში შესვლა დამიგვიანდა, რადგანაც თვალებზე ვმკურნალობდი. მეგი სწორედ სკოლაში ვიპოვე, მაგრამ ჩვენი სიყვარული მაშინ ცალმხრივი იყო - მე მიყვარდა, ის არ მწყალობდა.
- რითი მოგხიბლა მეგიმ?
- უკარებაა. ადამიანებთან კონტაქტს ადვილად ვერ ამყარებს. ზოგადად მის ხასიათთან ერთად, ალბათ, ამ თვისებამაც მიიქცია ჩემი ყურადღება... მაგრამ გამიმართლა და მისი გულის მოგება წლების შემდეგ მაინც შევძელი. მეგი ჩემი პირველი სერიოზული სიყვარულია! როგორც ჩანს, უფლის ნება იყო, რომ 14 წლის შემდეგ მაინც ერთად ვართ...
- სკოლის დამთავრების შემდეგ როდის შეხვდით ერთმანეთს?
- უსინათლოთა კავშირში ვმუშაობდით: მეგი წამყვანი ბიბლიოთეკარი იყო, მე დღესაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფილიალის ხელმძღვანელი ვარ. მეგისთან, ბიბლიოთეკაში წიგნებისთვის შევდიოდი... მას რამდენიმე ასეული "ესემესის" შემდეგ გავუმხილე, რომ ისევ ისე მიყვარდა, როგორც ბავშვობაში.
- ახლობლები თქვენი ქორწინების წინააღმდეგები ხომ არ იყვნენ?
- მამა და დედა გარდაცვლილები არიან, ჩემს ძმებს თავიანთი ოჯახები აქვთ. ამასთან, ბავშვობიდან დამოუკიდებლად გავიზარდე, რისთვისაც ოჯახის მადლიერი ვარ... წარმოიდგინეთ, როცა მამა ავტომობილს აკეთებდა ხოლმე, საჭირო ხელსაწყოებზე მგზავნიდა და ე.წ. "კლუჩებს" ნომრების მიხედვით მაბარებდა (იცინის).
მეგი:
- არასოდეს მნდომებია, ცოლად მხედველს გავყოლოდი. მეგონა, მასთან თანაცხოვრებას ვერ შევძლებდი. დათოს კარგად ვიცნობდი, მის შესახებ ყველაფერი ვიცოდი და ამიტომ გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის რთული არ იყო.
- დღესდღეობით თქვენი საქმიანობა რას მოიცავს?
დათო:
- უსინათლოთა პრობლემებსა და მათ სოციალურ მდგომარეობაზე ვმუშაობთ. ვცდილობთ, საზოგადოებასა და ხელისუფლებას ჩვენი პრობლემები გავაცნოთ. ამ მიმართულებით კონსულტაციებს ვმართავთ...
მეგი:
- 3 წლის განმავლობაში ბიბლიოთეკაში ვიმსახურე. ამჟამად შემოსავლების სამსახურში, საშვთა ბიუროში ვმუშაობ, სადაც 20 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია დასაქმებული.
- მაინც რა არის თქვენთვის მთავარი პრობლემა?
დათო:
- რაც მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იაქტიურებს, სახელმწიფოც გამოიჩენს ყურადღებას, კანონმდებლობაც შეიცვლება და საზოგადოებრივი ცნობიერებაც ამაღლდება ჩვენ მიმართ. ასე რომ, ყველაფერი პირველ რიგში, ჩვენზეა დამოკიდებული. მაგალითად, ბევრ უსინათლოს თეთრი ხელჯოხით სიარული ეუხერხულება. არადა, სხვაზე დამოკიდებულებას არ ჯობია, დამოუკიდებლად იარო?! უნდა გავაცნობიეროთ, რომ რაც მეტ უსინათლოს დაინახავს ქუჩაში ხალხი, მით უფრო გაქრება ემოციური და გაკვირვებული შეძახილები ჩვენს დანახვაზე...
- მეგობრებისგან გადამეტებულ ზრუნვას ხომ არ გრძნობთ?
