გაზეთ "ყველა სიახლის" წინა ნომერში (N9. 27 თებერვალი - 5 მარტი, 2013 წ.) გამოქვეყნდა კონტროლის პალატის ადგილობრივი ბიუჯეტის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილის, ნოდარ ლიპარტელიანის ინტერვიუ სათაურით - "მზად ვარ, პროკურატურას ლევან ჭოლაძისა და ლევან ბეჟაშვილის კრიმინალური საქმიანობის შესახებ ყველა დოკუმენტი წარვუდგინო". მასალის გამოქვეყნებისთანავე უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ნოდარ ლიპარტელიანმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მათ ჟურნალისტებს წარუდგინეს "სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის" საქმიანობის დოკუმენტები და განაცხადეს, რომ ზემოაღნიშნული ფონდი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მეუღლის, მაკა მეტრეველის სახელს უკავშირდებოდა. ქალბატონმა მაკა მეტრეველმა კი სოციალურ ქსელში ასეთი რამ დაწერა: "გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სასჯელაღსრულების სფეროში ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი ვარ და 3 წელიწადში 4 მილიონი ლარი მაქვს სახელმწიფოსგან მიღებული. რა უნდა ვთქვა ასეთ უსინდისო ტყუილზე? ამ ადამიანებს არ ეყოთ არც იმის სინდისი, არც ზნეობა და არც პროფესიონალიზმი, გადაემოწმებინათ, რომელი მაკა მეტრეველი მუშაობს იმ ორგანიზაციაში და ჩემთვის არ დაებრალებინათ ასეთი რამ. მესმის, რომ დღეს მედროვეებისა და ნაძირალების სერიოზული კონკურენციაა, ვინ მეტად გასვრის ტალახში წინა ხელისუფლებას და მათ ოჯახებს, მაგრამ ასეთ ტყუილს მაინც არ ველოდი. უბრალოდ, მინდა ვუთხრა ამ ადამიანებს, - მე ვამაყობ, რომ მაკა მეტრეველი და დათო ბაქრაძის მეუღლე ვარ. რამდენი ტყუილი და სიბინძურეც უნდა მოიგონოთ და გაავრცელოთ, ამით ჩემს ოჯახს არაფერი დააკლდება. თქვენ კი, თუ ბოლომდე არ დაგიკარგავთ მამაკაცური ღირსება და თავმოყვარეობა, ასეთ დროს ბოდიში მაინც უნდა მოიხადოთ. ეს ბოდიში მე არ მჭირდება, მაგრამ ამით იქნებ ოდნავ მაინც დაეხმაროთ თქვენივე ღირსების გადარჩენას".
ამის შემდეგ კონტროლის პალატის ადგილობრივი ბიუჯეტის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ნოდარ ლიპარტელიანი კვლავ დაგვიკავშირდა და 2011 წლის იანვარ-დეკემბრის პერიოდში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მუშაობის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა-ანგარიში და სხვა დოკუმენტები წარმოადგინა...
ნოდარ ლიპარტელიანი: - ქალბატონმა მაკა მეტრეველმა ინტერნეტში გაავრცელა თავისი მოსაზრება, თითქოს მას ცილი დავწამეთ და მოგვიწოდებს, თუ ღირსება შეგრჩენიათ, ბოდიში უნდა მოიხადოთო... ვის ღირსებაზე ლაპარაკობს ქალბატონი მაკა მეტრეველი, როცა მისი ქმარი, დავით ბაქრაძე, 9 წელია ჩართულია ქვეყნის დაკნინებისა და ნგრევის პროცესში მიხეილ სააკაშვილთან ერთად და დღესაც ცდილობს საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრას?! ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალე, წარმომედგინა ყველა ის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მაკა მეტრეველისა და სხვა პირთა მიერ სახელმწიფო სახსრების უკანონოდ ხარჯვა. მას მხოლოდ დოკუმენტებისა და კანონის ენით დაველაპარაკები, ამის შემდეგ კი ქალბატონმა მაკა მეტრეველმა მეც და საზოგადოებასაც ბოდიში თვითონ მოგვიხადოს.
