არქიტექტურულმა ვებგვერდმა Architizer-მა პირველი ყოველწლიური კონკურსის "A+"-ის გამარჯვებულები გამოავლინა. კონკურსის მიზანი იყო გამოევლინა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული თანამედროვე არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშები.
კონკურსი 52 კატეგორიად იყო დაყოფილი - დაწყებული საუკეთესო მემორიალური შენობიდან, დამთავრებული საუკეთესო მაღალსართულიანი საოფისე შენობით.
საუკეთესო შენობები ორი მეთოდით გამოავლინეს - ჟიურისა და ხალხის რჩეული. ჟიური 200 საერთაშორისო არქიტექტორისგან იყო დაკომპლექტებული. საუკეთესო "პოპულარული შენობა" კი 100 სხვადასხვა ქვეყნის მცხოვრებთა ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდა.
გამარჯვებულებს შორის დასახელდა გორში მდებარე დასვენებისა და მომსახურების კომპლექსიც, რომელიც "პოპულარულ" შენობებს შორის დასახელდა.
გორის დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გერმანელ არქიტექტორს იურგენ მაიერს ეკუთვნის. კომპლექსი გორში ჩქაროსნული მაგისტრალის გასწვრივ მდებარეობს და მასში სხვადასხვა კვებისა და დასვენების ობიექტები, საბანკო მომსახურების მცირე ოფისები, ავტოსადგომი და ა.შ. არის განთავსებული.
იურგენ მაიერი საქართველოში არსებული სხვა თანამედროვე არქიტექტურული შენობების ავტორიცაა, მათ შორისაა მესტიაში, თამარ მეფის სახელობის აეროპორტის პროექტი.
მომზადებულია Businessinsider-ის მიხედვით.