თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მარსაგიშვილმა (84) საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
ფინალურ შეხვედრაში მარსაგიშვილი სომეხ მუსა მურტაზალიევს დაუპირისპირდა და მეტოქეს ორ პერიოდში (2:0, 2:0) შანსი არ დაუტოვა, რითაც კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა.
ეს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მეორე ოქროს მედალია. მანამდე ჩემპიონობა გიორგი ედიშერაშვილმა (55 კგ) მოიპოვა. ბრინჯაოს მედლები კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (60) და გენო პეტრიაშვილმა დაისაკუთრეს.
ამრიგად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპირველობა 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
23 მარტიდან სპორტის სასახლის ხალიჩა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ - პირველ დღეს "ბერძენ-რომაელები" ჩემპიონ-პრიზორებს ოთხ წონაში (55, 60, 96 და 120 კგ) გამოავლენენ.