როგორც "ყველა სიახლის" წინა ნომერში აღვნიშნე, 2009 წლის 11 მაისის საქართველოს პრეზიდენტის N233 ბრძანებულების საფუძველზე, "სამოქალაქო ინსტიტუციონალური განვითარების ფონდის" დამფუძნებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. წარმატებული მუშაობისთვის სამინისტროს ჩაერიცხა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა - მილიონი ლარი. 2009 წლის 15 ივნისს კი სასჯელაღსრულების სამინისტრომ "სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდს" მილიონი ლარი ჩაურიცხა. 2010 წელს საქართველოს მთავრობამ კვლავ გამოსცა განკარგულება (N328) სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის თაობაზე. ფინანსთა სამინისტროს დაევალა, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სამინისტროსთვის გამოეყო 1 მილიონი ლარი არასამეწარმეო იურიდიული პირის, "სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდისთვის" გადასაცემად. დოკუმენტს ხელს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური აწერს. ხელთ მაქვს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, "სამოქალაქო ინსტიტუციონალური განვითარების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი ლალი ყიფშიძე 2010 წლის 1-ელ მარტს მიმართავს სასჯელაღსრულების მინისტრის პირველ მოადგილე პაატა სულაბერიძეს: "გვთხოვთ, 2010 წელს ფონდის წარმატებული ადმინისტრირებისა და კონკურსების ორგანიზებისთვის გადმოგვირიცხოთ თანხა 1 მილიონი ლარის ოდენობით". ასეთივე თხოვნით მიმართავს პაატა სულაბერიძეს ყიფშიძე 2010 წლის 31 მარტს: "გთხოვთ, სრულად გადმოგვირიცხოთ 1.000.000 ლარი საგრანტო კონკურსის საორგანიზაციოდ". აღნიშნულ დოკუმენტში საბანკო რეკვიზიტებიც მითითებულია.
- რომელ დოკუმენტში ჩანს ამ ფონდთან დავით ბაქრაძის მეუღლის, მაკა მეტრეველის კავშირი?
- კონტროლის პალატის შემოწმების აქტში წერია: "მთავრობის განკარგულებით ყოველწლიურად ადგილი ჰქონდა (2010-2011 წლებში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდულ საკითხთა სამინისტროსთვის და 2011-2012 წლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის) 1 მილიონი ლარის გამოყოფას არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის "სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდისთვის" გადასაცემად"... სამინისტრო ასრულებდა თანხების გამტარის როლს ზემოაღნიშნული ფონდისთვის. სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: ჩიორა თაქთაქიშვილი, მაგდა ანიკაშვილი, ნათია ანასტასიადი, მაკა ბეჟანიშვილი, თეონა ჭკადუა, ირაკლი ყიფშიძე. ამ ფონდიდან კი თანხა გადაერიცხებოდა საქველმოქმედო ფონდს "ხელოვანები თანადგომისთვის", რომლის დირექტორიც არის ციცინო იაშვილი. საჯარო რეესტრის ამონაწერში "მოდის ასოციაციის" ხელმძღვანელ პირთა შესახებ წერია, რომ გამგეობის წევრები არიან ზემოხსენებული ციცინო იაშვილი და მაკა მეტრეველი. აი, აქ იკვეთება კავშირი მაკა მეტრეველსა და ფონდ "ხელოვანები თანადგომისათვის" შორის. ანუ, ციცინო იაშვილი, რომელიც არის დირექტორი ფონდისა "ხელოვანები თანადგომისათვის", ამასთანავე, "მოდის ასოციაციაში" მაკა მეტრეველის ბიზნესპარტნიორია. "მოდის ასოციაციას" კი 2011 წლის 31 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით რუსთაველის თეატრში საერთაშორისო მოდის კვირეულის ჩასატარებლად, პრეზიდენტის განკარგულებით, სარეზერვო ფონდიდან 125 ათასი ლარი ჩაერიცხა. 