თომას დე ვაალი - საქართველოსკენ ყურებისას ბევრი სომეხი, აზერბაიჯანი და რუსი დემოკრატიის ცუდ რეკლამას ხედავს

 თომას დე ვაალი - საქართველოსკენ ყურებისას ბევრი სომეხი, აზერბაიჯანი და რუსი დემოკრატიის ცუდ რეკლამას ხედავს

გამოცემა Foreign Policy აქვეყნებს თომას დე ვაალის სტატიას სათაურით - "პოლიტიკური რყევები კავკასიაში". სტატიის ავტორი კავკასიის სამ რეგიონში: საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება.

როგორ განაახლებთ სახლს, როცა ხალხი საძირკველს არყევს? - ასეთი კითხვით იწყება თომას დე ვაალის სტატია, რომელიც წერს, რომ ეს კითხვა დგას როგორც ვლადიმერ პუტინის რუსეთის, ისე სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის - სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს წინაშე. თითოეულ მათგანში, მმართველი რეჟიმი უპირისპირდებოდა ან უპირისპირდება საზოგადოებრივი პროტესტის განახლებულ ფორმებს.

როგორც თომას დე ვაალი აღნიშნავს, 1990-იან წლებში თითოეულ ამ ქვეყანას დიდი პოლიტიკური ტურბულენტურობის გამოცდილება აქვს, თუმცა წლების განმავლობაში ისე ჩანდა, თითქოს ხალხმა საზოგადოებრივი ჩართულობისადმი რწმენა დაკარგა და კმაყოფილდებოდა, აეტანა ნებისმიერი მმართველი, ვინც თუნდაც მცირე სტაბილურობის გარანტიას მისცემდა. ახლა საქმე სხვაგვარად არის- უმოქმედობის გარკვეული პერიოდის შემდეგ პოლიტიკური ცხოვრება ისევ დაბრუნდა.

საქართველოში, - აღნიშნავს სტატიის ავტორი, - მიხეილ სააკაშვილმა ძალაუფლება დათმო გასული წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რომელიც მოულოდნელად მისთვის საწინააღმდეგოდ დასრულდა, მიუხედავად ამისა, ის პოლიტიკურ ბრძოლას აგრძელებს.

საქართველოსკენ ყურებისას, - წერს თომას დე ვაალი, - ბევრი სომეხი, აზერბაიჯანი და რუსი დემოკრატიის ცუდ რეკლამას ხედავს. გასული წლის ოქტომბერში ქართველებმა ისტორიული არჩევნები ჩაატარეს, რომელშიც მმართველი პარტია პირველად დამარცხდა და ძალაუფლება მშვიდობიანად გადავიდა ოპოზიციური კოალიციის - "ქართული ოცნების" ხელში, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში. მას მერე, ქვეყანა ივანიშვილის მთავრობასა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის არსებულ მტკივნეულ "კოჰაბიტაციაშია". სააკაშვილი საპრეზიდენტო პოსტს ოქტომბერში დატოვებს.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოში ყოველი დღე თავისებური პოლიტიკური მელოდრამის მომტანია: ორმხრივი ბრალდებების, საკონსტიტუციური საკითხებზე ვაჭრობის, უცხოელი ვიზიტორებისადმი დემარშის, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებებისა და ქუჩაში დაპირისპირებისაც კი, როცა პრეზიდენტი სიტყვით გამოსვლისთვის ემზადებოდა.

ქვეყნის შიგნით კი, - წერს თომას დე ვაალი, - განწყობა არც ისე ტურბულენტურია, როგორც ვარაუდობენ. "იუსტიციის შთამბეჭდავმა ახალმა მინისტრმა თეა წულუკიანმა მითხრა, რომ წინა მინისტრის დროს მომუშავე თანამშრომლების 98% შეინარჩუნა. გარდა ამისა, სააკაშვილის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ელიტა განზე გადგა, უპასუხისმგებლო და სულ უფრო შეურაცხმყოფელი გახდა. ქართველი მზად იყვნენ ცვლილებებისთვის", - წერს სტატიის ავტორი.

