წლევანდელი "ოსკარის" გადაცემის ცერემონია ბევრი რამით იყო გამორჩეული, თუმცა ყველამ ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ წელს მას შესანიშნავი წყვილი უძღვებოდა ენ ჰეთევეისა და ჯეიმს ფრანკოს სახით. ენ ჰეთევეიზე არაერთხელ დაგვიწერია და მაყურებელი მას კარგად იცნობს, ჯეიმს ფრანკო კი შედარებით უცნობია ფართო საზოგადოებისთვის.
ჯეიმს ფრანკომ წელს მართლაც გაიბრწყინა. ცერემონიამდე ცოტა ხნით ადრე ენ ჰეთევეიმ აღიარა, რომ მხოლოდ ჯეიმსის გამო დათანხმდა შოუს წაყვანას, რადგან მისი დიდი იმედი ჰქონდა. მოლოდინმა მართლაც გაამართლა, მათ ერთად კარგი შოუ შექმნეს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ქალის სამოსში გამოწყობილი ფრანკო, რომელიც ჩარლი შინს ეკეკლუცებოდა.
ჯეიმს ფრანკო მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია - მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, მხატვარი. 1978 წელს არის დაბადებული კალიფორნიაში, მწერლისა და რედაქტორის ოჯახში. მამამისს პორტუგალიური და შვედური ფესვები აქვს, დედა კი რუსი ებრაელების შთამომავალია.
სკოლის დამთავრების შემდეგ კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩააბარა ინგლისური ენის სპეციალობით, თუმცა სამსახიობო კარიერის გამო სწავლა მალე მიატოვა.
კარიერა 1990-იან წლებში დაიწყო, სერიალით "სულელები" და რამდენიმე ახალგაზრდულ ფილმშიც მიიღო მონაწილეობა. 2001 წელს ერთ-ერთი მთავარი როლიც ჰქონდა მარკ რეიდელის ბიოგრაფიულ სატელევიზიო ფილმში, რისთვისაც "ოქროს გლობუსიც" დაიმსახურა.
2000 წელს ცნობილი გახდა გარი ოსბორნის როლით "ადამიანი ობობას" ტრილოგიიდან. მერე იყო "დიდი რეიდი", "ტრისტანი და იზოლდა"... 2008 წელს შონ პენთან ერთად ითამაშა ბიოგრაფიულ სურათში "ჰარვი მილკი", რისთვისაც, როგორც მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შემსრულებელს, მიენიჭა ჯილდო "დამოუკიდებელი სული".
პირადი ცხოვრება
2008 წელს ფრანკომ მაინც დაასრულა განათლება და ინგლისური ენის სპეციალობაში ბაკალავრის ხარისხიც მიიღო. შემდეგ მაგისტრატურაშიც ისწავლა კოლუმბიის უნივერსიტეტში და დღესაც სწავლობს - ნიუ-იორკის ხელოვნების სკოლაში ფილმის წარმოებას შეისწავლის.
გარდა ამისა, ფერწერით არის გატაცებული.
2008 წელს Gucci-ს ახალი პარფიუმერიული ხაზის სახე გახდა. სწორედ ამ დროს გააცხადა ერთი ფაქტი პირადი ცხოვრებიდან: თურმე უფროს კლასებში წვრილმანი ქურდობისთვის დააპატიმრეს - მეგობრებთან ერთად მაღაზიაში ოდეკოლონს იპარავდა და სკოლაში ყიდდა. სწორედ ბედის ირონიით გახდა უკვე ზრდასრული ოდეკოლონის სახე...
რაც შეეხება სასიყვარულო ურთიერთობებს - 2006 წლიდან ხვდება მსახიობ ჰანა ორეილის, თუმცა მათი კავშირი ჯერ არაოფიციალურია და როგორც ფრანკო ამბობს, წყვილი დაქორწინებას არც ჩქარობს.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)