- ბავშვობაში როცა ჩემი თანატოლები ჩხუბსა თუ კამათში ცდილობდნენ, არ ჩავრთულიყავი, ვაპროტესტებდი. თუ ვიგრძნობ, რომ ვიღაც ჩემი შეზღუდული შესაძლებლობების გამო რამისგან თავს იკავებს, დისკომფორტი მექმნება.
მეგი:
- მე ახლომხედველი ვარ, მაგრამ სამაგიეროდ, სმენა მაქვს კარგად განვითარებული. ხშირად ვერც ამჩნევენ, რომ მხედველობასთან დაკავშირებით პრობლემა მაქვს.
- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ? გასართობ ადგილებს თუ სტუმრობთ?
დათო:
- ძირითადად ლიტერატურულ საღამოებს ვესწრებით. ხშირად მეგობრებს ვმასპინძლობთ. თუ კარგი ამინდია და საშუალებაც გვაქვს, ბუნებაშიც სიამოვნებით გავდივართ.
- დათო, მწვერვალის დაპყრობა აღარ გიცდიათ?
- ყველაზე დიდი მწვერვალი, ჩემი მეუღლის სახით, უკვე დავიპყარი... ისე, მწვერვალის დაპყრობა ჩემი ბავშვობის ოცნება არ ყოფილა. ამას მხოლოდ ერთადერთი მიზანი ჰქონდა: მინდოდა, საზოგადოებისთვის დამენახვებინა, რომ უსინათლო ვარ, მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და შემიძლია იმის გაკეთება, რაც შესაძლოა, მხედველმაც ვერ შეძლოს. გარდა ამისა, ბავშვობიდან რისკიანი ვარ. მიყვარს ისეთი სპორტული აქტივობები, როცა ადრენალინი გამოიყოფა. მიყვარს ჯომარდობა და პატარაობიდან მიზიდავს მანქანა...
- მატერიალურად უზრუნველყოფილი ხართ?
- ბოლო დროს, უსინათლოთა კავშირს ფინანსური პრობლემები გაუჩნდა და ხელფასები გაგვინახევრდა. ჩემი ხელფასი დღეს 80 ლარს შეადგენს (იცინის). არადა, სურვილი მქონდა, მაგისტრატურის კურსი საზღვარგარეთ გამევლო, მაგრამ არ მოხერხდა. საშუალება რომ მქონდეს, ახლაც სიამოვნებით გავაგრძელებდი სწავლას. მართალია, სპეციალობით პოლიტოლოგი ვარ, მაგრამ ამჟამად შშმ პირების პრობლემები მაინტერესებს.
- დათო, საერთოდ შენი უსინათლობის მიზეზი რა გახდა?
- როგორც მითხრეს, ტრავმა დაბადებისას მიმიღია და ეს პრობლემა 6 თვის ასაკში გამოვლინდა. ერთხელ სტუმრად თვალის ექიმი გვყავდა, რომელიც დაეჭვდა ჩემი თვალის ფორმის გამო... მშობლებმა მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირი მომატარეს, მაგრამ არაფერი მეშველა. 8 წლის ასაკში სრულიად დავკარგე მხედველობა... სამყარო ნანახი მაქვს, ამიტომაც არ მიჭირს ალბათ, საგნების აღქმა.
- ფერებიც გახსოვს ალბათ...
- ფერები კარგად მახსოვს, ფერებით ვაკონტროლებდი ჩემს მხედველობას. მაგალითად, ფორთოხლის სუნთან ყვითლის ასოციაცია მიჩნდება.
მეგი:
- მე მამა მყავდა მცირემხედველი... 9 წლისას კატარაქტის ოპერაცია გამიკეთეს, მაგრამ არსებითად არაფერი შეცვლილა.
- სახელმწიფოსგან თუ იღებთ რაიმე სახის დახმარებას?
- კუთვნილ პენსიას ვიღებთ. 2010 წელს ის სახლი დაინგრა, სადაც ვცხოვრობდი და ახლა ქირას სახელმწიფო გვიხდის.
შორენა ლაბაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)