2011 წლის 13-16 ოქტომბერს შპს "ფეშენ გრუპს" (მოდის კვირეული) - 40 ათასი ლარი და 2011 წლის 30 მარტს - 30 ათასი ლარი. ამ თანხების ჩარიცხვა კანონდარღვევით ხდებოდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ აღმოჩენილ ამ კანონდარღვევებზე რას იტყვის მაკა მეტრეველი? პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლეს კანონის წინაშე მეტი პატივისცემა მოეთხოვებოდა, ის კი სახელმწიფოს კუთვნილ თანხებს პირადი მიზნებისთვის ხარჯავდა, რაშიც პრეზიდენტი სააკაშვილი უწყობდა ხელს. ხელთ მაქვს დოკუმენტი, სადაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე პაატა სულაბერიძე "სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის" აღმასრულებელს სთხოვს: "წარმოადგინეთ 2010 წლის 8 აპრილს Nფ/01-1 ხელშეკრულების თანახმად "სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის" ანგარიშზე გადარიცხული 1 მილიონი ლარის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები". თუმცა ასეთი დოკუმენტი დღემდე არავის წარუდგენია. არც კონტროლის პალატის შემოწმების მასალები გადასცემია პროკურატურას. რა გასაკვირია ქალბატონი მაკა მეტრეველის ასეთი დამოკიდებულება კანონის მიმართ, როცა თვითონ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი ხელს აფარებდა დანაშაულს, ასე იქცეოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილიც. ქალბატონმა მაკა მეტრეველმა, ნაციონალების მსგავსად, გაღმა შედავების ხერხს მიმართა და ბოდიშის მოხდას მოითხოვს. კი ბატონო, ასეც მოვიქცევი: ბოდიში, ქალბატონო მაკა, მაგრამ თქვენ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებს პირადი მიზნებისთვის ხარჯავდით! ამას ადასტურებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშები.
- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი რაღა შუაშია?
- ხელთ მაქვს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ფინანსური აუდიტის შესახებ (01/04/2006-31/12/2009), სადაც უამრავი ფინანსური დარღვევაა აღნუსხული. ლევან ბეჟაშვილმა ამ აქტს გრიფი "საიდუმლო" დაადო და რეაგირებისთვის გენერალურ პროკურატურას არ გაუგზავნა. ამით ბეჟაშვილმა ხელი დააფარა კოტე კუბლაშვილს დაქვემდებარებულ დეპარტამენტში აღმოჩენილ კანონდარღვევებს. კონკრეტულად კი, 2010 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტში სასაწყობე მომარაგების ინვენტარიზაციისას გამოვლინდა 2,3 მილიონი ლარის დანაკლისი. აუდიტმა გამოავლინა ფაქტები, როგორ ხარჯავდა თანხებს სასამართლოების დეპარტამენტი სასამართლოების მშენებლობასა და რემონტზე. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევების შესახებ მასალები რეაგირებისთვის პროკურატურისთვის გადაეგზავნა, ლევან ბეჟაშვილმა აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელი გია ტუხაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა, კოტე კუბლაშვილის უწყებაში დარღვევები რომ ვეღარ გამოევლინათ. აუდიტის ამ აქტს მხოლოდ 2 წლის შემდეგ, 2012 წლის ბოლოს მოეწერა ხელი, თუმცა ახლაც კი კონტროლის პალატის "საიდუმლო საცავში" ინახება. შემოწმების შედეგად აუდიტმა ქვეყნის გარეთ მივლინებებში უმიზნოდ გახარჯული 125 428 და 11 664 ლარიც აღმოაჩინა. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის აუდიტის ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იყო სულგანათლებული სოსო ჩიქობავა, რომელმაც იცოდა ზემოხსენებული დარღვევების შესახებ, ჰქონდა უამრავი ინფორმაცია კოტე კუბლაშვილისა და ლევან ბეჟაშვილის კრიმინალური საქმიანობის შესახებ. ის შარშან, ნოემბერში, საეჭვო ვითარებაში მოკლეს.
დასასრულ - თუ ახალ ხელისუფლებას სურს სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში, პირველ რიგში, საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამხარჯველების, ლევან ბეჟაშვილისა და კოტე კუბლაშვილის საქმეები უნდა გამოიძიოს. ისეთი მტკიცებულებები მაქვს, კოტე კუბლაშვილის იპიჩმენტი გარდაუვალი იქნება. ამ დოკუმენტებს კი გენერალურ პროკურატურას გადავცემ.
დარეჯან ლიპარტელიანი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)