როგორც თომას დე ვაალი აღნიშნავს, ახალ მთავრობას ჯერაც არ მოუკიდია ხელი ბევრი საკითხისთვის და ეკონომიკა ცუდად ვითარდება. თუმცა, ძალაუფლების ცვლილება ქვეყანას მისცემს საშუალებას, ბევრი გადაუჭრელი პრობლემა მოგვარდეს - ისეთი, როგორიც სასამართლო სისტემა, ფარული მონოპოლია და სოფლის მეურნეობის საკითხია. საქართველოს ისეთივე სტრუქტურული დეფიციტი აქვს, როგორც მის პოსტსაბჭოთა მეზობლებს - კონტროლისა და ბალანსის ქრონიკული ნაკლებობა. ამ საკითხში ივანიშვილს ცუდი სასტარტო პოზიციები ჰქონდა. მაგრამ, თუ მისი მთავრობა თავს აარიდებს ზოგიერთ ძირითად პრობლემას, საქართველოს ჯერ კიდევ შეუძლია, იყოს წარმატებული.

თომას დე ვაალი აღნიშნავს - ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით კარგი იქნება, თუ ივანიშვილი საერთოდ არაფერს გააკეთებს. ასე მაგალითად, ძალიან კარგი იქნება, თუ მისი მთავრობა არ ჩაერევა საქართველოს სატელევიზიო არხების მუშაობაში, რომლებიც არჩევნების შემდეგ უფრო მრავალფეროვან ამბებს გვთავაზობენ. თუ ივანიშვილი თავისივე გეგმით იმოქმედებს - გადაახალისოს ადგილობრივი თვითმმართველობა, შექმნას 300 მუნიციპალიტეტი და დაამყაროს რეგიონული დემოკრატია საქართველოში, რითაც მძიმე დარტყმას მიაყენებს თბილისის პატრიარქალურ ხელისუფლებას.

საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის უდიდესი ტესტი ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, - აღნიშნავს თომას დე ვაალი. - ახალი პრეზიდენტი კვლავაც სახელმწიფოს თავკაცი იქნება, თუმცა შემცირებული ძალაუფლებით. მიუხედავად ამისა, ის პრემიერ-მინისტრის საპირწონე იქნება. ივანიშვილის შეურჩეული კანდიდატი - ძლიერი, დამოუკიდებელი პიროვნება თუ ნაკლებ შესამჩნევი ფიგურა - კიდევ ერთი ინდიკატორი იქნება საქართველოს დემოკრატიისა. ივანიშვილმა უკვე გამოუცხადა საყვედური ადრეულ ფავორიტს (განსაკუთრებით დასავლეთისას), თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას, რომელიც ვიცე-პრემიერის პოსტიდან გადააყენა მას შემდეგ, რაც ალასანიამ გადაჭარბებული დამოუკიდებლობის ნიშნები გამოამჟღავნა. ივანიშვილის ზოგიერთი მხარდამჭერი იმის ინიციატივითაც გამოდის, რომ პრეზიდენტი არა ხალხმა, არამედ პარლამენტმა აირჩიოს, რაც უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.

"რა თქმა უნდა, ქართული პოლიტიკა ქაოტური და დრამატულია, თუმცა კიდევ უფრო უარესია მისი ალტერნატივა. უმჯობესია, მწვავე დებატები პარლამენტში ან ტელევიზიით ვიხილოთ, ვიდრე ქუჩებში. როგორც ჩანს, ქვეყანა ისწრაფვის ნასიმ ტალების თეორიის "ანტი-სიმყიფის" მიღწევისკენ ("შავი გედი" - ნასიმ ტალები). რამდენადაც მეზობელი ლიდერები ფეხქვეშ უფრო მყარი ნიადაგისკენ იცქირებიან, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველოს ბევრი გამოწვევა ჯერ კიდევ წინ აქვს", - ნათქვამია Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ თომას დე ვაალის სტატიაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა