11 მარტს აშშ-ში ვაშინგტონის შტატში, გეგმიური საწვრთნელი ფრენის შესრულებისას EA-6B Prowler-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. აღნიშნული ტიპის თვითმფრინავი საგემბანო დანიშნულებისაა და მის ფუნქციებში დაზვერვა და რადიოელექტრონული ბრძოლა შედის.
EA-6B Prowler ოთხკაციან ეკიპაჟზეა გათვლილი. თუმცა იმ საბედისწერო გაფრენისას მის ბორტზე მხოლოდ სამი ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ერთ-ერთი ფერმის მინდორში ჩამოვარდა. მომხდარს ტრანსპორტის უსაფრთხოების ნაციონალური სამმართველო იძიებს. კატასტროფის მიზეზების დადგენამდე ამ ტიპის თვითმფრინავის ფრენები შეჩერებულია. არსებული ცნობით, სამხედრო ნაწილი, რომელსაც ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ეკუთვნოდა, ახალგაზრდა მფრინავების მომზადებას ახორციელებს.
საგემბანო EA-6 Prowler აშშ-ის ფლოტის შეიარაღებაში 1971 წლიდანაა. მას შემდეგ მან მონაწილეობა ვიეტნმის ომში, ოპერაციაში "უდაბნოს ქარიშხალი", ერაყის და ავღანეთის სამხედრო კამპანიებში მიიღო. სულ 170 ასეთი თვითმფრინავია გამოშვებული.
1998 წლის 3 თებერვალს ამ თვითმფრინავის მონაწილეობით მსხვილი ინცინდენტი მოხდა. იტალიურ ალპებში, კავალესის სამთო-სათხილამური კურორტთან ფრენისას, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის Prowler-ი ფრთით საბაგირო გზის გვარლს დაეჯახა და გაწყვიტა. შედეგად ერთი კაბინა 90 მ-ის სიმაღლიდან ჩამოვარდა. ამ დროს კაბინაში 20 ტურისტი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაზიანების მიუხედავად თვითმფრინავმა ბაზაზე დაბრუნება შეძლო.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.