ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი "ფეისბუქზე" ჯემალ ჭკუასელის განცხადებას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ხელოვნება პოლიტიკაზე მაღლა დგას.
"იქნებ, ვინმემ აუხსნას ამ ხალხს, რომ აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია. ის რაც რუსეთ-საქართველოს შორის ხდება პოლიტიკა არაა, ეს ომია (ამჯერად ცივ სტადიაში). ომში კი საკუთარი ქვეყნის ინტერესების და ღირსების დაცვა ყველას ევალება. ხელოვნება პოლიტკაზე მაღლა დგასო, ან პოლიტიკაში არ ვერევიო, შეგიძლია თქვა მაშინ, როდესაც, მაგალითად, არც "ქართული ოცნების" მხარდასაჭერ კონცერტზე გამოდიხარ და არც "ნაციონალების". ასე რთულია ამის გაგება?!", - წერს მეტრეველი.
როგორც დღეს ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა განაცხადა, რუსეთში "ერისიონის" გასტროლები ტრიუმფით ჩატარდა.
"ქართული ხელოვნება სუფთა და კრიალაა. ჩვენ ყოველგვარ პოლიტიკაზე მაღლა დავდექით. რუსეთში, სადაც გავმართეთ ჩვენ კონცერტები, ყველა დარბაზში საქართველოს დროშა ავაფრიალეთ. უნდა გავმიჯნოთ ხელოვნება და კულტურა პოლიტიკისგან და ვთხოვ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი თანამემამულეები არიან, ნუ იქნებიან რადიკალურები. მშვიდობა და სიყვარული გადაგვარჩენს", - აღნიშნა ჯემალ ჭკუასელმა.