მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის თქმით, - "ვარდების რევოლუციის" შემდეგ 9 560-მა მადლიერმა მოქალაქემ სახელმწიფოს უსასყიდლოდ აჩუქა თავისი ქონება. ბევრი მათგანი ახლა ამ ქონების უკან დაბრუნებას ითხოვს... როგორ ართმევდნენ ხალხს ქონებას, ამას ერთი ბიზნესმენის მაგალითზე შეიტყობთ. თამაზ ელიზბარაშვილის მონათხრობში საგანგაშო ის არის, რომ მას ახალმა ხელისუფლებამაც მოსთხოვა მილიონი.
- 1993 წელს საქართველოში დავბრუნდი და ბიზნესი დავიწყე. 1996 წლიდან "მოქალაქეთა კავშირის" ახალგაზრდულ ფრთას - მიხეილ მაჭავარიანს, გია ბარამიძესა და ზურაბ ჟვანიას დავუმეგობრდი. ყოველთვიურად მათ პარტიას 10.000 ლარით ვეხმარებოდი. მეგონა, ეს ძალა ქვეყანას კორუფციის ჭაობიდან ამოიყვანდა. 1997 წლის მარტში დამაპატიმრეს - ყაჩაღური ჯგუფის ხელმძღვანელობა მედებოდა ბრალად. მეხუთე იზოლატორში მომათავსეს. გვერდით საკანში ჯაბა იოსელიანი იჯდა. საღამოს წყალი წყდებოდა და კანალიზაციის მილში ჩავძახებდით, ერთმანეთისთვის ხმა რომ მიგვეწვდინა. მიწის ქვეშ, სამი სართულით ქვემოთ, ოთხ კედელში ვიყავით გამომწყვდეული. ყველა კუთხიდან წყალი წვეთავდა და საკანში კოჭებამდე იდგა. სამი თვე ასე გავატარე, შემდეგ თავდებით გამათავისუფლეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ თავს დამესხნენ და ძლივს გადავურჩი სიკვდილს...
- ყველას ახსოვს სიგარეტის ორი დისტრიბუტორის - "ომეგასა" და "ელიზის" გახმაურებული საქმეები. მაშინ ორივე ფირმას ავიწროებდნენ. მკვლელობებიც მოხდა.
- ვერ ვიტყვი, რომ "ომეგას" არ აწყობდა ბიზნესის გათეთრება, მაგრამ მის უკან ასლან აბაშიძე და კახა თარგამაძე იდგნენ, მათ ეს არ აწყობდათ, ფული მხოლოდ თავისთვის სურდათ. მე კი კანონპროექტის გამო გამომიცხადეს ომი... დამიჭირეს და კომპანია "ფილიპ მორისმა", რომლის წარმომადგენელიც ვიყავი, კონტრაქტი შემიწყვიტა, კრიმინალი პარტნიორი არ გვჭირდებაო. რაც აჭარასა და თბილისში ქონება გვქონდა, წაგვართვეს, მანქანები წაიყვანეს, ნულზე დაგვსვეს... ციხიდან გამოსვლის შემდეგ ახალი პარტნიორის ძებნა დავიწყე. უშუალოდ კახა თარგამაძის მითითება იყო, ელიზბარაშვილს საქართველოში ბიზნესი არ ჰქონოდა. მაინც არ გავჩერდი და ამიტომაც დამესხნენ თავს. მერე ისევ ჩემი დაკავება დაიგეგმა, ეს შევიტყვე და სასწრაფოდ წავედი საქართველოდან. 2000 წელს დავბრუნდი და მაშინ სასამართლომ გამამართლა...
- ამ პერიოდში ძებნა თქვენს 18 წლის ვაჟზე, გურამ ელიზბარაშვილზე გამოცხადდა. ის თანატოლის მკვლელობაში იყო მხილებული.
- მეზობელ ბიჭს გოგო უყვარდა, თურმე ის ერთდროულად ორ ბიჭს ხვდებოდა. მიშიკო ცირეკიშვილი თავის დაბადების დღეს საბანკეტო დარბაზში აღნიშნავდა. იმ დღეს მიშიკოსა და ჩვენს მეზობელ გიორგის შორის შელაპარაკება მოხდა. საქმის გასარჩევად გიორგიმ მეგობრები, მათ შორის ჩემი შვილი წაიყვანა, რომელიც ახალი ნაოპერაციები იყო და ხელჯოხით მივიდა. ამ დაპირისპირების დროს გურამი და ჩვენი ნათესავი ბიჭი ცირეკიშვილსა და მის სამეგობროსთან მარტო აღმოჩნდნენ და ამ დროს მოკლა გურამმა ცირეკიშვილი. ძალიან განვიცდი ამ ტრაგედიას. ჩემმა მეგობრებმა ჩემი შვილი ქვეყნიდან სასწრაფოდ გაიყვანეს, რადგან ვშიშობდი, რომ კახა თარგამაძე ციხეში მასზე შურს იძიებდა. კობა ნარჩემაშვილის მინისტრობისას კი ჩემი ხელით მივიყვანე გურამი პოლიციაში და მკვლელობისთვის 21 წელი მიუსაჯეს.
