H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის უკვე 316 შემთხვევაა აღრიცხული. მათგან 25 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდაცვლილთა შორის ყველაზე მეტი 30-დან 64 წლამდე ასაკის პირები არიან. ამ ასაკობრივ ჯგუფზე გარდაცვალების 19 შემთხვევა მოდის. ამასთან, გარდაცვლილთა შორის სამი ორსული იყო, ორი ოთხწლამდე ასაკის ბავშვი, ერთი კი - 5-დან 14 წლამდე ასაკის. გარდაცვალების ერთი შემთხვევა 15-29 წლის ასაკობრივ ჯგუფშიც დაფიქსირდა. ორი კი 65 წელს გადაცილებული პირი იყო.
ცენტრში განმარტავენ, რომ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების უკან უამრავი დაუდასტურებელი შემთხვევა დგას. ცენტრში სინჯებს მძიმე შემთხვევებიდან იღებენ. გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა სამედიცინო დაწესებულებების მიმართ მიმართვიანობა მარტის ბოლოსთვის მკვეთრად იკლებს, აპრილში კი ინფიცირების ერთეული შემთხვევები დაფიქსირდება.