- ფული მართლა გადაიხადეთ, რომ თქვენი ვაჟი ციხის ნაცვლად ფოთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაეყვანათ?
- 12 წლის ასაკში გურამმა თავის მძიმე ტრავმა მიიღო, მას მერე სულ ფსიქოტროპულ წამლებზე გვყავდა. დაკავების შემდეგ პირველი ექსპერტიზა მამარდაშვილმა ჩაატარა და დაასკვნა, რომ გურამი ავად არის, მაგრამ მკურნალობა არ სჭირდებაო. გავასაჩივრე და 2002 წელს ახალი ექსპერტიზა ჩატარდა. ჩემი შვილი ასათიანზე, ფსიქიატრიულში რამდენიმე თვე იწვა გამოსაკვლევად. მის სანახავად მისულს საშინელი ანტისანიტარია დამხვდა, ფანჯრებს მინები არ ჰქონდა, იატაკი აყრილი იყო... მაშინ საავადმყოფოს დირექტორი ჩემი მეგობრის, თემო მაჭავარიანის ნათესავი, ნანეიშვილი იყო და ვუთხარი, რემონტის თანხებს გადავიხდი-მეთქი. ეს ქველმოქმედება იყო. დირექტორმა მოადგილესთან, ხარებავასთან გაგვგზავნა და მას 2003 წელს 30.000 დოლარი მართლა გადავეცით. მართლაც გაკეთდა იქ რემონტი, თანხის ნაწილი კი ხელფასებად დარიგდა. 7 წლის შემდეგ, 2010 წლიდან ადეიშვილის პროკურატურა იმას მედავებოდა, რომ თურმე ფული გადავიხადე ყალბი დასკვნისთვის.
- ისევ ბიზნესს დავუბრუნდეთ, თქვენი ბიზნესი "ვარდების რევოლუციის" შემდეგ განვითარდა, ძველ ხელისუფლებას თუ უხდიდით თანხებს?
- "ვარდების რევოლუციაზე" გული მას შემდეგ გამიტყდა, რაც ბიზნესმენების მასობრივად დაპატიმრება და ფულის შეწერა დაიწყეს. პირველად მერაბ ჟორდანია დაიჭირეს, მერე ჯოხთაბერიძე, ამას დაემატა ზურაბ ჟვანიას მკვლელობა. ის იყო ერთადერთი, რომელიც სააკაშვილის აღვირახსნილ სისასტიკეს ეწინააღმდეგებოდა და მოიშორეს.…ჩემი ურთიერთობა "ნაციონალებთან" 2005 წლამდე გრძელდებოდა. კახეთში რამდენჯერმე მაყიდვინეს რამდენიმე ტონა ყურძენი და დავურიგე ახლობლებს, მაგრამ იმდენად ბევრი იყო, რომ ნაწილი გადავყარეთ. თუ რამე სჭირდებოდათ, ფულს მთხოვდნენ.
- ვინ გირეკავდათ?
- მიშა მაჭავარიანი, ირაკლი ჩუბინიშვილი, რომელიც რუსეთში ელჩად მუშაობდა. ბევრჯერ დამაფინანსებინეს ქალაქში გამართული კონცერტები, მაგრამ ერთ დღესაც მიშა მაჭავარიანს მივახალე, მორჩა, აღარაფერს ვაფინანსებ-მეთქი. ამის შემდეგ წამართვეს ორი ძვირად ღირებული ჯიპი, თითქოს არალეგალურად იყო საქართველოში შემოყვანილი. არადა, ორივე აქ ვიყიდე: ერთი - პარლამენტარისგან, მეორე - რიგითი მოქალაქისგან. ეს იყო პირველი ყურის აწევა, ამით მითხრეს, ნახე, რა შეგვიძლიაო. შს მინისტრის მოადგილე კაჭარავასთან მივედი, ვტოვებ ამ მანქანების ღირებულებას - 100.000 დოლარს და სანამ გაარკვევთ ყველაფერს, მანამდე თანხა აქ იყოს და მანქანები მომეცით. თუ გაირკვა, რომ არ იყო სწორად შემოყვანილი, მაშინ იმ თანხასაც გაჩუქებთ და ამ მანქანებსაც-მეთქი. მადროვეო, მითხრა, გავიდა კაბინეტიდან და დაბრუნებულმა მიპასუხა, გამორიცხულიაო. ალბათ, ადეიშვილს შეუთანხმდა. მერე შევთავაზე, 100.000-ს გაჩუქებთ და ჩემს მანქანასაც, ოღონდ მამაჩემისა დამიბრუნეთ (ისიც ჩამომართვეს), არ მინდა, ნაოპერაციებმა ინერვიულოს-მეთქი. არც ამაზე დამთანხმდნენ...